ლხინი ომში კრამიტით

საქართველოში, ეპიდემიისა და დიდი მსხვერპლის მიუხედავად, ბევრი ადამიანი მისცემია ლხინს და ღვინის სმას ჭიქით, ყანწით ან სულაც კრამიტით. არა და, ქვეყანა ომში იმყოფება, ვირუსთან ომში! თუმცა ვინ თქვა, რომ ომი და ლხინი ერთმანეთს გამორიცხავენ? შალვა ამირეჯიბი - მწერალი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, პირველი რესპუბლიკის წლებს სწორედ ამ ორი სიტყვით - ომითა და ლხინით - აღწერს.

შალვა ამირეჯიბი

„სამი წელი გამუდმებით ომში ვიყავით. აქედან იყო ეს გამუდმებული ლხინიც, თანამავალი ყველა ომების, ჯერ კიდევ ჰომიროსის დროიდგან“, - წერს ის მოგონებების ერთ-ერთ ფრაგმენტში.

შულენბურგის ქუდი

საქართველოს პირველ რესპუბლიკას მართლაც გამუდმებულ ომებში უწევდა ყოფნა. შალვა ამირეჯიბი ამ „გამუდმებული ომებიდან“ გამოყოფს ოსმალეთთან ომს, ახალციხის ოპერაციებს, სომხეთთან ომს, გლეხების აჯანყებას („ხან აქ და ხან იქ“-ო), გაგრის ფრონტს, ოსების განდგომას, ტერორს ქართლში, მთელი რიგი მაზრების კანონგარეშედ დაყენებას და მიწის კანონს („რომელიც ქვეყანაზე თავდასხმას უფრო ჰგავდა, ვიდრე სახელმწიფო რეფორმას“) – „ყოველივე ამან ისეთი შთაბეჭდილება დასტოვეს ჩემზედ, თითქოს ამ სამი წლის განმავლობაში გამუდმებულ ომში ვიყავითო“, ამბობს შალვა ამირეჯიბი, რომელიც იქვე, ემიგრაციაში დაწერილ მოგონებებში, იხსენებს გამუდმებული ლხინის მაგალითებიდან ერთს, ბანკეტს ქართულ კლუბში, სადაც საქართველოს მთავრობამ უმასპინძლა გერმანული და ავსტრიული მისიების წარმომადგენლებს.

როცა მთავრობა და მისიის ოფიციალური წარმომადგენლები წავიდნენ, გენერალმა ვასილ გაბაშვილმა დარჩენილ გერმანელებს ახალი სუფრა გაუშალა. ისხდნენ დიდხანს და სტუმრებიც სიამოვნებით სვამდნენ ქართულ ღვინოს, მაგრამ ბანკეტი არც ამით გათავდა. შალვა ამირეჯიბის თქმით, ნამდვილი ახალი სუფრა კლუბის ოფიციანტებმა გაუშალეს გენერალ გაბაშვილს, რომელიც ტფილისში „მუდამ დიდი ვინმე იყო“, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პირველ ქართულ ჯარს მთავარსარდლობდა.

ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი

„როცა ყველაფერი გათავდა, გრაფი შულენბურგი (გერმანიის კავკასიური ექსპედიციის დიპლომატიური წარმომადგენელი) სახლში მე გავაცილე“, - იხსენებს შალვა ამირეჯიბი, - „დილის მეშვიდე საათი იყო, ტფილისი ახლად იღვიძებდა. მხოლოდ თავისუფლების მოედანზედ შევნიშნე, რომ კაიზერის წარმომადგენელს და კუზენს თავზე ქუდი არა ჰქონდა და არც ხელში ეჭირა. შულენბურგი ძველი „ტფილისელი“ იყო. ომის წინ ჩვენში კონსულად იყო და ჩვენებური ღვინის ძალა კარგად იცოდა, მაგრამ ეტყობა ამ ღვინოს სავსებით ეჯობნა დღეს. დავბრუნდით ქუდის მოსაძებნად და შემდეგ სურათს წავაწყდით: „დელეგაციას“, რა თქმა უნდა, ჩვენსავით შეზარხოშებულს, დიდის მოწიწებით მოჰქონდა ეს ქუდი ალბად გრაფის ბინაზედ“.

