პედიატრიული საავადმყოფოს მესამე სართულზე ასულებს უკვე გველოდებოდნენ. ექთანი გვიხსნის, როგორ ჩავიცვათ ჰერმეტული კომბინეზონი, შემდეგ რეზინის ხელთათმანები, სათვალე, ჯერ ერთი ნიღაბი, მერე მეორე და ბოლოს დამცავი ფარი სახეზე. რეანიმაციულ განყოფილებაში ყველა (ექიმები, პაციენტის მშობლები, ახლობლები) ასე შედის.
ამ პალატაში განსაკუთრებით მძიმე პაციენტები წვანან, ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები, და ჩვილები კორონავირუსის გამო სიკვდილს ებრძვიან.
აქ საბა და მასთან ერთად კიდევ 6 პატარა პაციენტი „სიპაპის“ [CPAP - ჟანგბადის ხელოვნურად მიწოდების მოწყობილობა] აპარატზეა მიერთებული. მათ დღეში ერთხელ ნახევარი საათით თუ ნახავენ ოჯახის წევრები. მძიმე პაციენტებთან მშობლებს პალატაში არ ტოვებენ.
ოთახში მხოლოდ კარდიოლოგიური მონიტორის წრიპინი და ბავშვების მძიმე ქშინვა ისმის.
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში მოხვედრილი პაციენტების მესამედი 1 წლამდე ბავშვები არიან.
„კორონავირუსით დაავადებულებს ყველას აქვთ შიში, რომ შეიძლება რამე დაემართოთ, მით უმეტეს მშობლებს, რომლებმაც იციან, რომ ჩვილებში ყველა ინფექცია უფრო მძიმედ მიმდინარეობს“, - გვეუბნება კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე.
დელტა შტამმა რადიკალურად შეცვალა მიდგომა ბავშვების მიმართ. სანამ დელტა შტამი გავრცელდებოდა, მათ შორის საქართველოში, კლინიკაში არცერთი მძიმე პაციენტი არ ჰყოლიათ და, შესაბამისად, არც გარდაცვალების შემთხვევები ჰქონდათ.
ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა, რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე ყოველთვის არის მძიმე მდგომარეობაში მყოფი ერთი პაციენტი მაინც.
პალატაში ყველაზე უკეთ თავს თვე-ნახევრის მარიამი გრძნობს, რომელიც თავისი ცხოვრების თითქმის მესამედია რეანიმაციულ განყოფილებაში „ცხოვრობს“, ახლა შია და მხოლოდ ამიტომ ტირის. მარიამს დამატებითი ჟანგბადი არ სჭირდება და სახლშიც მალე დაბრუნდება.
ამ მომენტისთვის, კორონავირუსის დიაგნოზით ციციშვილის კლინიკაში 100- ზე მეტი პაციენტი მკურნალობს, მათგან 20 რეანიმაციულ განყოფილებაშია - მათ შორის პატარა ცოტნე და დედამისი ელენე. თუკი ბავშვი თავს კარგად გრძნობს, მშობელს უფლება აქვს, მასთან ერთად იყოს, ასეთ დროს თერაპევტები კოვიდინფიცირებულ მშობლებსა და შვილებს ერთდროულად მკურნალობენ. ასე არიან საბა და ელენეც.
ცოტნე სულ ერთი კვირის დაბადებული იყო, როდესაც ოჯახში კორონავირუსით დაინფიცირდნენ, ახალ გარემოსთან შეგუება ვერ მოასწრო, რომ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა. ელენე გვიყვება, რომ აცრა „არ დასცალდა“. ფეხმძიმობისას ექიმს არ ურჩევია აცრილიყო, იფიქრა, მშობიარობის შემდეგ ავიცრებიო, მაგრამ კორონავირუსმა ვაქცინაციას დაასწრო. ოჯახში მშობლები, ბავშვები და ყველაზე პატარა ცოტნეც ერთმანეთის მიყოლებით დაინფიცირდნენ.
„ჩემს დანარჩენ ორ ბავშვს 37,5 ჰქონდათ სიცხე, ბევრ სითხეს სვამდნენ და წამლების საშუალებით ეწეოდათ ტემპერატურა ქვემოთ, ცოტნე რახან ძალიან პატარაა, შემეშინდა, რომ რამე არ გართულებოდა, პედიატრებმა გვირჩიეს 112-ში დაგვერეკა და საავადმყოფოში გადმოგვეყვანა“.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუკი ბავშვს COVID-19 დაუდასტურდა?
