კრემლში, პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არ სურთ, ვინაიდან საქართველოში სააკაშვილთან დაკავშირებულ ყველა მოვლენას „აბსურდის თეატრად“ აფასებენ.
„ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებით ალბათ არაფერზე გავაკეთებდით კომენტარს, ვინაიდან ყველაფერი ეს აბსურდის თეატრია“, - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ასე უპასუხა მან კითხვას, რა დამოკიდებულება აქვს კრემლს სააკაშვილის განცხადებისადმი, რომ ის „პუტინის პირადი ტუსაღია“.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად რუსთავის საპატიმროში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა მისი წერილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი.
სააკაშვილის თანახმად, მთელი ცხოვრება იამაყებს იმით, რომ ჰქონდა შესაძლებლობა, მოკრძალებული წვლილი შეეტანა ზელენსკის მიერ წარმოებულ, ისტორიულ ცვლილებებსა და რეფორმებში:
„იმის გამო, რომ ფაქტობრივად, პუტინის პირადი ტუსაღი ვარ, ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენს პრინციპულ პოზიციას უკრაინის, მთელი რეგიონის და იმპერიის ყველა ტუსაღის დასაცავად", - წერს სააკაშვილი.
ასევე ნახეთ სააკაშვილი ზელენსკის: მე ფაქტობრივად პუტინის პირადი ტუსაღი ვარსაქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ შსს საგანგებოდ არ ავრცელებდა რეალურ ინფორმაციას, რათა ხელი არ შეშლოდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციას.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე.
საქართველოში სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, უფლებამოსილების ფარგლებში დაკავებულია თანამოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებით და ეს ეხება მიხეილ სააკაშვილსაც.