მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია! მისი მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები კამათობენ, მესამე პრეზიდენტი კი იპყრობს ქართულ ინტერნეტს. ეს პირველი შემთხვევა არაა. დაბრუნებას რომ აანონსებდა, მაშინაც ეგრე ხდებოდა.
მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან 2013 წლის ოქტომბერში გაემგზავრა. (მაშინ საქართველოში ჯერ კიდევ 3G ინტერნეტკავშირი იყო).
აუცილებლად დავბრუნდებიო, თქვა მან 2015 წლის 31 მაისს, (4G ინტერნეტის შემოსვლიდან 2 თვის თავზე) მას შემდეგ, რაც ოდესის გუბერნატორი გახდა. იქიდან მოყოლებული, 6 წელიწადზე მეტია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პერიოდულად დაბრუნებაზე საუბრობდა.
„ერთ-ერთი მოტივი, რაც ამ განცხადებების კეთებას უდგას უკან, ალბათ არის ყურადღების მოპყრობა თავის თავზე. თუ პოლიტიკური პროცესები ისე მიდის, რომ მას შედარებით ნაკლებად ახსენებენ... ჰიპოთეტურად შემიძლია ვივარაუდო, რომ ასე იყოს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგმა გია ნოდიამ.
მიშას ძიებაში
თუკი ჰიპოთეზა მართალია, მაშინ Google Trends-ის თანახმად, სააკაშვილი თავის მიზანს აღწევდა ხოლმე. კანონზომიერება ასეთია - მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი ჩამოსვლაზე საუბრობდა, როგორც წესი, ქართულ ინტერნეტში მასზე „მოთხოვნა” იზრდებოდა.
Trends გუგლის პლატფორმაა. მისი მეშვეობით, ამა თუ იმ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული საძიებო სიტყვების ნახვა შეიძლება. სიტყვის პოპულარობა მაქსიმალური ასი ქულით ფასდება.
საძიებო სისტემაში სამი ვარიანტი შევამოწმეთ: „მიშა”, „სააკაშვილი” და „მიხეილ სააკაშვილი”. 2016 წლის სექტემბერი, 2017 წლის დეკემბერი, 2018 წლის ნოემბერი, მთელი 2021 წელი - ამ სიტყვების პოპულარობის ზრდა დროში ემთხვევა ჩამოსვლის შესახებ სააკაშვილის განცხადებებს. სამივეს პოპულარობა თითქმის სინქრონულად იმატებს და იკლებს 2020 წლის ოქტომბრის ჩათვლით. უკანასკნელი საპარლმენტო არჩევნებიდან მოყოლებული, „მიშა” უკონკურენტოა.
პოპულარობის პიკს „მიშამ” აპრილში მიაღწია, როდესაც ამ სიტყვას სამჯერ უფრო მეტი ადამიანი ეძებდა, ვიდრე „კორონავირუსს”. სწორედ მაშინ განაცხადა მესამე პრეზიდენტმა, რომ საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი: უნდა მომეცეს საშუალება, თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაშიონლაინკაზინოებს, ფეისბუკს და „ფილმებს ქართულად” - „მიშა” კონკურენციას ვერ უწევს. მაგრამ ტოლ-სწორად ეპაექრება „ონლაინ მაღაზიებს”, კიდევ ერთ პოპულარულ საძიებო კომბინაციას.
მასთან „მიშა” მხოლოდ ორჯერ დამარცხდა - პირველი ლოკდაუნის დაწყებისას და 2020 წლის დეკემბერში.
ამასთან, 2015 წლის 31 მაისის შემდეგ, ის ყველაზე „გუგლვადი“ ქართველი პოლიტიკოსია. რიგით მეორე, გიორგი გახარია, მას 2 წლის მანძილზე სჯობნიდა. თუმცა პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ, „მიშამ” კვლავ საგრძნობლად გადაუსწრო.
Miha hamodi - მიმის დასასრული
6 წლის მანძილზე, სააკაშვილს მხარდამჭერებმა დაბრუნებისკენ არაერთხელ მოუწოდეს. როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ.
„მიშა, ჩამოდი” - ამ სახელწოდებით არაერთი აქცია გაიმართა და მიხეილ სააკაშვილის გვერდზე ეს სიტყვები ასეულობით მომხმარებელმა დაწერა.
მხარდამჭერების მონდომებამ და ინგლისური კლავიატურის გამოყენებამ პოპულარული მიმიც კი გააჩინა - Miha hamodi. იგი ათასობით ხუმრობის წყარო გახდა. 2020 წლის აგვისტოში, ძებნილ ოპონენტს ჩამოსვლისკენ „ქართული ოცნების“ ოფიციალურმა გვერდმაც მოუწოდა.
***
რაც თქვა, რომ ჩამოვიდა, მიშას ეძებენ და განიხილავენ.
მესამე პრეზიდენტის გვერდმა პირველ ოქტომბერს მოაგროვა 231 ათასი რეაქცია, 47 ათასი კომენტარი, 30 ათასი გაზიარება.