წინასწარი შედეგებით, თვითმმართველ ქალაქებში მერის არჩევნების პირველივე ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიგო

ცენტრალური სააარჩევნო კომისიის(ცესკო) მიერ დილის 7:00 საათისთვის გასაჯაროებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქში, არჩევნების პირველ ტურში ვერ იმარჯვებს მერობის ვერცერთი კანდიდატი. წინასწარი მონაცემებით, 5-დან 3 ქალაქში პირველ ადგილზე ოპოზიციის კანდიდატები არიან.

რუსთავში, სადაც 88 უბნიდან დათვლილია 42, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ოპოზიციის ნაწილის მიერ მხარდაჭერილ დავით კირკიტაძეს ხმების 44.53% აქვს, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს - 44.34%.

ბათუმში 105 უბნიდან 34-ის მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ოპოზიციის ნაწილის მიერ მხარდაჭერილ გიორგი კირთაძეს აქვს 42.34%, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს - 41.49%.

ფოთში 33 უბნიდან 18-ის შედეგებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ბექა ვაჭარაძეს 47.73% აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ გიგი უგულავას კი, 37.44%.

ქუთაისში 124 უბნიდან 51-ის მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ოპოზიციის ნაწილის მიერ მხარდაჭერილ ხატია დეკანოიძეს ხმა მისცა 43.75%-მა და „ქართული ოცნების“ კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს - 41.86%-მა

თბილისის 769 საარჩევნო უბნიდან დათვლილი 320 უბნის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ მიიღო ხმების 45.5%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნიკა მელიამ - 34.13 %.

მერობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიეღოთ.

ცესკომ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოქვეყნება საარჩევნო უბნების დახურვიდან 11 საათის შემდეგ დაიწყო.