საქართველოში ასამდე ბავშვს კორონავირუსის გადატანის შემდეგ რამდენიმე კვირაში, პოსტკოვიდური მულტისისტემური ანთებითი სინდრომი (MIS-C) დაუდგინდა. ეს არის კოვიდის შემდგომი გართულება, რომელსაც სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია სჭირდება. დღეს ექიმები შემთხვევების მატებას ელოდებიან. რატომ ემართებათ ბავშვებს MIS-C, რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება და რა შეიძლება გაკეთდეს? - ამ და სხვა კითხვებზე რადიო თავისუფლებას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე პასუხობს.
MIS სინდრომის მქონე ბავშვების უმეტესობა, სწორედ იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდნენ. ბატონო ივანე, ათობით ბავშვი ხვდება თქვენს კლინიკაში კოვიდის შემდგომი პოსტკოვიდური გართულებებით, რას უჩივის მათი უმრავლესობა?
MIS-C არის ერთადერთი შემთხვევა პოსტკოვიდურ გართულებებს შორის, რასაც ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა სჭირდება.
ეს იმდენად მწვავე პრობლემაა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დაავადების მართვის ეროვნული პროტოკოლი, რომლის შექმნაშიც ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა და, შესაბამისად, ექიმებმაც იციან, როგორ უნდა მოხდეს დიაგნოსტიკა, მკურნალობა, და შემიძლია ვთქვა, რომ პაციენტების 90% სწორედ იაშვილის კლინიკაში გადიოდა მკურნალობას.
ყველა სხვა მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ხანგრძლივ კოვიდს ვეძახით, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ არის პრობლემა და დროთა განმავლობაში თავისით გაივლის, მაგალითად, დაბალი ტემპერატურა, ძილის დარღვევა, გემოვნების და ყნოსვის დაკარგვა.
მოდით მაშინ ჯერ განვმარტოთ, რა არის MIS და რატომ ემართება ეს სინდრომი ბავშვებს?
ეს არის მდგომარეობა, როდესაც კორონავირუსის გადატანიდან 4-6 კვირის შემდეგ, გამოჯანმრთელების ფონზე იწყება ტემპერატურის მკვეთრი მომატება, ამის კვალდაკვალ ზიანდება სხვადასხვა ორგანოთა სისტემა და ეს იმდენად მძიმე ფორმით ვითარდება, რომ ბავშვები ხვდებიან საავადმყოფოებში.
მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ეს არის კოვიდის შემდგომი გართულება და ვირუსის ზემოქმედების შედეგად გამოწვეული ორგანიზმის იმუნური პასუხი.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კორონავირუსის მიმდინარეობას, ანუ მძიმე ფორმით გადაიტანა პაციენტმა კორონა თუ მსუბუქად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვების მშობლების უმეტესობამ ჩვენგან გაიგო, რომ მათ შვილს ჰქონდათ გადატანილი კორონავირუსი. ეს იყო უსიმპტომო შემთხვევები ყოველგვარი კლინიკური გამოვლინებების გარეშე.
რამდენად მაღალია სინდრომის განვითარების რისკი და რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები?
საბედნიეროდ, არ არის ხშირი, მაგრამ საყურადღებოა. თუ კორონავირუსის მწვავე ფაზა შეიძლება ბავშვმა გადაიტანოს ძალიან მსუბუქად და უსიმპტომოდ, აქ სრულებით საპირისპირო ვითარება გვაქვს. ამ სინდრომის მქონე ბავშვების 99%-ს სჭირდება საავადმყოფოში მკურნალობა, რადგან მდგომარეობა არის მძიმე, მაღალი სიცხე, რამდენიმე ორგანოს ჩართვა, დაზიანება ხდება პროცესში და სერიოზული დარღვევები. 2020 წლის თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით დაინფიცირდა დაახლოებით 60-70 ათასი ბავშვი, მათგან MIS-ის 90-მდე შემთხვევაა. აბსოლუტური უმრავლესობა, 78 ბავშვი, მკურნალობდა იაშვილში, პირველი დიაგნოზი 2020 წლის ნოემბერში დავსვით.
რა ასაკის ბავშვებში გვხვდება MIS-C?
