„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, კახა კალაძე მადლობას უხდის თბილისელებს მხარდაჭერისთვის და აცხადებს, რომ მზადაა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის.
„დღეს, არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას, რამ გამოიწვია ეს შედეგი - პოლიტიკური პროცესების დაძაბვამ, სხვადასხვა კანდიდატების მხრიდან ხმების გაყოფამ თუ სხვამ. ვიტყვი ერთს, მე პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან მიიღებენ. შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება მუშაობის პროცესშიც ყველა აქტუალურ საკითხზე შესაბამისი ყურადღება ვერ გავამახვილეთ. ამისთვის ბოდიში“.
კახა კალაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მასშტაბით დამაჯერებელი გამარჯვება და თბილისის საკრებულოში, 29 დეპუტატის მანდატი მოიპოვა:
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ დილის 7:00 საათისთვის გასაჯაროებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქში, არჩევნების პირველ ტურში ვერ იმარჯვებს მერობის ვერცერთი კანდიდატი. წინასწარი მონაცემებით, 5-დან 3 ქალაქში პირველ ადგილზე ოპოზიციის კანდიდატები არიან.
თბილისის 769 საარჩევნო უბნიდან დათვლილი 320 უბნის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ მიიღო ხმების 45.5%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნიკა მელიამ - 34.13 %.
მერობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიეღოთ.
ცესკომ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოქვეყნება საარჩევნო უბნების დახურვიდან 11 საათის შემდეგ დაიწყო.