მარინა ცვეტაევა

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ ახალი რუბრიკით „ქალი პოეტები“ გთავაზობთ საუბარს რუსული ლიტერატურის სიამაყეზე, მსოფლიო პოეზიაში გენიალური ბერძენი პოეტი ქალის, საპფოს, ყველაზე უტყუარ მემკვიდრეზე, ე.წ. ვერცხლის საუკუნის უდიდეს წარმომადგენელზე, მარინა ცვეტაევაზე. უცნაური ბედი, უცნაური ბიოგრაფია, უცნაური სახეები, განუმეორებელი მეტრიკა და ბგერწერა, ტრაგედია, სიკვდილი და უკვდავება, – ყველაფერი ეს მარინა ცვეტაევაა. რატომ ვერ მიიღო რევოლუცია, რომელიც მისმა სათაყვანებელმა მაიაკოვსკიმ და ბლოკმა მიიღეს; რატომ უბრუნდებოდა ყველა უიღბლო სიყვარულის შემდეგ მეუღლეს; რატომ არ უნდოდა ხანგრძლივი ემიგრაციიდან, სადაც შიმშილით კვდებოდა, შინ დაბრუნება; რა ბედი ეწია მის ქალიშვილსა და მეუღლეს, სერგეი ეფრონს, საბჭოთა კავშირში; რატომ ვერ იშოვა ჭურჭლის მრეცხავის ადგილი მწერალთა სასადილოში ევაკუაციის დროს; რატომ მოიკლა თავი ელაბუგაში; რა ბედი ეწია მის ვაჟს; რატომ ჩაიძირა უსიტყვოდ მისი ხომალდი, – ამ და კიდევ ბევრ ასეთ კითხვას გაეცემა პასუხი გადაცემაში.