სააკაშვილი 2 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს - რა არ უნდა გამოგრჩეს 28 სექტემბერს

მიხეილ სააკაშვილმა კიევი-თბილისის ბილეთი გამოაქვეყნა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს გეგმავს. მან „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა კიევი-თბილისის ავიაბილეთი ორ პერსონაზე. ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გეგმავს დაბრუნებას.

„რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნების გამოხატულება, თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

ყოფილი პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ყველა ერთმანეთს გვერდით დაუდგება და განსხვავებებს დაივიწყებს.

წაიკითხე მეტი.

"რეიტინგების ომი" და თვითმმართველობის არჩევნები

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წინასაარჩევნო პაექრობა რეიტინგებმა კიდევ უფრო გაამძაფრა. IPSOS-გლობალის ბოლო კვლევის შემდეგ ოპოზიცია კიდევ უფრო დარწმუნებით ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ 43%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. ხოლო ხელისუფლება კვლავაც აცხადებს, რომ არანაირი 43%-იანი ბარიერი არ არსებობს და პოლიტიკური ოპონენტები გაყალბებულ რეიტინგებს ეყრდნობიან.

ტელეკომპანია „მთავარისთვის“ IPSOS-გლობალის მიერ შესრულებული კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 35%-ია. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ (30%), ხოლო მესამეზე გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ (9%), რომელიც მაისში შემოვიდა ქართულ პოლიტიკურ არენაზე, როგორც ოპოზიციური პარტია.

სამეულს მოსდევენ: „ევროპული საქართველო“ - 4%, ხალხისთვის - 4%, ლელო - 3%, მესამე ძალა - 3%, ლეიბორისტული პარტია - 3%, გირჩი - მეტი თავისუფლება - 2%, პატრიოტთა ალიანსი - 2%, დროა - 1%, მოქალაქეები - 1% და სხვა პარტიები - 3%.

ენმ-ის ლიდერი, ნიკა მელია არჩევნებამდე დარჩენილ დღეებს ითვლის და აცხადებს, რომ ოპოზიციის გამარჯვებამდე და ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნამდე სულ ცოტა რჩება.

რეიტინგების მიმოხილვა არჩევნებამდე 4 დღით ადრე, წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ირაკლი ღარიბაშვილი: დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის ფარგლებში

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში მოსმენები გრძელდება, თუმცა ეს ხდება კანონის ფარგლებში. მან ფაბრიკაცია უწოდა იმ ჩანაწერებს, რომელიც სავარაუდოდ სუს-ის მიერაა გაკეთებული და რომელიც რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა.

„ეს არის ფაბრიკაცია, პირდაპირი შეთქმულება და შეტევა ეკლესიაზე, სახელმწიფოზე. რაც შეეხება მოსმენებს, მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება, კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი“, - თქვა ღარიბაშვილმა.

გუშინ ფაილების გამოქვეყნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ ეს ყველაფერი სასულიერო პირებსა და ეკლესიასთან ბრძოლაა, რომელსაც ვერავინ მოიგებს.

„დაელოდეთ, ყურადღებით იყავით, გამოძიების შედეგი იქნება გამჭვირვალე“, - თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა.

ე.წ. სუს-ის ფაილებთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება. ამ დრომდე არ დამდგარა არავის პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ სუს-იდან გამოჟონილი მასალების გამო თანამდებობა არ უნდა დატოვოს გრიგოლ ლილუაშვილმა.

„იმ რეალობის წინაშე ვდგავართ, ბოლო პერიოდი განსაკუთრებით, თუ რამე ხდება, პირველი, რაც არის, თანამდებობის დატოვების მოთხოვნა არის. არ შეიძლება, ყველაფერზე იყოს პირველი რეაქცია - დატოვოს თანამდებობა. ჯერ არც ვიცით, რეალობა რაში მდგომარეობს“, - თქვა კუჭავამ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ერგნეთის შეხვედრის წინ ცნობილი გახდა, რომ თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია კიდევ ერთი მოქალაქე

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 102-ე შეხვედრა. მის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მედიას უთხრა, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებსა და მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე. ამ წლის განმავლობაში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს 33 მოქალაქე.

ერგნეთის შეხვედრის წინ ცნობილი გახდა, რომ 14 აგვისტოდან უკანონო პატიმრობაში იმყოფება საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე გელა გოჭოშვილი. „სამწუხაროდ, დაკავების შესახებ ინფორმაცია გაზიარებული იქნა დაგვიანებით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მას ედავებიან გარკვეულ კრიმინალურ აქტივობას“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. მისი ინფორმაციით, გელა გოჭოშვილი კასპის მუნიციპალიტეტიდანაა, გარკვეული დროის განმავლობაში, საქართველოში არ იმყოფებოდა, მისი ოჯახი კი ახალგორში ცხოვრობს.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

გერმანიის ტანგო სამისთვის

გერმანიაში 26 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი, ოფიციალური შედეგებით, ხმების 25.7%-ით ლიდერობს სოციალ-დემოკრატიული პარტია(SPD). კანცლერ ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ და „ქრისტიანულ-სოციალური კავშირის“ კონსერვატიულ ბლოკს (CDU/CSU) 24.1% აქვს. „მწვანეებს“ ხმა მისცა 14.8%-მა და მემარჯვენე-პოპულისტურ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - 10.3%-მა.

