ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა პელე ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს

ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა, პელე საავადმყოფოდან გამოწერეს მსხვილ ნაწლავზე სიმსივნის ამოკვეთის ოპერაციის შემდეგ.

პელემ მადლობა გადაუხადა სან-პაოლოს ალბერტ აინშტაინის საავადმყოფოს თანამშრომლებს, რომლებმაც ის თბილად მიიღეს და მისი „იქ ყოფნა სასიამოვნოდ აქციეს“.

80 წლის ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც გატანილი გოლების რაოდენობით მსოფლიო რეკორდსმენი რჩება, 4 სექტემბერს გაუკეთეს ოპერაცია მას მერე, რაც რუტინული გასინჯვის დროს სიმსივნე აღმოუჩინეს. ოპერაციის შემდეგ ის რამდენიმე დღით იყო ინტენსიური თერაპიის ქვეშ. საავადმყოფოს ექიმების თანახმად, მას ქიმიოთერაპიას გაუგრძელებენ.

სხვა დეტალები მისი ჯანმრთელობის გარშემო არ გავრცელებულა.

პელემ გაავრცელა გამოჯანმრთელების პროცესის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები.

პელემ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში თამაში დაიწყო 16 წლის ასაკში და მონაწილეობა მიიღო სამ, 1958, 1962 და 1970 წლების საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატში.