სუს-ის ხელმძღვანელი გამოკითხვაზე დაბარებაზე: მე რა შუაში ვარ?!. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, დიდი ალბათობით, მისი უწყებიდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის გამოძიებას გამოკითხვაზე ჯერ არ დაუბარებია. მან გმირთა მემორიალთან ჟურნალისტებს უთხრა, რომ გადადგომას არ აპირებს.

"პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა მოვლენაზე, რაც უსაფრთხოებას უკავშირდება... მე ჩემს თავს ვერსად ვერ დავიბარებ... თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ დადიან გამოკითხვაზე... [გამოკითხვაზე დაბარებასთან] მე რა შუაში ვარ?!. თუ ჩათვლის გამოძიება საჭიროდ, გამოიკითხვება ყველა, მაგრამ არ დაიჩაგრებიან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, რომელებიც თავის საქმეს აკეთებდნენ...

სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში, ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში. ასე რომ, ყველაფერი წინ არის...

დაელოდეთ, ყურადღებით იყავით, გამოძიების შედეგი იქნება გამჭვირვალე", - თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა.

თითქმის ორი კვირის წინ მედიასაშუალებებს ელექტრონულ ფოსტაზე დაუდგენელმა პირმა დაუგზავნა ვებგვერდის მისამართი, სადაც ატვირთული იყო ათასობით ფაილი. ამ ფაილებში, დიდი ალბათობით, სასულიერო პირების, ჟურნალისტების, პარლამენტის წევრების და რიგითი მოქალაქეების საუბრებია აღბეჭდილი. მათი ავთენტურობა ჟურნალისტების და საჯარო პირების ნაწილმა დაადასტურა.