მომქანცველი ქეიფები და ბარონი კრესენშტაინი

გენერალ ვასილ გაბაშვილთან - 1916 – 1917 წლებში თბილისის სამხედრო კომენდანტთან და დამოუკიდებელი საქართველოს ახლად შექმნილი ქართული სამხედრო კორპუსის მეთაურთან, ლხინის სუფრა გაზიარებული აქვს ბარონ ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინსაც, საქართველოში გერმანიის სამხედრო-დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს 1918 წელს.

„რუსეთის არმიის ყოფილი გენერლის გაბაევის - ძალზე ავტორიტეტული, ღირსეული და განსაკუთრებულად თავაზიანი ძველი ყაიდის ქართველის - მიპატიჟებამ ჩვენ შესაძლებლობა მოგვცა, ქართველების სტუმართმოყვარეობას ოჯახში გავცნობოდით“, - წერს გენერალი კრესენშტაინი მოგონებების წიგნში „ჩემი მისია კავკასიაში“, - „ეს წვეულებაც მხოლოდ 10 საათზე დაიწყო. ისინი, ჩვეულებრივ, ალიონამდე გრძელდება ხოლმე და დიდ მოთხოვნებს უყენებდა მონაწილეთა სმისუნარიანობას. ზოგიერთ ჩემს მხლებელთაგან განსხვავებით, მე ამ პირობებს საკმაოდ ვაკმაყოფილებდი. დიდი მსგავსება ვნახე ქართველების და ჩვენებური სტუდენტური ღვინის სმის ნორმებს შორის. ბევრი სასმისის დაცლა, საჯარიმოების შესმა და სხვა ამდაგვარი, თამადის მეთაურობით, ქართველებში ჩვეულებრივი ამბავია. ამ დროს ხმარებაში იყო ძველებური ქართული, სპეციფიკური სახის, კოვზისმაგვარი, კეთილშობილი ლითონისგან დამზადებული სასმისები.“

ვასილ გაბაშვილი, გენერალი

ვასილ გაბაშვილთან სტუმრობისას ბარონი კრესენშტაინი უკვე გაშინაურებული იყო თბილისურ „გამუდმებულ ლხინთან“, რომელსაც პირველად თბილისში ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში ეზიარა, როცა საქართველოს მთავრობამ ერთ-ერთ ბაღში მის პატივსაცემად ნადიმი გამართა:

„ნადიმზე რამდენიმე ასეული კაცი იყო მიწვეული, მათ შორის ადგილზე მყოფი ყველა გერმანელი, ავსტრიელი და ბულგარელი სტუმარი. საღამოს 9 საათისათვის ვიყავით მიპატიჟებულნი. თავიდან, ბრწყინვალე დელიკატესებით და სპირტიანი სასმელებით გაწყობილ მაგიდებთან ფეხზე მდგარნი მივირთმევდით ყველანი ერთად „ზაკუსკას“, შემდეგ ადგილები დავიკავეთ ღია ცის ქვეშ გაწყობილ უზარმაზარ მაგიდებთან. თვითონ მე პრემიერ-მინისტრის გვერდით ვიჯექი, საჭმელი ნამდვილად შესანიშნავი იყო, მაგრამ ისე ნელ-ნელა მოჰქონდათ, რომ საათნახევარ-ორ საათს სუფრასთან ჯდომა გვიწევდა“.

ბარონ კრესენშტაინს კარგად დაამახსოვრდა ეროვნული სიმღერები და გრაციოზული, აკრობატული ცეკვები, რომლებიც, მისი თქმით, „მნიშვნელოვნად ამოკლებდნენ დროს კერძებს შორის“.

