ნინოწმინდელი სარგის აღჯოიანი ერთი წლის წინ, ყარაბაღის მეორე ომში დაიღუპა. მისი ოჯახი ახლაც ნინოწმინდაში ცხოვრობს. სკოლის დამთავრების შემდეგ, სარგისმა უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში ჩააბარა და საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა. ყარაბაღელ მეუღლესა და ტყუპ შვილებთან ერთად სტეპანაკერტში ცხოვრობდა. 2020 წლის 20 ოქტომბერს 33 წლის ომში დაღუპული სარგისის ცხედრის გადმოსასვენებლად ფული თანასოფლელებმა შეკრიბეს.
"2 000-მდე ადამიანი ვიყავით, ვინც ცხედარი ბავრადან სოფელ არაქალში გადმოვასვენეთ. სარგისს კარგად ვიცნობდით. ის მშობლიურ სოფელში დავკრძალეთ", - იხსენებს სამო მნოიანი.
სარგისიც კონფლიქტის ზონაში, ჰადრუთში იბრძოდა. 18 ოქტომბერს დაიჭრა და გარდაიცვალა. სოფელ ბავრას მცხოვრებლები, უმეტესად კაცები, მეორე დღეს, დილის 9 საათზე სომხეთის საზღვართან შეიკრიბნენ. თანასოფლელის ცხედარი სომხეთის მხარემ საზღვრამდე მოასვენა და ბავრელებს გადასცა.
"ჩემი ძმა ომში, კონფლიქტის პირველი დღიდან ჩაერთო. როდესაც ვეკონტაქტებოდით, მარტო იმას გვეუბნებოდა, რომ კარგად იყო, არადა, რა საშინელებაც ხდებოდა, ტელევიზიით ყველაფერს ვიგებდით. 18 ოქტომბერს ჰადრუთში დაიღუპა, გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე კი ხელში დაიჭრა, მალე იმკურნალა და ისევ თანამებრძოლებს შეუერთდა. სანამ ის ბრძოლის ველზე იყო, ჩვენ ფულს, წამლებსა და პროდუქტს ვაგროვებდით ჯავახეთში და ღმერთს მშვიდობას ვთხოვდით, სხვა რა შეგვეძლო? ძმა დავკარგე, ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს, მაგრამ ამ თემაზე საუბარი აღარ მინდა, მე პოლიტიკოსი არ ვარ“, - ამბობს გარდაცვლილის ძმა სამველ აღჯოიანი.
სომხეთ-აზერბაიჯანის ომს ბრიგადის მეთაური სიმონ ავაგიანიც ემსხვერპლა. გარდაცვლილის დედა სოფელ სათხიდან არის, ამიტომ სიმონ ავაგიანი ბავშვობას ნინოწმინდაში ატარებდა. გარდაცვლილის ძმის, აშოტ ავაგიანის თქმით, სიმონმა 1995 წელს ვაზგენ სარგისიანის სამხედრო უნივერსიტეტი დაამთავრა და მოგვიანებით სომხეთის 33-651 სამხედრო ნაწილში მეთაურად დაინიშნა.
ომი ბედნიერებას არავის ანიჭებს, ეს დანაკარგი ყველასთვის ტკივილია, გინდ აზერბაიჯანელი იყოს, გინდ სომეხი...ჰაკობ საჰაკიანი
„ჩემი ძმა ჯარში 22 წელი მსახურობდა. აქედან ნახევარი ჯარისკაცად გაატარა, ხოლო მეორე ნახევარი პოლიტიკურ სამხედრო საქმიანობას ეწეოდა. ჩვენი განყოფილების უფროსის მოადგილემ შეგვატყობინა, რომ ჩემი ძმა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ჯარისკაცი დაბომბვას ემსხვერპლნენ, 8 ოქტომბერს დავკრძალეთ“, - გვიყვება აშოტ ავაგიანი.
ახალქალაქის წმინდა ჯვრის ეკლესიის ბაღში დღეს წარმოშობით ჯავახი ჯარისკაცების სურათები გამოფინეს. მთიან ყარაბაღში დაღუპულთა სია ჯავახეთის ახალგაზრდების ფონდმა შეაგროვა. მათ სიაში 18 ადამიანის გვარი მოხვდა. სოფელი სათხა, კუმურდო, ლომატურცხი, ბუღაშენი, განძა და კიდევ ბევრი დღეს თანასოფლელებს იხსენებდნენ. მათგან ყველაზე ახალგაზრდა 19 წლის გაგიკ ბრსოიანია განძიდან, ყველაზე ხანდაზმული კი - 57 წლის მხითარ აღჯოიანი დიდი არაქალიდან.
