დაკავებულ სააკაშვილთან სახალხო დამცველი მივიდა

ნინო ლომჯარია

რუსთავის ციხეში, სადაც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სახალხო დამცველი მივიდა.

ნინო ლომჯარიას თქმით, აინტერესებს ექს-პრეზიდენტის უფლებრივი მდგომარეობა და არ ექნება მასთან პოლიტიკური შეკითხვები, თუმცა, თუკი რამე ექნება სათქმელი, „რა თქმა უნდა მოუსმენს“.

“ჩემი მანდატიდან გამომდინარე, შემიძლია ვნახო დაკავებული პირი და გამოვიტან ინფორმაციას“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს. სახალხო დამცველმა, დაამატა რომ ეცდება, გაარკვიოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის, როგორ ეპყრობოდნენ დაკავებისას და დასვამს ყველა იმ შეკითხვას, რომელსაც უსვამს ხოლმე სხვა დაკავებულებს.

საქართველოში ჩამოსული მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საღამოს 8 საათზე განაცხადა. იქამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა მისი ვიდეო-მიმართვა, სადაც იგი ამბობდა, რომ დაკავებას ელოდება.

ექს-პრეზიდენტს გელაშვილის საქმეზე 6 წლიანი, სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე კი 3 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

განიხილება ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა შეიწყალოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.