„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ ბრიფინგზე ილაპარაკა დმანისის საარჩევნო ოლქში შექმნილ ვითარებაზე. როგორც კორძაია ამბობს, დმანისში, სადაც იმარჯვებს ოპოზიცია, 800-მდე ბიულეტენია გაბათულებული.
„ჩვენი მონაცემებით, დმანისში ჯამში გაბათილებულია 800-მდე ბიულეტენი. ბუნებრივი ბათილობის შემთხვევაში, როდესაც ამომრჩევლებს მოსდით მექანიკური შეცდომები, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს. დმანისში გვაქვს შემთხვევა, როდესაც ეს 6%-ს უტოლდება. ამის ფონზე, დმანისში ოპოზიციამ 10-დან 5 ოლქში გამარჯვება მოიპოვა. ხელისუფლების წარმომადგენლები ხელოვნურად რომ არ აბათილებდნენ ბიულეტენებს, ოპოზიციას უფრო მაღალი მაჩვენებელი ექნებოდა. ამ წუთის მონაცემებით, დმანისში ოპოზიციის წარმომადგენლებს პრობლემას გვიქმნიან #2, #4 და #22 უბნებში, ისევე როგორც ზუგდიდში და სხვა ქალაქებში არ ხდება დროული შეჯამება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოვუწოდებ, მისცენ მითითება საარჩევნო ადმინისტრაციას, დროზე დაამთავრონ დათვლა იმიტომ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ეს უბნები ოპოზიციას მოგებული აქვს“, - განაცხადა კორძაიამ.
დეპუტატის თქმით, ოპოზიცია იგებს ბათუმში, ქუთაისში, თელავში, რუსთავსა და დმანისში.