„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძე რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ აღნიშნავს, რომ ცვლილებები ოპოზიციისთვის მხარდაჭერას ნიშნავს, მიუხედავად იმისა, მისაღები და მოსაწონია თუ არა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გასული ესა თუ ის კანდიდატი ან პარტია.
„თუ პრეტენზია გვაქვს ოპოზიციონერობაზე, ეს ნიშნავს ოპოზიციური პარტიისთვის მხარდაჭერას, მიუხედავად მისი რაობისა. მე ვიცი, რომ რეგიონებში, მაგალითად, ბათუმში, სამეგრელოში, ბევრ ადგილებში საქართველოში, მეორე ტურში გადასულები არიან როგორც ჩვენი კანდიდატები, ასევე სხვა პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები და ჩვენ საერთო ვართ ამ ბრძოლაში და მე ვერ ვეტყვი ჩემს ამომრჩეველს ან იმ ხალხს, ვინც ასეთ მძიმე ბრძოლაში მაინც ჩვენ დაგვიჭირა მხარი, რომ არ დაუჭიროთ მხარი ოპოზიციასო. ეს არ იქნება სწორი. სწორედ ამიტომ, ცვლილებები ნიშნავს ოპოზიციისთვის მხარდაჭერას და ყველანაირი კითხვის ნიშანი უნდა მოვხსნათ ამ საკითხზე“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ „დღის საუბრებში“.
გადაცემაში პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებმა ნათელი გახადა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც გასათვალისწინებელია მომავალი არჩევნების სტრატეგიის დაგეგმვის დროს:
„მნიშვნელოვანი, რაც დაგვანახა ამ არჩევნებმა და უნდა ვიყოთ გულახდილები და გულწრფელები, არის ის, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა შეეგუოს იმას, რომ მარტო არ შეუძლია „ქართული ოცნების“ დამარცხება და სხვა პარტიებმაც უნდა გაიაზრონ, რომ მხოლოდ თვითონ, „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობის გარეშე, ცვლილებები არ იქნება ქვეყანაში. აი, ამ რეალობიდან უნდა ამოვიდეთ მომავალში, როცა საარჩევნო სტრატეგიებს დავგეგმავთ. მე არ ვიძახი, რომ აღრევა უნდა მოხდეს პარტიების, ერთი პარტიის იდეოლოგიის ქვეშ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა, მაგრამ მიზანი უნდა იყოს ერთი, რომ საქართველოს სჭირდება ცვლილებები, არა რევოლუცია, არამედ ევოლუციური გზით განვითარება“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ თვითკრიტიკულია არჩევნებში საკუთარი შედეგების შეფასებისას და მიზეზებს საკუთარ თავში ეძებს, თუმცა აღიარებს, რომ იყო ობიექტური მიზეზებიც, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება:
„ჩვენს მომხრეებში და იმ ხალხში, ვინც ოპოზიციას უჭერდა მხარს, გაჩნდა განცდა, რომ თუ სააკაშვილი ჩამოდის და ვიმარჯვებთ, ბარემ „ნაციონალურ მოძრაობას“ დავუჭერთ მხარს, მეორე სეგმენტი ჩვენ მომხრეებისა დაფიქრდა, რომ თუ სააკაშვილი მოდის და ისევ ეგრეთ წოდებული სისხლიანი რეჟიმი უნდა დაბრუნდეს, ჯობია „ქართული ოცნება“ გავამაგროთ. ამან გამოიწვია პოლარიზება, მაგრამ მე არ ვაბრალებ ციხეში მყოფ ადამიანს არაფერს. მან გააკეთა თავისი არჩევანი, ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენს შედეგზე“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ასევე ნახეთ ხმების 100% დათვლილია: "ქართული ოცნება" - 46,7%; "ნაციონალური მოძრაობა" - 30,7%2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში ყველაზე მეტი ხმა, 46,69 %, მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" აქვს. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა" 30,7%-ით და მესამეზე - "გახარია-საქართველოსთვის", რომელსაც ხმების 7,8 % აქვს. "მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის" შედეგი მხოლოდ 1,34%-ია. პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების ასარჩევად ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თბილისისა, ბარიერი 3%-ია. თბილისში - 2.5%.
ამასთან, 5-ივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატების მონაწილეობით, რადგან პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მერის არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო 59-დან 15 თვითმმართველ თემშიც. წინასწარი მონაცემებით, 44 თემში პირველივე ტურში გაიმარჯვეს "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.
ასევე ნახეთ გადადის "ქართული ოცნება" თვითმმართველ ქალაქებში ოპოზიციაში? - გაეცანი შედეგებს