თენგიზ ცერცვაძის განცხადებას გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. გაბუნიას მტკიცებით, ვაქცინაციის ნელი ტემპით გაგრძელების შემთხვევაშიც იქნება ათვისებული „ფაიზერის" ვაქცინის მარაგი.
„გარკვეული მღელვარება ვადებთან დაკავშირებით, რაც აბსოლუტურად საფუძველსმოკლებულია. „ფაიზერის“ ვაქცინას, რომელიც ქვეყანაში არის, ვადა აქვს დღევანდელი მდგომარეობით ნოემბრის ბოლომდე და ნაწილს - დეკემბრის ბოლომდე. ვფიქრობთ, საკმაოდ ნელი ტემპითაც რომ გაგრძელდეს ვაქცინაცია, ჩვენ მის ათვისებას თავისუფლად შევძლებთ. თუმცა ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტომ რამდენიმე ხნის წინ გამოსცა ახალი რეგულაცია, რომლის შესაბამისად, „ფაიზერის“ ვაქცინებს, თუ მათ ინახავდნენ -90, -60 გრადუს ტემპერატურაზე, კიდევ დამატებით სამი თვე აქვთ მოქმედების ვადა. ასე რომ, ეს ნამდვილად არ არის სანერვიულო. სანერვიულოა ის, რომ სწრაფად მოვახერხოთ ყველა იმ პირის აცრა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი ტალღები და გადარჩეს მეტი სიცოცხლე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
22 სექტემბერს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ვაქცინაციის ტემპით.
იმუნოლოგმა აღნიშნა, რომ „ფაიზერის" მიერ წარმოებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც საქართველოშია შემოტანილი, ვადა გასდის.
„ადრე, სანამ ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა და სხვათა შორის, ისიც დაგვიანდა ამ ანგაჟირებული ადამიანების გამო, რომ ჩინური ვაქცინა არ უნდოდათ, პირდაპირ გამოდიოდნენ და ამბობდნენ: „მე გავიკეთებ მხოლოდ „ფაიზერს“ და ამიტომ სახელმწიფომ დააგვიანა შემოტანა. ახლა, „ფაიზერი“ გვაქვს სწორედ ყველაზე მეტი. „ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გაუდის და რას შვრებით, ხალხო! ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს?! მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს. გვაქვს „სინოვაკი“, „სინოფარმი“ , „ასტრაზენეკა“, მივიღებთ „ჯონსონ და ჯონსონს“. მე ვერ გავიგე, მართლა საბოტაჟს აწყობთ?! რას აკეთებთ?!“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ასევე ნახეთ თენგიზ ცერცვაძე: მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის ქვეყანას უწყობს საბოტაჟსსაქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანახმად:
- 28 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 760 878 აცრა
- სულ მცირე, 1 დოზით ვაქცინირებულია 975 028 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.3%
- სრულად ვაქცინირებულია 785 850 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.5%
- 27 სექტემბერს აიცრა 11 421 ადამიანი