44-დღიანი ომის ქრონიკებზე საუბარი ყველას უჭირს. „დიდი სახელმწიფოები მაყურებლის როლში”, „სათადარიგო სცენარები” და „ძლიერი კავკასიის შიში” - ეს ის თემებია, რომელზეც სომეხი სასულიერო პირები ყარაბაღის კონფლიქტის გახსენებისას საუბრობენ.
„ორმაგი სტრესი, ორმაგი ტკივილი იყო ჩვენთვის, რთულია ამაზე საუბარი. ომი ბედნიერებას არავის ანიჭებს, ეს დანაკარგი ყველასთვის ტკივილია, გინდ აზერბაიჯანელი იყოს, გინდ სომეხი. სხვის სასარგებლოდ დაწყებულ ომს, უდანაშაულო მსხვერპლი მოჰყვა“, - ამბობს ახალციხის გრიგორიანული თემის სულიერი მოძღვარი ჰაკობ საჰაკიანი.
სამწუხაროდ, კიდევ ბევრჯერ გამოძებნის რუსეთი მიზეზებს, რომელიც მათ იქ ყოფნის გახანგრძლივებას ხელს შეუწყობს. მანამდეც იქნება მცდელობები და პროვოკაციებიც არ გამოირიცხება...ზურაბ ბატიაშვილი
რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგებს აანალიზებს და რუსეთის როლზე საუბრობს: „რაც ხდება კავკასიაში, თავიდან ბოლომდე არის რუსეთის იმპერიული პოლიტიკის შედეგი. ამას ვხედავთ ყარაბაღში, ცხინვალში, აფხაზეთში. სამწუხარო რეალობაა, რომ აზერბაიჯანული და სომხური მხარე ჯერ კიდევ შორსაა შერიგებისგან, არადა, [შერიგების] “ალტერნატივა” მხოლოდ ომია. რუსეთმა გაიმყარა თავისი პოზიცია კავკასიაში“.
27 სექტემბერი სიმბოლური თარიღი გამოდგა ქართველი და სომეხი ერისთვის. წელს სოხუმის დაცემიდან 28, ხოლო ყარაბაღის მეორე ომიდან ერთი წელი გავიდა.
„თუ მანამდე [რუსეთს] საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰქონდა თავისი სამხედრო ბაზები განლაგებული, სომხეთში აქვს გიუმრის საკმაოდ დიდი ბაზა ხუთიათასკაციანი და ეს ყველაზე დიდი ბაზაა რუსეთის გარეთ, ახლა უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თავისი ე.წ. სამშვიდობოები ჩააყენა, რომელიც რეალურად სამხედრო ბაზაა და მეტი არაფერი. პრინციპი არის 5+5, რაც ნიშნავს იმას, რომ ხუთი წლის განმავლობაში იდგებიან და მერე მხარეები თუ შეთანხმდებიან, კიდევ ხუთი წლით დარჩებიან. სამწუხაროდ, კიდევ ბევრჯერ გამოძებნის რუსეთი მიზეზებს, რომელიც მათ იქ ყოფნის გახანგრძლივებას ხელს შეუწყობს. მანამდეც იქნება მცდელობები და პროვოკაციებიც არ გამოირიცხება. რადგან ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის სპეციალისტები არიან. იმპერიის ბუნებაა ასეთი, ორი პატარა ერი ერთმანეთს გადაკიდოს და მერე ე.წ. სამშვიდობოს როლი შეასრულოს”, - აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი.
ასევე ნახეთ მთიანი ყარაბაღი: საომარი მდგომარეობა საქართველოსთან ახლოსოფიციალური მონაცემებით, სომხეთში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა 3000 კაცს აღემატება. მათ შორის, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 80-მდე ადამიანი ჯავახეთიდან იყო, ან მშობლები და წინაპრები ჰყავდათ საქართველოდან. მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა და საომარი მოქმედებები დაიწყო. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სამჯერ მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები მაინც გაგრძელდა.
რუსეთის შუამავლობით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე, აზერბაიჯანი და სომხეთი 10 ნოემბერს შეთანხმდნენ, რასაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, „წარმოუდგენლად მტკივნეული“ შეთანხმება უწოდა. სამმხრივ შეთანხმებაში ნათქვამია, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის უსაფრთხოებას რუსეთის 1650-კაციანი სამშვიდობო ქვედანაყოფი დაიცავს.