"კარუსელი", ფულით მოსყიდვა, ზეწოლა - ISFED, TI, GYLA სავარაუდო დარღვევების შესახებ

2 ოქტომბერი, თბილისი

საარჩევნო „კარუსელი“, „ძველი ბიჭების“ მობილიზება, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა ფულის გადაცემის გზით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, სპეციალურ სიებში ამომრჩევლების უსაფუძვლოდ დაფიქსირება, მარკირების წესის დარღვევა - ეს და სხვა სავარაუდო დარღვევები აღრიცხეს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა 15:00 საათისთვის.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED)

ISFED-ის მორიგ ანგარიშში 50-მდე სავარაუდო დარღვევაა აღრიცხული. დასკვნების თანახმად, აღინიშნებოდა ამომრჩეველთა აღრიცხვის პროცესი როგორც უბნის შიგნით, ასევე - მიმდებარე ტერიტორიებზე, რაც ამომრჩეველთა ნების კონტროლზე მიანიშნებს.

ორგანიზაციის შეფასებით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები ვლინდებოდა ბიულეტენების საარჩევნო უბანზე მყოფი პირებისთვის ღიად ჩვენებაში; უბნის მიმდებარედ „ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო“; ხოლო „ზოგიერთი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება პირთა საეჭვო შეკრება, მათ შორის, ავტომობილში“.

პრობლემები შეხვდათ ორგანიზაციის მეთვალყურეებსაც - რამდენიმე შემთხვევაში, ორგანიზაციის დამკვირვებლებს შეეზღუდათ დაკვირვების უფლება. ზუგდიდის ერთ-ერთ უბანზე ორი სხვადასხვა დამკვირვებელი გამოაძევეს უბნიდან.

ზოგიერთი მაგალითი:

  • # 67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #5 უბანთან დაფიქსირდა საარჩევნო უბნის დამკვირვებლის მიერ თანხის გადაცემა უბანზე მისული ამომრჩევლისთვის. თანხის გადაცემის შემდეგ ისინი ერთად შევიდნენ უბანზე.
  • # 83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანთან ფიქსირდება სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა. დამკვირვებლის ცნობით, ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, გადაეცა ტალონ.
  • #81 ქობულეთის #64 საარჩევნო უბანთან იმყოფება ორგანიზაცია “მწვანე დედამიწის” წარმომადგენელი, რომელიც ამომრჩევლებს, სავარაუდოდ, ტალონებს გადასცემს.
  • #2 ვაკის, #75 უბანთან (100 მეტრის მოშორებით) მობილიზებული არიან კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლებს გადასცემენ თანხას.
  • # 52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანთან შეინიშნება ორი ადამიანი სიებით, რომლებიც, სავარაუდოდ, აწარმოებენ ამომრჩეველთა აღრიცხვას.
  • # 6 სამგორის საარჩევნო ოლქის #49 უბანთან დილის 10 საათიდან შეინიშნება ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზება.
  • # 83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანთან შეკრებილია დაახლოებით 4-5 პირი, რომლებიც კომუნიკაციაში შედიან ამომრჩევლებთან.
  • #62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანთან, დაახლოებით 300 მეტრის მოშორებით, დგას ავტომობილი, რომელშიც იმყოფებიან კოორდინატორები და სავარაუდოდ, ახდენენ მოქალაქეთა აღრიცხვას და მობილიზებას.

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 45 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში - 41 საჩივარი. 1 საჩივარი წარედგინა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 32 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ (TI)

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. თუმცა ორგანიზაციამ აღრიცხა

100-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა და მათ შორის - სავარაუდო „კარუსელი”, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა, დამკვირვებლების შევიწროება თუ კოორდინატორების აქტიურობა.

ზოგიერთი მაგალითი:

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #13 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სტუდენტური პროფესიული კავშირის“ დამკვირვებელმა ტოფიგ აკბეროვმა ამ უბანზე ორჯერ მისცა ხმა, მესამე მცდელობისას კი მას კომისიის წევრებმა აღარ მისცეს ამის საშუალება. აკბეროვი საერთოდ არ არის ამ უბნის ამომრჩეველი;
  • იმავე უბანზე, აკბეროვის გარდა, ბახლელ გუსეინოვმა და კიდევ რამდენიმე პირმა ერთზე მეტჯერ მისცა ხმა.
  • #28 დუშეთის #1 უბნის მიმდებარედ ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა ერთი პირი, რომელმაც სამ ადამიანს ფული და ამომრჩევლის ბარათები გადასცა.
  • #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #33 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „მწვანე დედამიწის" დამკვირვებელი კენჭისყრის კაბინაში შეჰყვა ამომრჩეველს, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ ჰქონია;
  • #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #43 უბანზე ერთ-ერთი კომისიის წევრი ამომრჩეველს კარნახობდა, ვისთვის მიეცა ხმა.

ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, მათ შორის კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე კვლავ შეინიშნება პარტიული კოორდინატორების თავშეყრა. დამკვირვებლები რეკავდნენ საპატრულო პოლიციაში, „რის შემდეგადაც, როგორც წესი, პრობლემა გვარდებოდა“.

TI-ის ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 14 საჩივარი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საია განსაკუთრებულად აკვირდება უბნის გარე პერიმეტრზე 100-მეტრიან რადიუსზე ამომრჩევლის ნების კონტროლის სავარაუდო ფაქტებს.

საიას დამკვირვებლებს 14 შემთხვევაში მოუწიათ საპატრულო პოლიციის გამოძახება. პროცედურული დარღვევების გარდა, საიას მიერ აღრიცხული ფაქტები მოიცავს ასევე საარჩევნო ურნაში კონვერტების ჩაყრისა და დამკვირვებლების საქმიანობის შეზღუდვის შემთხვევები.

ზოგიერთი მაგალითი:

  • ქუთაისის #63 და #90 უბანზე გამოძახებული პატრული არ მოსულა.
  • ზოგ შემთხვევაში, მიუხედავად უბნის პერიმეტრზე მოქალაქეების მრავლად მობილიზებისა, პოლიცია არ რეაგირებდა.
  • მარნეულის #7 უბანზე საიას დამკვირვებელმა გამოავლინა ძირითად ყუთში კონვერტების ჩაყრის შემთხვევა (ამ ეტაპზე უცნობია - კონვერტებში იდო თუ არა ბიულეტენები). საიამ საჩივრით მოითხოვა ბიულეტენების ხელახალი დათვლა.
  • ბათუმის #44 უბანზე დამკვირვებლის თემურ ირემაძეს უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი უცნობი პირი დაემუქრა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საიამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
  • ისნის #64 უბნიდან საიას დამკვირვებელი უსაფუძვლოდ გააძევეს მას მერე, რაც ის ფოტო/ვიდეო გადაღებით ცდილობდა კაბინების არასათანადოდ განთავსების დაფიქსირებას.
  • ვაკის #4 უბანზე საიას დამკვირვებელს არ მისცეს საჩივრის დარეგისტრირების საშუალება. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დახია მიწოდებული საჩივარი, ხოლო მისი ავტორი (საიას დამკვირვებელი) გააძევა საარჩევნო უბნიდან.

15 საათის მდგომარეობით, საიას დამკვირვებლებმა დღის მანძილზე 51 საჩივარი და შენიშვნა დაწერეს.