ბენდელიანი დაცხრილულ მანქანაზე: "კობახიძეები, თალაკვაძეები, ივანიშვილი მე ვერ დამაშინებენ"

ცაგერის მერობის კანდიდატი გიორგი გახარიას პარტიიდან "საქართველოსთვის", ბესარიონ ბენდელიანი, რომელსაც დილით მანქანა დაცხრილული დახვდა, მომხდარს თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

"მივმართავ საქართველოს პროკურატურას, შსს-ს და პირდაპირ მინისტრს, გომელაურს - გამოძიებულ იქნას ეს ფაქტი და საკადრისად დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც დაუკვეთა ეს ბინძური კამპანია.

ეს არის დაშინების მცდელობა, მაგრამ მე მეომარი ვარ, ვეტერანი ვარ, კობახიძეები, თალაკვაძეები, ბატონი ივანიშვილი, რომელიც კოლბაში ზის, მე ვერ დამაშინებენ", - განაცხადა ბესარიონ ბენდელიანმა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ქმედება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი და გლდანის მაჟორიტარი კანდიდატი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ პარალელურად სხვადასხვა რეგიონში გრძელდება კანდიდატების მიმართ ზეწოლა და მუქარა. მისი თქმით, მხარდამჭერებს სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან. 24 სექტემბერს ლაგოდეხის საკრებულოს კანდიდატს, სალომე ღონღაძეს მანქანის საბურავები დაუჭრეს, რამდენიმე დღის წინ კი ასპინძაში მერის მოვალეობის შემსრულებელი და სხვა მოხელეები, მერიის თანამშრომლები, თავს დაესხნენ ასპინძის საკრებულოს კანდიდატს, არკადი სოფოიანს.