მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ხმის მიცემის შემდეგ საარჩევნო უბანზე მედიის კითხვებს უპასუხა. ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, როგორ მოხდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ყოფნა გამოეპარა მმართველ გუნდს, კითხვითვე უპასუხა - იცით, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ იცოდა ეს?
ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა პროცედურა წარიმართება სამართლებრივი წესების შესაბამისად, თუმცა მას არ უთქვამს, რა პასუხი ექნებათ პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მმართველ პარტიაში.
"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ყველა პროცედურა წარიმართება სამართლებრივი წესების შესაბამისად. რაც შეეხება სპეცოპერაციას, სპეცოპერაციას აქვს თავისი წესები, იმისთვის რომ მიზანი იყოს მიღწეული, კონფიდენციალობა უნდა იყოს დაცული მაღალი ხარისხით. ოპერაციის წარმატების მიზეზი გახდა ზუსტად ის, რომ ეს წესები იყო დაცული.
რა თქმა უნდა, როცა ადამიანი ხვდება ციხეში, ეს რა თქმა უნდა, არის მძიმე მვოლენა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, ვინც ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა. ის ჩამოდიოდა საქართველოში იმისათვის, რომ შეესრულებინა თავისი მუქარა ხელისუფლების გადატრიალებასთან და ქვეყნის გადატრიალებასთან დაკავშირებით. სამართალდამცველმა უწყებებმა იმოქმედეს შესანიშნავად.
დღეს პრინციპულად მნიშვნელოვანია არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ გარემოში. ყველაფერი იქნება მშვიდად, მომიკითხეთ თქვენი ლიდერი" - უთხრა ირაკლი კობახიძემ მედიას.
ასევე ნახეთ ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანი უკომენტაროდ დატოვა1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს სასამართლომ 2018 წელს დაუსწრებლდა გაასამართლა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ "მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მიხეილს სააკაშვილი საქართველოშია და დაკავებულია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ გენერალურმა პროკურატურამ ბრიფინგი გამართა. პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა საზოგადოებას გააცნო ის საქმეები, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული და ბრალდებული. საქმეებს მესამე პრეზიდენტის მომხრეები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.