აქედან გამომდინარე, გერმანიის მომავალი მთავრობა კოალიციური იქნება, თუმცა, იმის გამო, რომ სოციალ-დემოკრატებისა და კონსერვატიული ბლოკის შედეგებს შორის მხოლოდ მცირე სხვაობაა, კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებები შესაძლოა შობამდე გაჭიანურდეს.

საარჩევნო ღამის ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი დიაგრამა იყო ის უზარმაზარი მხარდაჭერა, რომელიც მწვანეებმა და მეოთხე ადგილზე მყოფმა ლიბერალებმა (FDP) ახალგაზრდა ამომრჩევლებს შორის მიიღეს, პირველ ორ ადგილზე გასულ ძალებთან შედარებით. ეს მიუთითებს, რომ მომავალი, ყოველ შემთხვევაში, ახლა როგორც ჩანს, ამ წყვილის მხარეზეა.

წაიკითხე მეტი რიკარდ იოზვიაკის სტატიაში.

კოვიდპანდემიამ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე მეტად შეამცირა სიცოცხლის ხანგრძლივობა - ოქსფორდის კვლევა

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, 2020 წელს სიცოცხლის ხანგრძლივობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა და ამის მიზეზი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევებია.

ყველაზე საგრძნობლად, ორ წელზე მეტით, შემცირდა ამერიკელი მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა, - ნათქვამია ეპიდემიოლოგიის საერთაშორისო ჟურნალში 27 სექტემბერს გამოქვეყნებულ კვლევაში.

ოქსფორდის მკვლევრების მიერ გაანალიზებული 29 ქვეყნიდან 22-ში სიცოცხლის ხანგრძლივობა, 2019 წელთან შედარებით, ექვს თვეზე მეტით დაეცა. კვლევამ, რომელმაც ევროპა, აშშ და ჩილე მოიცვა, აჩვენა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა 2019 წელთან შედარებით 29 ქვეყნიდან 27-ში შემცირდა.

წაიკითხე მეტი.

ქუჩის სანათები საარჩევნოდ - როგორ აზარალა მერიამ ბიუჯეტი 120 ათასი ლარით

გლდანში, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩებზე დაახლოებით 10 დღის წინ 300 ცალი ახალი, დიოდური LED სანათი დაამონტაჟეს. ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ეს სანათები, ქუჩას უკეთაც ანათებს და დიდხანსაც ძლებს. თუმცა მერიამ სანათები იმაზე ძვირად იყიდა, ვიდრე შეეძლო.

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, თბილისის მერის განკარგულებით, დედაქალაქის ხუთი ქუჩის გასანათებლად დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა. სანათები დაჩქარებული წესით „თბილსერვის ჯგუფმა” 490 000 ლარად შეიძინა. იგივე სანათები მერიას ტენდერით რომ ეყიდა, 120 000 ლარით იაფი დაუჯდებოდა.

დაჩქარებული შესყიდვა მერიას იმიტომ დასჭირდა, რომ სანათებზე გამოცხადებული ტენდერი გაჭიანურდა - ასეთია ოფიციალური მიზეზი.

რადიო თავისუფლებას წყარო უყვება, რომ ტენდერი ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფთან” დაკავშირებულ კომპანიაზე იყო მორგებული, რაც კონკურენტმა კომპანიებმა გაასაჩივრეს და დღემდე ამიტომ ვერ დასრულდა.

ვრცლად წაიკითხე გიორგი მგელაძის ჟურნალისტურ გამოძიებაში.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და მისმა თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინ კახეთში იქეიფეს, რის ამსახველ ფოტოებსაც თავად ცენტრის თანამშრომლებიც იღებდნენ. ინფორმაცია "სტუდია მონიტორმა" გაავრცელა.

ფოტოებში ჩანს, რომ ერთ მაგიდასთან 10-მდე ადამიანი ზის, ცენტრის ხელმძღვანელი კი ღვინოს ე.წ. განსხვავებული სასმისით - კრამიტით სვამს.

გავრცელებული ფოტოსურათები რომ რამდენიმე დღის წინ, 25 სექტემბერს არის გადაღებული, ეს ინფორმაცია დაადასტურა ცენტრის პრესსამსახურმა. "სტუდია მონიტორი" ამბობს, რომ დარღვეული იყო რეგულაციები, კერძოდ, სკამის საზურგეებს შორის დისტანცია.

"პაპანაქება" (რეჟისორი თორნიკე გოგრიჭიანი) - თორნიკე გოგრიჭიანს, პოპულარულ მსახიობს, თავის ფილმში ვერ ვიხილავთ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "პაპანაქება" აბსოლუტურად მსახიობის კინოა - სწორედ მსახიობმა იცის ყველაზე კარგად, რა სჭირდებათ მის კოლეგებს როლში შესაღწევად. კინოშიც და თეატრშიც. ეგაა, რომ ამბავი, რომელიც თამაშდება ამ შესანიშნავ "შავ კომედიაში", იმდენად ტიპურია, რომ პერსონაჟების გათავისებას დიდი ძალისხმევა არც სჭირდება. თავად განსაჯეთ: და-ძმას, არცერთი მათგანი არაა უკვე ახალგაზრდა და ცხოვრებისეული გამოცდილება არცერთს არ უნდა აკლდეს, საავადმყოფოდან მომაკვდავი დედა გამოჰყავს. ქალი ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ პანაშვიდისთვის მზადება უკვე იწყება... სიკვდილის, უფრო სწორად, სიკვდილთან დაკავშირებული რიტუალის ასეთი "მასხრად აგდება" მხოლოდ თავისუფალ და ნიჭიერ ხელოვანს შეუძლია.