„ყველა ბავშვს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ჩვილები და ახალშობილები ის რისკჯგუფია, რომელიც სასურველია იყოს ჰოსპიტალიზებული, რადგან კორონავირუსისთვის დამახასიათებელია შეუპოვარი ცხელება, ამ დროს ორგანიზმი ვერ იღებს საკმარის სითხეს, ხდება გაუწყლოვანება, ორი კვება თუ გამოტოვა ჩვილმა, ეს მისთვის შეიძლება ძალიან დამაზიანებელი იყოს და ბინაზე ვერ მოხდება სიტუაციის მართვა. ამიტომ, ჩვილები და ახალშობილები სასურველია იყვნენ ჰოსპიტალიზებულები”, - გვპასუხობს მაია ჩხაიძე.
იგი ჩამოგვითვლის იმ პირობებსაც, რომლის დროსაც საავადმყოფოში გადაჰყავთ შედარებით მოზრდილი ბავშვებიც:
- ვერ სვამს სითხეს
- აქვს ღებინება
- აქვს მაღალი ტემპერატურა
- უჭირს სუნთქვა. თუ სატურაციაა 93-ზე დაბალი, ესეც საგანგაშო ნიშანია
კიდევ ერთი რისკფაქტორი, როდესაც ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანაა საჭირო, თანმხლები დაავადებებია. ვინც ჩვენ მძიმე გართულებით რეანიმაციაში ვნახეთ, მათ უმეტესობას სწორედ თანმდევი სხვა დიაგნოზებიც ახლდა (ცერებრალური დამბლა, დაუნის სინდრომი...).
ასეთ შემთხვევაში, ბავშვს მშობლებისა და ექიმების განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე სჭირდება.
ერთი შვილის დედა, მაკა ლორია შედარებით მშვიდად იყო, როდესაც თავად და მისი მეუღლე დაინფიცირდნენ. პირველივე სიმპტომებიდან დაიწყო სითხეების სმა, აქტიური მოძრაობა, ტემპერატურის დროს სიცხის დამწევს სვამდა, მით უმეტეს, რომ ოჯახის ექიმი ერთი კვირის მანძილზე არ დაჰკავშირებია.
ყველაფერი მომენტალურად შეიცვალა, როცა მის შვილს, 2 წლის და 4 თვის ტაისიას, სიცხემ აუწია და ფერი შეეცვალა…
Your browser doesn’t support HTML5
მაკა ამბობს, რომ ინტენსიურ განყოფილებაში სამედიცინო პერსონალი პროფესიონალურად ექცეოდა მასაც და შვილსაც, თუმცა იმავეს ვერ ამბობს თერაპიულ განყოფილებაზე, მკურნალი ექიმის გამოკლებით: „როდესაც ექთნებს ვეკითხებოდი, რა პროცედურაზე გაგყავთ-მეთქი, ექთანი მეუბნებოდა, რა იყო, არ გვენდობიო?
წესია, რომ ანალიზის გაკეთების დროს არ შეიძლება მშობელი გაჰყვეს ბავშვს.
დერეფანში არ გვიშვებდნენ, მაგრამ მე მაინც გავედი, ერთი ბოლოდან მეორეში ბავშვის [შვილის - რ.თ.] ტირილი მესმოდა, შევედი და საშინელი სურათი დამხვდა, გადასხმისთვის კათეტერი უნდა ჩაედგათ, ბავშვი არ ჩერდებოდა, ეტყობა ამ ტირილზე გული აერია, იყო დასვრილი და ესენი მაინც ჩხვლეტდნენ, ხმამაღალი საუბრის შემდეგ ექიმი შემოვიდა და უთხრა დანარჩენებს, რომ ბავშვისთვის თავი დაენებებინათ, მოვაწესრიგე და რეანიმაციაში ჩაიყვანეს, ეტყობა, იქ უფრო კვალიფიციური ადამიანი იყო. მომდევნო ჯერზეც გავყევი და არ დავთმე პოზიციები.
ჩემთან ერთადაც ტირის, მაგრამ, რა თქმა უნდა, უფრო მშვიდადაა ბავშვი. ამიტომ, ვურჩევ მშობლებს, რომ არ დაიბნენ, მოითხოვონ რაც ეკუთვნით და იყვნენ ყველაფრის საქმის კურსში.
მკურნალი ექიმი ნამდვილად გულისხმიერი იყო და გამოკვლევებსაც ატარებდა და ყველა კითხვაზე მპასუხობდა, მაგრამ მორიგე ექიმებმა არასდროს იცოდნენ რა სჭირს პაციენტს და ყოველ შემოსვლაზე ახლიდან ვუყვებოდი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ“.
