პოლიცია ლგბტ აქტივისტისა და "თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელის გიორგი თაბაგარის 15 დღით დაპატიმრებას ითხოვს. საქმე ეხება 5 ივლისის იმ ეპიზოდს, როცა თბილისის ქუჩებში ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობდნენ, მას კი პოლიცია დაუკავშირდა და დარბეულ ოფისში მისვლა სთხოვა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მოსამართლის კითხვაზე, რა პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვდა პოლიცია თაბაგარის წინააღმდეგ, გამომძიებელმა უპასუხა, რომ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა სურდა.
"მაინც შეგახსენებთ, რომ ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც 5 ივლისის არც ერთი ორგანიზატორის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. არც კი დავუბარებივარ გამოკითხვაზე ვინმეს", - დაწერა გიორგი თაბაგარმა "ფეისბუკზე".
ასევე ნახეთ გიორგი თაბაგარის ინფორმაციით, პოლიციამ 5 ივლისის ეპიზოდზე მის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყოთაბაგარი საქმის წარმოების დაწყების დროს ასე იხსენებდა 5 ივლისს მასსა და პოლიციელს შორის საუბარს:
"ალბათ იკითხავთ, რა მოხდა 5 ივლისსო?.. 2-3 საათია ალბათ 5 ივლისს და მეოთხე ადგილიდან ევაკუაციის პროცესში ვართ, ოფისები უკვე დარბეულია და ტერორისტები ქუჩებში ბოგინებენ, დაგვსდევენ პირდაპირი მნიშვნელობით და პოლიცია არ მინახავს თვალით არსად. ასეთ დროს, მანქანით მივდივართ მორიგ ლოკაციაზე და მირეკავს ეს პოლიციელი, მშვიდად მეუბნება, რომ ოფისის დარბევის ფაქტზე გირეკავთ და იქნებ კარი გაგვიღოთ, რომ ზარალი აღვწეროთ და გამოძიება დაიწყოსო.
იმდენად არაადეკვატური იყო ეს ზარი მთელი თავისი არსით, რომ ამ ტიპს ვაგინე. პოლიცია, რომელიც არსად არ იყო იმ დღეს, სადაც სიცოცხლის მოსპობის რეალური რისკები იდგა, 5 ივლისს 3 საათზე მირეკავდა, ოფისის კარი გამიღე რომ დავათვალიეროთო...
არც ერთ სიტყვას არ ვნანობ! ველოდები ამ საინტერესო და აბსურდული საქმის განვითარებას".
5 ივლისს თბილისში ღირსების მარში უნდა გამართულიყო, თუმცა ამ დღეს დილიდან შეიკრიბნენ ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები და დაიწყეს ჟურნალისტებზე ძალადობა, დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი. ამ დღეს 53 ჟურნალისტი დაშავდა, თუმცა დღემდე დაკავებულია მხოლოდ 30 პირი, მათ შორის არ არიან ორგანიზატორები.
იმის მიუხედავად, რომ ამ 30 პირის შემთხვევაში განაჩენი ჯერ არ დამდგარა და გამოძიება ისევ გრძელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 3 სექტემბერს განაცხადა, რომ ყველა მოძალადე დაკავებული და დასჯილია.