ნატო „მტრული საქმიანობისთვის“ რუსეთის მისიის 8 თანამშრომელს გააძევებს ბრიუსელიდან

ნატოს ხელმძღვანელობა ბრიუსელში ალიანსის შტაბ-ბინიდან რუსეთის მისიის 8 თანაშრომელს გააძევებს მათ მიერ ალიანსის სხვადასხვა ქვეყანაში ჩადენილი „მტრული საქმიანობის“ გამო. ალიანსის ეს გადაწყვეტილება რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ნატოს შტაბ-ბინაში მომუშავე ანონიმურმა ოფიციალურმა წყარომ

„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ აკრედიტაცია გავუუქმეთ ნატოში რუსეთის მისიის 8 წევრს, რომლებიც რუსეთის დაზვერვის გამოუცხადებელი თანამშრომლები იყვნენ. შეგვიძლია ისიც დავადასტუროთ, რომ ათამდე შევამცირეთ იმ თანამდებობების რაოდენობა ნატოში, რომლებზეც რუსეთის ფედერაციას შეუძლია თანამშრომელთა აკრედიტება. ნატოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ თანამდევრული რჩება. რუსეთის აგრესიული მოქმედების პაუხად ჩვენ გავაძლიერეთ შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკა, მაგრამ ამავე დროს გახსნილი ვართ რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის“, - უთხრა წყარომ რადიო თავისუფლებას.

ნატოს გადაწყვეტილებას კრემლის მხრიდან მეყსეული რეაქცია არ მოჰყოლია. მაგრამ რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ სლუცკიმ, სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ ნატოს გადაწყვეტილებას აუცილებლად მოჰყვება მოსკოვის სათანადო პასუხი.

„რუსეთი უთუოდ განახორციელებს საპასუხო დარტმას, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ის იყოს ისმეტრიული“, - განაცხადა სლუცკიმ.