„თავისუფლება ირაკლი ბებუას!“, „საქართველოს მოქალაქე ტყვეობაშია, იმოქმედე!“, „ხელისუფლების უმოქმედობის ერთი წელი!“, „არ გაღიზიანების პოლიტიკა არ მუშაობს“ - დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთი წლის წინ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებას ითხოვდნენ.
ოჯახი ხელისუფლებისგან მეტ ძალისხმევას ითხოვს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ცდილობს.
ირაკლი ბებუას ბიძაშვილი თამუნა ბებუა ამბობს, რომ პრემიერ- მინისტრთან შეხვედრის სურვილი 2 თვის წინ სუს-ის ანალიტიკური სამსახურის მოადგილეს ირაკლი ანთაძეს გადასცა, თუმცა ჯერ არავინ შეხმიანებია.
„გვაინტერესებს რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ირაკლის გასათავისუფლებლად. როდესაც 2 თვის წინ მასთან [პრემიერ- მინისტრთან] შეხვედრა მოვითხოვე პასუხი იყო ის, რომ მოთხოვნა გადაცემულია, 1 კვირის შემდეგ მოვიკითხე, მითხრეს რომ მისი გრაფიკი არის ძალიან დატვირთული და ჯერ ვერ ახერხებს ჩემთან შეხვედრას, ბოლო კომუნიკაციისას როცა მოვიკითხეთ გვითხრეს რომ მისი ჯანმრთელობა ნორმალურია, მაგრამ მისი გათავისუფლების საკითხზე წინსვლა ჯერ ჯერობით არ არის.“ – ჰყვება თამუნა. ირაკლი ბებუას დევნილი ოჯახი აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, 90-იანი წლებიდან თბილისში ცხოვრობს.
რამდენიმე წლის წინ, ირაკლი გალში მოხუცი ბებიის მოსავლელად ჩავიდა, თბილისში დაბრუნება კი ვეღარ მოახერხა. ჩაკეტილი, ე.წ. საზღვრის გადასაკვეთად მას დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული საბუთები არ ჰქონდა.
28 წლის ირაკლი ბებუა ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო სასჯელს იხდის 2020 წლის დეკემბრიდან. ირაკლი ბებუა 2020 წლის სექტემბერში, გალის რაიონში დააკავეს აფხაზეთის „სახელმწიფო დროშის“ დაწვისთვის. მოგვიანებით, დე ფაქტო შსს-მ განაცხადა, რომ ირაკლი ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა აღმოაჩინეს. ე.წ. სასამართლომ ბებუა დამნაშავედ ცნო „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვისთვის“ და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ირაკლი ბებუას მხარდასაჭერ აქციაზე დღეს იმყოფებოდა ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილიც, რომელიც 2019 წელს თავადაც იყო საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული და ცხინვალის ციხეში თითქმის 2 თვე გაატარა. ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ასეთ დროს საზოგადოების მხარდაჭერა მთავარია.
ასევე ნახეთ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებას არ მოელოდა„რა თქმა უნდა ხელისუფლება უნდა იყოს ძალიან აქტიური, მაგრამ ჩემს გათავისუფლებაში აქტიური როლი შეასრულა ხალხმა, მათი მხარდაჭერის გარეშე სამწუხაროდ არ გამოდის არაფერი. სამწუხაროა, რომ თითქმის ერთი წელი გავიდა და აქტიური ქმედებები ხელისუფლების მხრიდან არ არის. თუ მართლა 9 წელი მოუწევს ირაკლის ციხეში ყოფნა, ეს ნიშნავს იმას, რომ ე.წ საზღვრისპირა რეგიონის მცხოვრებლები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი დაინახავს, რომ მის სამშობლოს ის ფეხებზე ჰკიდია“ - თქვა დღეს მან აქციაზე.
25 სექტემბერ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გამართა შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს წარმომადგენელთან, მან ამ ფორმატში ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უსაფრთხოების და უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ირაკლი ბებუას გათავისუფლების აუცილებლობაზე.
თუმცა, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ირაკლი ბებუას "ვადამდე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება".
ირაკლი ბებუას დედა შვილის ჯანმრთელობაზე ღელავს, რადგან როგორც ამბობს ქრონიკული დაავადებები და სხვა არაერთი პრობლემა აქვს, რასაც სამედიცინო დახმარება სჭირდება.
დღეს ოჯახის წევრები მთავრობის ადმინისტრაციის შენობაშიც შევიდნენ და ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს. პასუხად მიიღეს, რომ წერილის საფუძველზე განიხილება განცხადებები და ღარიბაშვილი გამონაკლის არ აკეთებს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სანამ პრემიერთან შეხვედრის თანხმობას არ მიიღებენ აქციებს არ შეწყვეტენ.
ზეგ, 30 სექტემბერს ირაკლი ბებუას დაკავებიდან ზუსტად ერთი წელი შესრულდება.
მისი ოჯახი ამბობს, რომ თუ ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეხვდებიან, ისინი პერმანენტული აქციებს გამართავენ.