ხოშტარია: დღეს მოქალაქის ხელშია მდგომარეობის შეცვლა ბევრად უკეთესი ალტერნატივით

ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციის, „დროა“-ს ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, დღეს საქართველოში ტარდება რეფერენდუმი იმის შესახებ, როგორი იქნება საქართველო და აქვს თუ არა პერსპექტივა თავისუფალ, წესიერ მოქალაქეს.

„თუ ჩვენ უნდა გავხდეთ ტერიტორია, სადაც ბიძინა ივანიშვილი თავის სურვილისამებრ გვმართავს და გვაცხოვრებს ისე, როგორც მას უნდა, სადაც მოგვილოცავენ ბიძინაობებს, სადაც მოგვისმენენ მასობრივად, სადაც მუდმივად შემოსავლის დაკარგვის შიშში ვიცხოვრებთ, სადაც გაქცევაზე ვიფიქრებთ და ა.შ.“, - უთხრა ხოშტარიამ ჟურნალისტებს თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ.

„დროა“-ს ლიდერი ამბობს, რომ დღეს მოქალაქის ხელშია მდგომარეობის შეცვლა ბევრად უკეთესი ალტერნატივით - კოალიციური მმართველობით. ხოშტარიას შეფასებით, არჩევანი მრავალფეროვანია, ყველას შეუძლია ოპოზიციაში საკუთარი პარტია შეარჩიოს და დაიწყოს ისეთი მმართველობის შექმნა, რომელიც ვერასდროს გაბედავს არ შეასრულოს დაპირებები, მოატყუოს და დაჩაგროს ადამიანი და დაარღვიოს კანონი.

ელენე ხოშტარია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთოოპოზიციური კანდიდატია. ის კენჭს იყრის გლდანის რაიონის მაჟორიტარად.

საქართველოში მიმდიანრეობს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები. ხმის უფლების მქონე მოქალაქეები ირჩევენ 64 მუნიციპალიტეტის მერებს და საკრებულოების წევრებს. პროპორციული და მაჟორიტარული წესით აირჩევა საკრებულოების სულ 2068 წევრი. 2 ოქტომბრის არჩევნებში 43 პარტია მონაწილეობს.

მერის არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს. 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების ასარჩევად ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თბილისისა, ბარიერი 3%-ია. თბილისის საკრებულოში მოსახვედრად პარტიებმა უნდა მიიღონ ხმების არანაკლებ 2.5%. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 497 345.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით, „ქართულ ოცნებასთან“ აპრილში ხელმოწერილი შეთანხმების დათქმის საფუძველზე რეფერენდუმად მიიჩნევს ოპოზიციური პარტიების უმეტესობა. შარლ მიშელის დოკუმენტის ამ დათქმით, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მომავალ წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ივლისის ბოლოს, მმართველმა პარტიამ „მიშელის შეთანხმება“ ანულირებულად გამოაცხადა. მას შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციურ ვადაში - 2024 წელს ჩატარდება.