TI 2 ოქტომბრის არჩევნების დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს

„წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღის ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებას კვლავ არ გააჩნია არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარების პოლიტიკური ნება და საარჩევნო რეფორმისას დასახული ამბიციური მიზნების მიღწევისგან ქვეყანა ჯერ კიდევ შორსაა“, - ასე აფასებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TI) 2 ოქტომბერს, საქართველოში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესს.

ორგანიზაციამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს 300-მდე დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი.

TI-ის განცხადებით, დამკვირვებლებმა ორგანიზაციას 160-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევის შესახებ შეატყობინეს, რის გამოც დაიწერა 30 საჩივარი, ხოლო მარნეულში ორგანიზაციამ ორი უბნის შედეგების გაუქმება მოითხოვა.

„ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, მათ შორის კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე, კვლავ შეინიშნება პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს. ასევე, დაფიქსირდა ერთი და იმავე პირის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემის, დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, ჟურნალისტებზე შეურაცხყოფის, უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნისა და სხვა შემთხვევები“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრაქტიკის გაუარესებაა ის ფაქტი, რომ კომისიამ არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 11 საათზე მეტი ხნის შემდეგ წარადგინა.

ერთი და იმავე პირის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემა

მარნეულის საარჩევნო ოლქის ორ და ნინოწმინდის ოლქის ერთ უბანზე TI-ის დამკვირვებლებმა ერთი და იმავე პირის მიერ ხმის რამდენიმეჯერ მიცემის რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირეს, რაც აღბეჭდეს ვიდეო/ფოტოკადრებზე.

ძალადობა

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, ალი ბადიროვის განცხადებით, მისი პარტიის ერთ-ერთი აგიტატორი „ქართული ოცნების" აგიტატორმა მუცლის არეში ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა.

ჟურნალისტების შეურაცხყოფა

დღის განმავლობაში, რამდენიმე ჟურნალისტს საარჩევნო უბნების გარეთ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რამაც ბოლო ორი არჩევნების დროს პრობლემური ტენდენციის ხასიათი მიიღო.

შედეგების შეჯამება

ორგანიზაციის თანახმად, ზუგდიდის, საბურთალოს, ნაძალადევისა და ფოთის საარჩევნო ოლქების უბნებზე, კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცესი გაიწელა. კომისიამ მხოლოდ ოქმის ასლი შეავსო, საოლქო საარჩევნო კომისიას გაუგზავნა და ორიგინალის შევსებისგან კი თავს იკავებდა. მსგავსი შემთხვევების შესახებ საუბრობდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც. „შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული, შემაჯამებელი ოქმების შევსებამდე ისინი საოლქო კომისიებისთვის ეჩვენებინათ. მსგავს პრაქტიკას არ ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსი და საუბნო კომისიების კომპეტენციაში არაგონივრულ ჩარევად შეიძლება მივიჩნიოთ“, - ნათქვამია TI-ის განცხადებაში.

დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა

როგორც კენჭისყრის, ისე არჩევნების შედეგების შეჯამების ეტაპზე, დაფიქსირდა TI-ის დამკვირვებლის საქმიანობის შეფერხების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზეწოლის ათამდე შემთხვევა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობა სამართალდარღვევებში

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში ვკითხულობთ, ორგანიზაცია „კავშირი მწვანე დედამიწის” რამდენიმე დამკვირვებელი არღვევდა კენჭისყრის ფარულობას და მათ დამკვირვებელს საქმიანობაში ხელს უშლიდა. ცესკოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ამ ორგანიზაციას ჯამში 3,213 დამკვირვებელი ჰყავს რეგისტრირებული.

„საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის“ დამკვირვებელმა ტოფიგ აკბეროვმა მარნეულის მე-13 უბანში რამდენჯერმე მისცა ხმა. ორგანიზაციას 894 დამკვირვებელი ჰყავს.

„საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის” წარმომადგენელი არღვევდა კენჭისყრის ფარულობას და, სავარაუდოდ, ზემოქმედებდა ამომრჩევლის ნებაზე. ამ ორგანიზაციას 483 დამკვირვებელი ჰყავს.

ორგანიზაცია „საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველომ” დამკვირვებლად დაარეგისტრირა „ქართული ოცნება-მრეწველების” ახალციხის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც კანონის დარღვევით იმყოფებოდა უბანზე - საკრებულოს წევრს ეკრძალება დამკვირვებლად ყოფნა. ამ ორგანიზაციას სულ 2,338 დამკვირვებელი ჰყავს დარეგისტრირებული.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

ხუთ უბანზე კენჭისყრის ფარულობის განმეორებით დარღვევებს ჰქონდა ადგილი, როდესაც კონკრეტული პირები საარჩევნო კაბინაში მიჰყვებოდნენ ამომრჩევლებს ან ჰქონდათ ამის მცდელობა.

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

დუშეთის ერთი უბნის გარეთ, ორგანიზაციის დამკვირვებელმა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი დააფიქსირა. გარდა ამისა, მედიით გავრცელდა რამდენიმე სავარაუდოდ მსგავსი შემთხვევის შემცველი ფაქტი.

ახალი საარჩევნო კაბინების ხარვეზი

თბილისის ოლქებში ახალი დიზაინის კენჭისყრის კაბინები იქნა გამოყენებული, რომელთა წინა ნაწილი ამოჭრილი იყო. ამ კაბინების გამოცდის მიზანი - აღეკვეთა ამომრჩევლის მიერ ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღების და მისი უბნიდან გატანის შემთხვევები, ლეგიტიმური იყო, თუმცა, განსაკუთრებით მცირე უბნებზე მსგავსი კაბინები დისკომფორტს უქმნიდა ამომრჩეველს კენჭისყრის ფარულობის დარღვევის რისკების გამო. „მსგავსი კაბინების გამოყენება კიდევ უფრო პრობლემური შეიძლება იყოს რეგიონებში, სადაც ამომრჩეველი მეტად დაუცველია ზეწოლისგან“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ყველა ფაქტი.

ორგანიზაცია ასევე მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიებს, კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმები რაც შეიძლება სწრაფად შეადგინონ, რათა არ გაჩნდეს ეჭვი ამ პროცესში არაგონივრული ჩარევის თაობაზე.