ხერხეულიძე: სააკაშვილი შედეგებით აღფრთოვანებულია და მეორე ტურებში მონაწილეობის მომხრეა

პარლამენტის წევრი და მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ ის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით კმაყოფილია და მეორე ტურში მონაწილების მიღების მომხრეა. ამის შესახებ ხერხეულიძემ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენი სასაუბრო თემა იყო გუშინდელი დღე, მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვისგანაც შეიტყო რა შედეგები დადგა. სრულიად აღფრთოვანებული დარჩა იმ შედეგებით, განსაკუთრებით, თბილისის მონაცემები იყო მისთვის შთამბეჭდავი - ესმის, რა წნეხის ქვეშ მიიღო ქართველმა ხალხმა გადაწყვეტილება. არაჩვეულებრივად იცის, გაყალბების, მოსყიდვის, შანტაჟის ფონზე, როგორი მისაღწევია ასეთი შედეგის გაფორმება, თორემ იცის, რომ გაცილებით მაღალი პროცენტია ოპოზიციის მაჩვენებელი... ცალსახად თქვა, რომ გამარჯვების ხელიდან გაგდება არის ცალსახად გაუმართლებელი, ბოლომდე უნდა იბრძოლოს ქართველმა ხალხმა და განსაკუთრებული ძალისხმევა სთხოვა ნიკა მელიას, რომ მან თავისი ეს მონაპოვარი ბოლო გამარჯვებამდე მიიყვანოს", - თქვა ეკა ხერხეულიძემ.

ცესკომ 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები თითქმის სრულად დათვალა. ამ მონაცემებით მეორე ტური ტარდება საქართველოს 5-ვე თვითმმართველ ქალაქში და 15 სხვა ქალაქში - ამ ქალაქების უმრავლესობაში მეორე ტური "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს შორის იმართება.