2006 წლის 7 ოქტომბერს ანა პოლიტკოვსკაია შინ, მოსკოვში, ლესნაიას ქუჩაზე მდებარე სახლის სადარბაზოში მკვლელი დახვდა, ლიფტში შესულ ანას ოთხჯერ ესროლა მკერდის არეში და შემდეგ საკონტროლო გასროლა დაახალა თავში.
15 წლის განმავლობაში მისი მკვლელობის საქმე არ გახსნილა. ამ დანაშაულთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს, თუმცა დამკვეთის ვინაობა დღემდე უცნობია. 2021 წლის 7 ოქტომბერს კი ამ საქმეს ხანდაზმულობის ვადა ამოეწურა - რუსეთის კანონების თანახმად, პირი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, თუკი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან 15 წელია გასული.
ანა პოლიტკოვსკაია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ჟურნალისტი იყო, რომელსაც საერთაშორისო აღიარება მოუტანა „ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულმა სტატიებმა ჩეჩნეთის ომის შესახებ. გაზეთის რედაქციამ, ამ თარიღის აღსანიშნავად მოამზადა დოკუმენტური ფილმი „როგორ მოკლეს ანა“, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი მკვლელობისა და გამოძიების ბევრი აქამდე უცნობი დეტალი.
მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა, იური ჩაიკამ გამოაცხადა, რომ პირად კონტროლზე აიყვანდა ამ საქმეს. გამომძიებლები იხილავდნენ განზრახ მკვლელობის ვერსიას, რომელიც "კავშირში იყო მის მიერ საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან".
მას შემდეგ, პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს. 2009 წელს ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა მათგანი გაამართლა, თუმცა, შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გააუქმა და საქმე გამოძიებას დაუბრუნა. პროცესი გაჭიანურდა. შემდეგ, 2014 წელს, მოსკოვის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ჩეჩნეთის მცხოვრებ რუსტამ მახმუდოვს, რომელიც დამნაშავედ სცნეს პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შესრულებაში. სამუდამო პატიმრობა მიესაჯა კრიმინალურ ავტორიტეტ ლომალი გაიტუკაევსაც - მკვლელობის ორგანიზებისთვის. სამ წელიწადში გაიტუკაევი კოლონიაში გარდაიცვალა.
რუსტამ მახმუდოვის ძმებს, იბრაგიმ და ჯაბრაილ მახმუდოვებს - რომლებიც პოლიტკოვსკაიას უთვალთვალებდნენ - 12 და 14 წლით პატიმრობა მიესაჯათ. დანაშაულში თანამონაწილედ სცნეს ყოფილი პოლიციელი, სერგეი ხაჯიკურბანოვიც და მას 20 წლით პატიმრობა შეეფარდა. 11 წლიანი ციხე მიუსაჯეს მოსკოვის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, დმიტრი პავლიუჩენკოვს, რომელმაც აღიარა ჟურნალისტზე თვალთვალის ორგანიზება.
თუმცა, მთავარი შეკითხვა პასუხგაუცემელი დარჩა. გამოძიებას არ აუხსნია, თუ რა მოტივი ამოძრავებდათ დაკავებულებს - ვინ დაუკვეთა ჟურნალისტის მკვლელობა. ადვოკატი მურად მუსაევი კი არაერთხელ აღნიშნავდა, რომ ქუჩაში დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა პოლიტკოვსკაიას სავარაუდო მკვლელი - რომელიც სულ არ ჰგავდა სასამართლოს მიერ მკვლელად დასახელებულ რუსტამ მახმუდოვს.
„ნოვაია გაზეტაში“ დარწმუნებულები არიან, რომ მკვლელობასთან კავშირი აქვს ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს. პოლიტკოვსკაიამ ხომ არაერთი რეპორტაჟი მიუძღვნა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევებს და სიკვდილამდე ორი დღით ადრე მიცემულ ინტერვიუშიც კადიროვის განსასჯელთა სკამზე ნახვას ნატრობდა.
