ცესკოს სპიკერი: საარჩევნო უბანზე კახა კუჭავამ აგიტაციის წესი დაარღვია

კახა კუჭავა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მიერ საარჩევნო უბანზე პარტიის სიმბოლიკიანი პირბადით მისვლის ფაქტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ნათია იოსელიანი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო უბანზე აგიტაციის წესის სავარაუდოდ დარღვევის ფაქტზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს.

„ფაქტია, რომ როდესაც არის პირბადე გამოყენებული სიმბოლიკიანი, არის საარჩევნო უბანზე აგიტაციის წესის დარღვევა“, - უთხრა ჟურნალისტებს ნათია იოსელიანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მიერ საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი პირბადით მისვლის გამო საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“.

როგორც ამასთან დაკავშირებით საია-ს თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა განმარტა, მედიის მიერ გავრცელებული ფოტო-ვიდეომასალით დასტურდება, რომ კახა კუჭავა კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც „ქართული ოცნების“ სიმბოლიკა იყო დატანილი. ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, ვინაიდან საარჩევნო უბნის შიგნით ყოველგვარი კამპანია აკრძალულია, კახა კუჭავამ კანონი დაარღვია.

კახა კუჭავას მიერ საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი პირბადით მისვლის ფაქტი აგიტაციად და კანონდარღვევად შეაფასა ასევე „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემაც.

„არჩევანი გავაკეთე კახა კალაძის და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ეს არის ის არჩევანი, რომელიც ჩემი აზრით უნდა გააკეთოს ყველამ, რადგან გაგვაჩნია პროგრამა, ხედვა, როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის განვითარება“, - თქვა კახა კუჭავამ ხმის მიცემის შემდეგ.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.

ხმის უფლების მქონე მოქალაქეები ირჩევენ 64 მუნიციპალიტეტის მერებს და საკრებულოების წევრებს. პროპორციული და მაჟორიტარული წესით აირჩევა საკრებულოების სულ 2068 წევრი. 2 ოქტომბრის არჩევნებში 43 პარტია მონაწილეობს.

მერის არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს. 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების ასარჩევად ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თბილისისა, ბარიერი 3%-ია. თბილისის საკრებულოში მოსახვედრად პარტიებმა უნდა მიიღონ ხმების არანაკლებ 2.5%.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 497 345. საქართველოში 3 664 საარჩევნო უბანია.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით, „ქართულ ოცნებასთან“ აპრილში ხელმოწერილი შეთანხმების დათქმის საფუძველზე რეფერენდუმად მიიჩნევს ოპოზიციური პარტიების უმეტესობა. „შარლ მიშელის დოკუმენტის“ ამ დათქმით, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მომავალ წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ივლისის ბოლოს, მმართველმა პარტიამ „მიშელის შეთანხმება“ ანულირებულად გამოაცხადა. მას შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციურ ვადაში - 2024 წელს ჩატარდება.