„კარგად და ბევრი ღვინო შეისვა. მე შესაძლებლობა მქონდა, ბევრ სხვა ამდაგვარ გულუხვ საზეიმო სუფრასაც დავსწრებოდი. ოპოზიციური გაზეთები ამტკიცებდნენ, რომ ჩვენს პატივსაცემად გამართული საზეიმო მიღება 40 ათასი მანეთი დაჯდაო, რაც მაშინდელი არანორმალურად დიდი ფასების და რუბლის გაუფასურების პირობებში სავსებით შესაძლებელია“-ო, - ამბობს გერმანელი გენერალი და იქვე მსუბუქი ირონიით ახსენებს საქართველოს მთავრობის მემარცხენეობას, „ასეთი შემთხვევის დროს პატივცემულ მინისტრებს სრულიად ავიწყდებოდათ, რომ ისინი სოციალ-დემოკრატები იყვნენ“-ო.

თუმცა ბარონი კრესენშტაინი მალე დარწმუნდა, რომ „გამუდმებულ ლხინში“ თანაბრად მონაწილეობდნენ როგორც მემარცხენეები, ასევე მემარჯვენეები, როგორც მდიდრები, ასევე ღარიბები და, რომ იდეოლოგიური კუთვნილება, ამ კუთხით, მნიშვნელოვანი ფაქტორი არ იყო.

ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი

„რამდენადაც კავკასიელები და, განსაკუთრებით - რაინდული სულისკვეთების ქართველები თავაზიანი და სტუმართმოყვარენი არიან, იმდენად არაჩვეულებრივად მომქანცველია სამუშაოდ განწყობილი კაცისათვის მათი ქეიფები და ხალისიანი საღამოები. ყოველი სუფრა გათენებამდის გრძელდება და ძალიან ბევრი ღვინო უნდა სვა კაცმა. შესაბამისად, სამუშაო დღეც გვიან იწყება - 11 საათამდე უმაღლესი თანამდებობების პირებს ვერ ნახავდი სამსახურში და ნასადილევს, უმეტეს შემთხვევაში 3 საათისათვის, ყველაფერი მთავრდებოდა...“

თუმცა გერმანელი გენერლის ნათქვამი ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს სრულიად გულგრილი იყო მასპინძლების ამგვარი „მომქანცველი ქეიფების“ მიმართ. წერს კიდეც, ჩემს სახლშიც იმართებოდა ხალისიანი საღამოები, სადაც გერმანელ, თურქ და ქართველ ოფიცრებთან ერთად , ხშირად მსტუმრობდნენ ქართველი პოლიტიკური მოღვაწეებიო.

„მგონია, მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე არ მიცხოვრია ისე კარგად, როგორც თბილისში ხანმოკლე ყოფნისას... სამწუხაროდ, ყველა ჩემი თანმხლები ვერ იტანდა თბილისის ჰავას და ბევრ ალკოჰოლს, ამიტომ ჯარში ავადმყოფთა რიცხვი საკმაოდ მაღალი იყო. მინდა ვირწმუნო, ამაში კლიმატურ პირობებს უფრო ნაკლები ბრალი მიუძღოდა, ვიდრე ცხოვრების არაგონივრულ წესს“, - წერდა სამშობლოში დაბრუნებული ბარონი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი.

ხუთსაათიანი ვახშამი

იშვიათია უცხოელი, რომელსაც ქართული კულტურისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის უორდროპების ოჯახზე მეტი აქვს გაკეთებული, ვისაც უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონია საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ელიტასთან, თუმცა სერ ოლივერ უორდროპი - ამიერკავკასიასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბრიტანეთის მთავარი რწმუნებული 1919-1921 წლებში, ბოლომდე მაინც ვერ შეეგუა ქართველთა „გამუდმებულ ლხინს“.

„გუშინდელმა დღემ ჩემი დიდი ძალისხმევა წაიღო... მეჯავრება ზეიმები!.. ხუთსაათიანი ვახშამი ნამდვილი სასჯელია!“ - ვკითხულობთ ბრიტანელი დიპლომატის მიერ ცოლისთვის გაგზავნილ წერილებში.