ასევე ნახეთ ანა პოლიტკოვსკაიას უკანასკნელი ინტერვიუთუმცა, გაიჟღერა სხვა ვერსიებმაც. ბრალდებულთა დაცვის მხარემ არაერთხელ ახსენა გავლენიანი ჩეჩენი ძმების, იამადაევების სახელი. მათი ვერსიით, პოლიტკოვსკაია შეიძლებოდა მათ ბიზნეს-ინტერესებს შეხებოდა და კლანს ამისთვის შური ეძია.
საგამოძიებო კომიტეტის ყოფილი წარმომადგენელი, ვლადიმირ მარკინი კი ირწმუნებოდა, რომ დამკვეთი, შესაძლოა ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი ყოფილიყო. თუმცა, პოლიტკოვსკაიას ოჯახს და კოლეგებს ეს ვერსია აბსურდულად მიაჩნიათ.
პოლიტკოვსკაია ვითარების გაუარესებას წინასწარმეტყველებდა
„ჩვენ უკან, საბჭოთა უფსკრულში მივექანებით. საინფორმაციო ვაკუუმში, რომელიც, ჩვენივე უგუნურობის გამო, სიკვდილს გვიქადის“ - ანა პოლიტკოვსკაიამ ეს სიტყვები 2004 წელს დაწერა წიგნში „პუტინის რუსეთი“. „მხოლოდ ინტერნეტი დაგვრჩა, სადაც ინფორმაცია ჯერაც თავისუფლად ვრცელდება. ყველა სხვა შემთხვევაში, თუ ჟურნალისტად გინდა რომ იმუშავო, ტოტალურად უნდა დაემორჩილო პუტინს. თუ არა და გელის სიკვდილი, ტყვია, საწამლავი ან სასამართლო - რასაც ჩენი სპეცსამსახურები, პუტინის ქოფაკები ჩათვლიან საჭიროდ“.
პოლიტკოვსკაიას კოლეგები მიიჩნევენ, რომ მისი ეს პესიმისტური წინასწარმეტყველება სრულად ახდა. ჟურნალისტმა პაველ ბორისოვმა ახსნა, თუ როგორ შეიცვალა მედია რუსეთში პოლიტკოვსკაიას სიკვდილის შემდეგ:
მისი თქმით, 2008 წელს პატიოსან ჟურნალისტს შეეძლო სამსახურის მოძებნა კერძო მედია-კომპანიაში, რომელსაც ეთიკა და სტანდარტები ექნებოდა. 2011 წელს, ასეთი კომპანიების რიცხვი ძალიან შემცირდა და უფრო რთული გახდა ისეთი მფლობელის ნახვა, რომელიც ხელისუფლებასთან შეკრული არ იქნებოდა. 2014 წელს ეს უკვე შეუძლებელი იყო - ჟურნალისტს დაჭირდებოდა ისეთი ორგანიზაციის მოძებნა, რომელიც საზღვარგარეთ იქნებოდა რეგისტრირებული და მფლობელი დაცული იქნებოდა ზეწოლისგან. 2018 წლისთვის დარჩა მხოლოდ უცხოური მედია-საშუალებები - ვთქვათ, BBC ან რადიო თავისუფლება. 2020 წლისთვის პატიოსანი ჟურნალისტობის მსურველს თავად უნდა შეექმნა ბლოგი ან „იუტუბის“ არხი ან რამე მსგავსი. 2021 წელს კი აღარაფრის იმედი აღარ დარჩა - წერს ბორისოვი.
თუმცა, ზოგი მაინც აგრძელებს ბრძოლას. „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტმა ნადეჟდა ისაიევამ დაწერა: „დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა მართლაც აკრძალულ პროფესიად იქცა. როდესაც სტატიას დაწერ, ყოველთვის ფიქრობ - მოვლენ თუ არა ოფისის გასაჩხრეკად ან დასაპატიმრებლადო“.
თუმცა, ის აგრძელებს, მერე თავი ხელში აგყავს და მუშაობას აგრძელებ, რადგან ვინმემ ამ ქვეყანაში უნდა გაბედოს და სიმართლე თქვასო.
„ვზივარ ოფისში, სადაც ანა პოლიტკოვსკაია მუშაობდა. ყოველ ჯერზე, როდესაც მის ფოტოს ვუყურებ, ვიაზრებ, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომლისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ თუ ამას არ ვიზამთ, სხვა ვინ გააკეთებს?“