იმისთვის, რომ ნაკლებ დედას ჰქონდეს სანერვიულო შვილის ჯანმრთელობაზე, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე ამბობს, რომ მშობლების ვაქცინაცია ბავშვების დაცვის საუკეთესო გზაა.
„მეხუთე ტალღა მოსალოდნელია მსოფლიოში და არც საქართველოა გამონაკლისი, თან როცა კატასტროფულად შემცირებულია ვაქცინაციის ტემპი. რადგანაც ბავშვები ძირითადად ოჯახში ინფიცირდებიან, ვისაც ჰყავს პატარა სახლში, აუცილებლად უნდა იყოს აცრილი. ახალშობილებში ადვილად დაინფიცირება იმის ბრალია, რომ მათი იმუნური სისტემა უმწიფარია. თუ დედა აცრილია ან კოვიდგადატანილი, ძუძუთი კვების დროს დედის ანტისხეულები გადადის ახალშობილებზე, თუ არა, მაშინ უფრო მეტია ვირუსით დაინფიცირების შანსი“.
ვაქცინამ უშველა ნუკა ორჯონიკიძეს და ოჯახის ყველა აცრილ წევრს, კორონავირუსი მხოლოდ მის 12 წლის შვილს ელენეს შეხვდა. ბორჯომში ბებია-ბაბუასთან ჩასული, მეგობრების წრეში დაინფიცირდა.
„რომ ვიხსენებ, პირველი რეაქცია იყო ცოტა პანიკა, მაგრამ მერე თავი ხელში ავიყვანე. იმისთვის, რომ ბავშვები არ დაგვესტრესა, მშობლებმა უარი ვთქვით სახლში პირბადით სიარულზე და მკაცრ იზოლაციაზე, დარწმუნებული ვიყავი, რომ დავინფიცირდებოდით, მაგრამ რადგან აცრილი ვიყავი, ვიცოდით, რომ მსუბუქად გადავიტანდი და ამიტომ აცრას მივენდეთ. ერთადერთი, ვცდილობდით, რომ ქეთოს, ჩემს მეორე შვილს დაეცვა დისტანცია და გამოყოფილი ჰქონოდა თავისი ჭურჭელი“, - გვიყვება ნუკა.
ელენესთვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ოჯახის წევრების სიმშვიდე, რამდენიმედღიანი შემაწუხებელი სიმპტომების შემდეგ ვირუსი გავიდა.
Your browser doesn’t support HTML5
ნუკა ამბობს, რომ მხოლოდ იმიტომ არ გახდნენ სხვისი დაინფიცირების წყარო, რომ ყოყმანის მიუხედავად ზედმიწევნით დაიცვეს თვითიზოლაციის წესები. „რაც ყველაზე მთავარია, ეს მინდა ვთქვა, ლამის მეც შევცდი და სხვებმაც რომ გაითვალისწინონ. ჩვენ გვითხრეს, რომ კონტაქტიდან 10 დღე უნდა იყო თვითიზოლაციაში, 7 დღე რომ გავიდა, უკვე ვბრაზობდი - [ვფიქრობდი] რატომ გვსვამენ ძალით სახლში. ექიმებთან გადავამოწმე და მართლა გადავრჩი, რომ იმ დღეს არ გავუშვი ბავშვი კახეთში ჩემს აუცრელ მშობლებთან. ექიმმა მითხრა, რომ მაინც დაგვეცვა 10-დღიანი პროტოკოლი და მერვე დღეს დაუდასტურდა კოვიდი. ჯამში 8-დღიანი თვითიზოლაციის ჩათვლით 20 დღე ვიყავით სახლში, ანალიზების პასუხის გაგების შემდეგ უკვე გამოვედით გარეთ“.
იმისთვის, რომ ვირუსი არ გავრცელდეს, ელენეს თქმით, მაღაზიებსა და საჯარო ადგილებში ფორმალურად არ უნდა ზომავდნენ სიცხეს, მოსახლეობამ კი ის მარტივი წესი გაითვალისწინოს, რაც აუცილებელია კორონავირუსისგან თავის დასაცავად: „ქუჩაში ვხედავ ბავშვს, რომელსაც პირბადე არ უკეთია, გვერდზე მშობელი მოჰყვება და მასაც არ აქვს პირბადე, ამიტომ შვილიც ისე იქცევა, როგორც მშობელი“.
სწორედ ვაქცინაცია და რეგულაციების დაცვაა ის წინაპირობა, რომელიც განსაზღვრავს, შეძლებენ თუ არა ბავშვები სკოლებში დაბრუნებას და იქნება თუ არა გარემო უსაფრთხო მათი ჯანმრთელობისთვის.