სლოვენიაში მიმდინარე სამიტზე, 6 ოქტომბერს, ევროკავშირის ლიდერები დაადასტურებენ, რომ ემხრობიან ბლოკში დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის გაწევრიანებას, მაგრამ არ დაასახელებენ ზუსტ ვადას.
ევროპის კომისიამ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ ექვსი ქვეყნის ბედი ბლოკის წევრთა ხელშია.
მაგრამ გაფართოება დაამუხრუჭა უთანხმოებამ ევროკავშირის ქვეყნებს შორის ახალი წევრების მიღების თაობაზე და ექვს პრეტენდენტ ქვეყანაში რეფორმების ნელმა ტემპმა.
ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დენ ლაიენმა, სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო და სერბეთი ევროპის კავშირში შევლენ. „ჩვენ გვსურს, რომ ისინი ევროპის კავშირში იყვნენ. ჩვენ ერთი ევროპული ოჯახი ვართ, - თქვა მან, - ერთი ისტორია გვაქვს, საერთო ფასეულობები, და ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ბედსაც გავიზიარებთ“.
განცხადების პროექტის თანახმად, რომელიც 6 ოქტომბერს უნდა იქნეს მიღებული, ევროკავშირის ლიდერები დაადასტურებენ თავიანთ „ერთგულებას გაფართოების პროცესისადმი“ მთლიანობაში, მაგრამ წინსვლა დამყარებული იქნება პარტნიორ ქვეყნებში „მყარი რეფორმების გატარებაზე“, სამართლიან და მკაცრ პირობებზე საკუთარი დამსახურების პრინციპის შესაბამისად.
ტექსტის პროექტში, რომელიც AP-მა იხილა, ასევე აღნიშნულია იმის მნიშვნელობა, რომ „ევროკავშირმა ხელი უნდა შეუწყოს თავის განვითარებას და უზრუნველყოს ახალი წევრების ინტეგრაცია“.
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში ინტეგრაციის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არიან. მონტენეგრო და სერბეთი ყველაზე მეტად არიან წინ, მათ დაწყებული აქვთ მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ.
ალბანეთი და ჩრდილოეთი მაკედონია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების ოფიციალურ დაწყებას ელიან, ხოლო ბოსნია და ჰერცეგოვინა და კოსოვო წევრობის პოტენციური კანდიდატები არიან.
არსებობს მცირე ილუზია იმ ბარიერებთან დაკავშირებით, რომლებიც ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში შეყვანას წინ ეღობება. ევროკავშირი მოელის მკაცრ რეფორმებს, რომლებიც კანონის უზენაესობას, კორუფციასთან ბრძოლას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებასა და მასმედიის თავისუფლებას მოიტანს ბლოკის სტანდარტების შესაბამისად.