ოლივერ უორდროპი

„რამდენიმე დღის წინ კოწია ერისთავს შევპირდი, რომ ოთხზე მასთან ერთად ვისადილებდი. თავის არიდება აღარ გამოვიდა. სადილს ოცზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი გეგეჭკორი და სხვები. დიასახლისისა და მისი ქალიშვილის გარდა, ყველა მამაკაცი იყო. კაცები მღეროდნენ, გიტარაზე უკრავდნენ და სადღეგრძელოებსაც წარმოთქვამდნენ, მაგრამ შვიდი საათი არ იყო, როცა იქაურობას გამოვეცალე“, - წერს ოლივერ უორდროპი, თუმცა, როგორც წერილებიდან ირკვევა, ყოველთვის ვერ ხერხდებოდა გაცლა. რა გასაკვირია და ასეთი რამ შეუძლებელი აღმოჩნდა კახეთში სტუმრობისას, წინანდალში, სადაც სამთავრობო ღვინის საცავები მდებარეობდა:

„ჩასულებს მასპინძლები 20 ფუტის სიმაღლის ჩირაღდნებითა და თაიგულებით დაგვხდნენ. რამდენიმე მისასალმებელი სიტყვაც წარმოითქვა. აქაურობის ხელმძღვანელმა რამიშვილმა ვახშამი უზარმაზარ წვეულებად აქცია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ღვინოები გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე თამადის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოები“.

დუბე-დუბე სმა

არ უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველო მხოლოდ სტუმრებისთვის და მხოლოდ სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციების შესაბამისად ლხინობდა. აქ შეგვიძლია გავიხსენოთ ილია ზურაბიშვილის „ძველი თბილისის“ პერსონაჟი, ვინმე ფანტიაშვილი, რომელიც „გიჟი სერგუშკას“ ფაეტონით ორთაჭალისკენ მიექანება საქეიფოდ და აქეთ-იქეთ ტროტუარებზე შემხვედრ ნაცნობებს ხელის ნიშნით ეპატიჟება, წამოდითო; აქვე გავიხსენოთ ამავე მოთხრობის სხვა პერსონაჟის რამდენიმედღიანი, გადაბმული (დუბე-დუბე) ლხინობის შთამბეჭდავი დასრულება ფაეტონების მედიდური სვლით:

ტასო აბაშიძე, მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ილია ზურაბიშვილი

„აი, მძიმე-მძიმედ მოდის რამდენიმე ფაიტონი, ერთი-მეორის უკან ჩარიგებული.

პირველში არავინა ზის. დევს მხოლოდ ძვირფასი ყალმუხის ქუდი ან „გარიბალდის“ ფორმისა ან მაღალი წიწაკიანი...

მეორე ფაიტონშიც არავინა ზის. დევს მხოლოდ ვერცხლის განიერი და მსხვილგობაკებიანი ქამარი...

მესამე ფაიტიონშიც არავინა ზის. დევს მხოლოდ წითელ-ყვითელი ფერებით აჭრელებული აბრეშუმის სარტყელი...

მეოთხე ფაიტონში ზის მეზურნეთა დასტა და „სეფილს“ უკრავს...

მეხუთე ფაიტონში ზის მარტოდმარტო ყარაჩოხელი ვინმე ჩოხაში ცალხელგაყრილი...“

აი, ასე შთამბეჭდავად ამთავრებს თბილისელი ყარაჩოხელი რამდენიმედღიან გადაბმულ ქეიფს, „ხვალ კი ისევ საქმეში ჩადგება, რათა ქეიფში დახარჯული ოფლის მონაწური შრომით აინაზღაუროს“, მერე ისევ დუბე-დუბე სმა ჭიქით, ყანწით, აზარფეშით და, როგორც ახლახან ვნახეთ, კრამიტითაც კი. როგორც თედო რაზიკაშვილმა თქვა:

დაასხი, დაასხმეინე,
დალიე, დამალეინე,
თუ ვერ დავცალე, ძალითა
ასწიე, დამაცლეინე...