პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი გახარიამ საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველოს მოქალაქეები არჩევანს აკეთებენ წარსულსა და მომავალს, განახლებასა და წარსულს შორის. მან ჟურნალისტებთან კომენტარში გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე „გონიერ და გულით არჩევანს გააკეთებს მომავლისთვის“. მან მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, მივიდნენ არჩევნებზე:
„ეს არ არის მხოლოდ მუნუციპალური არჩევნები, ეს განახლების არჩევნებია და ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, ბოლო განსაკუთრებით ერთი თვის განმავლობაში, რას ნიშნავს და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ერთპიროვნულმა მმართველობამ. ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, არის ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს ასაზრდოებს და ქვეყანას ექაჩება წარსულში. რა თქმა უნდა, ჩვენ სწორი არჩევანით ქვეყანა უნდა წავიყვანოთ წინ.
ეს უაღრესად პრინციპული არჩევნებია, ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის. გულწრფელად მჯერა, რომ დღეს თითოეული საქართველოს მოქალაქე გრძნობს რამდენად სჭირდება ქვეყანას განახლება და ის გააკეთებს ისეთ არჩევანს, გონიერს, გულით არჩევანს, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარია თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძვის.
საქართველოში მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები. ხმის უფლების მქონე მოქალაქეები ირჩევენ 64 მუნიციპალიტეტის მერებს და საკრებულოების წევრებს. პროპორციული და მაჟორიტარული წესით აირჩევა საკრებულოების სულ 2068 წევრი. 2 ოქტომბრის არჩევნებში 43 პარტია მონაწილეობს.
მერის არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს. 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების ასარჩევად ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თბილისისა, ბარიერი 3%-ია. თბილისის საკრებულოში მოსახვედრად პარტიებმა უნდა მიიღონ ხმების არანაკლებ 2.5%. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 497 345.
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით, „ქართულ ოცნებასთან“ აპრილში ხელმოწერილი შეთანხმების დათქმის საფუძველზე რეფერენდუმად მიიჩნევს ოპოზიციური პარტიების უმეტესობა. შარლ მიშელის დოკუმენტის ამ დათქმით, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მომავალ წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ივლისის ბოლოს, მმართველმა პარტიამ „მიშელის შეთანხმება“ ანულირებულად გამოაცხადა. მას შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციურ ვადაში - 2024 წელს ჩატარდება.