კიშინიოვში დააკავეს მოლდოვის გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო. მას უფლებამოსილება შეუჩერეს და 72 საათით გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. სტოიანოგლოს ბრალად ედება კორუფცია და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ბოროტად გამოყენება.
თავად ალექსანდრ სტოიანოგლო, რომელიც გენერალურ პროკურორად 2019 წელს დანიშნა მოლდოვის წინა პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა, დაკავებას მიიჩნევს ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის, მაია სანდუს ანგარიშსწორებად.
ასევე ნახეთ ამაყი მოლდოველები, ქალები კორუფციასთან ბრძოლაში და პრაგმატული “შერიფი” ჩემპიონთა ლიგაშიგენერალური პროკურორის საქმიანობის შესწავლა მოითხოვა მოლდოვის პარლამენტის წევრმა პარტიიდან „მოქმედება და სოლიდარობა“ ლილიან კარპმა. მისი განცხადებით, 2012 წელს, როცა სტოიანოგლო პარლამენტის წევრი იყო და ეროვნული უშიშროების კომისიას ხელმძღვანელობდა, პარლამენტში შეიტანა კანონი, რომელმაც შესაძლებელი გახადა მოლდოვის საბანკო სისტემის გავლით 70 მილიარდი დოლარის გათეთრება. დეპუტატთა ნაწილი სტოიანოგლოს ადანაშაულებს კორუფციულ კავშირშიც მოლდოვის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ბიზნესმენ ვიაჩესლავ პლატონთან, რომელმაც 2021 წლის ზაფხულში ქვეყანა დატოვა და ამჟამად იძებნება.
თავად ალექსანდრ სტოიანოგლო აცხადებს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა, მისი დევნა კი მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მოლდოვის ახალ ხელისუფლებას უარი უთხრა ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრაზე.