სააკაშვილი აცხადებს, რომ გათავისუფლებამდე არ შეწყვეტს შიმშილობას - გვარამიამ მედიას ყოფილი პრეზიდენტის წერილი გააცნო

ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც არის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, მას რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა.

როგორც გვარამიამ ჟურნალისტებს უთხრა, მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მხნედ, ძალიან კარგ ხასიათზე და დარწმუნებულია თავისი გადაწყვეტილების სისწორეში, როგორც აქ შემოსვლასთან დაკავშირებით, ასევე სრულიად მშვიდობიანად ჩაბარებაზე, ასევე, შიმშილობასთან დაკავშირებით, რომელსაც ის აგრძელებს.

ნიკა გვარამიამ საზოგადოებას გააცნო მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან. ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ შიმშილობას არ შეწყვეტს მისი და მის საქმეზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებამდე.

„მე მინდა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ ჩემი მყარი გადაწყვეტილების შესახებ. დავბრუნდი საქართველოში, რათა დავხმარებოდი ჩვენს ხალხს თავისუფლების და დემოკრატიის აღდგენის საქმეში. როგორც მოსალოდნელი იყო, რეჟიმმა დამაკავა. მე ვრჩები თავისუფალ ადამიანად, გისოსებს მიღმაც. როგორც იცით, მე გამოვაცხადე შიმშილობა, მინდა, ასევე იცოდეთ, რომ არ შევწყვეტ შიმშილობას არცერთ შემთხვევაში, სანამ მე და ჩემ გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე და ყველა შემთხვევაში. თუ ჩემი არსებობით მეც ვეღარ დავეხმარები ჩემს ხალხს, მზად ვარ, ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც. ვიცი რაზე მივდივარ. არ მსურდა გული მეტკინა ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის, თუმცა უარი განვაცხადე წინასწარვე ექიმების შემოთავაზებაზე ჩემს უგონოდ ყოფნის შემთხვევაში რაიმე ტიპის სამედიცინო ჩარევაზე. ეს მე ხელის ჩამოსაშვებლად არ მომიწერია, პირიქით, გწერთ იმიტომ, რომ გააქტიურდეთ და იბრძოლოთ. ძალიან მიყვარხართ ყველა, მიხეილ სააკაშვილი“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

როგორც ნიკა გვარამია ამბობს, ის ღელავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ მას ვერ დაუწყებს საუბარს შიმშილობის შეწყვეტაზე.

„ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ ან ჩვენ მივიღებთ თავისუფლებას და სამართლიანობას, ან ჩვენ მივიღებთ ამ დიდი ადამიანის მძიმე აღსასრულს, მისსავე აშენებულ ციხეში, სხვათა შორის“, - თქვა გვარამიამ.

ასევე ნახეთ ნინო ლომჯარიას ცნობით, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს შიმშილობას

1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეოებიც გამოაქვეყნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.