დღეს დილით, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია მონტენეგროს პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მონტენეგროს პრეზიდენტი თბილისს, ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში პირველად სტუმრობს.
საქართველოსა და მონტენეგროს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 2007 წლის 29 ოქტომბერს.
ორბელიანების სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართება პრეზდენტების, სალომე ზურაბიშვილის და მილო ჯუკანოვიჩის შეხვედრა და ერთობლივი ბრიფინგი. მილო ჯუკანოვიჩი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც.
მონტენეგროს პრეზიდენტი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.
მონტენეგრომ, რომელიც ჯერ იუგოსლავიის შემადგენლობაში, შემდეგ კი სერბეთთან ერთად შექმნილ სახელმწიფო კავშირში იყო, დამოუკიდებლობა 2006 წელს გამოაცხადა. დამოუკიდებელ მონტენეგროში მილო ჯუკანოვჩი 2008 წლიდან, ორჯერ იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, 2018 წლის მაისიდან კი, ქვეყნის პრეზიდენტია. მონტენეგრო ნატოს წევრია 2017 წლიდან და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ემზადება.
ასევე ნახეთ ევროკავშირის ლიდერები სამიტზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს დაარწმუნებენ მათი გაწევრიანებისადმი ერთგულებაშინატოში გაწევრიანებამდე ერთი წლით ადრე, 2016 წელს, მონტენეგროს პროკურატურამ განაცხადა, რომ ქვეყანაში მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება და პრემიერ ჯუკანოვიჩზე თავდასხმა. დასავლური მედია წერდა, რომ შეთქმულების მიზანი იყო მონტენეგროს პროდასავლური მთავრობის დამხობა. 2017 წელს, მონტენეგროს სპეციალურმა პროკურორმა გამოაცხადა, რომ გამოძიებას აქვს მტკიცებულებები გადატრიალების და მილო ჯუკანოვიჩის მკვლელობის მცდელობასთან რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების კავშირის შესახებ.