კოვიდისგან განსხვავებით, როცა ნებისმიერი ასაკის ბავშვს შეიძლება დაემართოს, აქ საშუალოდ 8 წლის ასაკის ბავშვებთან გვხვდება უფრო ხშირად. სხვა ქვეყნების მონაცემების მიხედვით, 6 წელია, ანუ ეს არ არის ჩვილობის პერიოდი, ძირითადად სინდრომი ვითარდება 4-10 წლის ასაკის ბავშვებში.
იზრდება თუ არა შემთხვევების რაოდენობა?
ახლა 4 ბავშვი წევს იაშვილში. კორონავირუსის მაქსიმალური მაჩვენებელი ჩვენ გვქონდა აგვისტოს ბოლო კვირას, რახან სინდრომი კორონავირუსის მწვავე ფაზიდან 4-6 კვირის შემდეგ ვითარდება, ამ ბავშვების შემოსვლის მატებას ველოდებით 17 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ფარგლებში, ეს იქნება მომართვიანობის პიკი და ასეც არის, თუ ივლისში კვირაში 1 ბავშვი შეიძლება შემოსულიყო, ახლა, ბოლო დღეებში შემოსული 4 პაციენტი წევს.
რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა?
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან ახლა არის მოსალოდნელი MIS-C სინდრომის მქონე ბავშვების მატება, მშობლები აუცილებლად უნდა იყვნენ ინფორმირებულები, რომ თუ ბავშვს უეცრად 38-ზე მაღალი ტემპერატურა ექნება, ამასთან, სხვა სიმპტომიც გამოუვლინდება, გამონაყარი, დიარეა, ხველება, სუნთქვის გაძნელება, ღებინება, შეშუპება, ხველა, მშობლებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, რადგან შესაძლებელია, ეს იყოს MIS-C სინდრომი.
სინდრომისთვის იმდენად დამახასიათებელია მუცლის ძლიერი ტკივილი, რომ აღწერილია შემთხვევები, როცა ჩათვალეს, რომ პაციენტს აქვს აპენდიციტი და შეცდომით გააკეთეს ოპერაცია, ვინაიდან ცხელება, მუცლის ტკივილი და სისხლში ცვლილებები ასევე მიმანიშნებელია აპენდიციტის, მაგრამ თუ უფრო ღრმად ჩაიხედავთ, სხვა ფაქტორების გათვალისწინებით უნდა მოხდეს სწორი დიაგნოსტიკა.
ჩვენთან იყო სამი შემთხვევა, როდესაც მწვავე ტკივილები იყო მუცლის არეში და ქირურგები დაელოდნენ ანტისხეულების პასუხს და დადასტურდა, რომ ეს იყო მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. რადგანაც გაიდლაინი ჩვენი ჩართულობით შეიქმნა, პერსონალიც მობილიზებულია და იცის, როგორ მოიქცეს.
ვის უნდა მიმართოს მშობელმა დიაგნოსტირებისთვის?
ბავშვები აუცილებლად უნდა მოთავსდნენ მულტიპროფილურ კლინიკებში, რადგან, როდესაც ჩვენ ამ ბავშვებს ვიღებთ, მაშინვე იკრიბება კონსილიუმი, რომელშიც მონაწილეობს ნევროლოგი, რევმატოლოგი, კარდიოლოგი, გასტროენტეროლოგი და ა.შ., ანუ ის სპეციალისტები, რომელთა პროფილითაც შეიძლება სიმპტომები იყოს.
რამდენად მძიმედ მიმდინარეობს სინდრომი, რამდენი ბავშვი ხვდება რეანიმაციაში?
78 შემთხვევიდან 18 ბავშვი მოხვდა რეანიმაციაში. ასეთ დროს პაციენტებს სჭირდებათ ინტრავენური იმუნოგლობულინის გაკეთება [იგივე ანტისხეულები, რომლებიც ორგანიზმს ეხმარებიან ბაქტერიებისა და ვირუსების აღმოჩენასა და მათ განეიტრალებაში - რ.თ].
ერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც ძალიან მძიმე იყო პაციენტის მდგომარეობა ფილტვის, გულის და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანების გამო, და რომ არა იმუნოგლობულინი, ვერ მოხერხდებოდა მისი გადარჩენა. 24 საათში სურათი დადებითობისკენ შეიცვალა.
როგორც ვიცი, ძალიან ძვირადღირებულია თავად იმუნოგლობულინიც და მკურნალობაც, ვინ ფარავს ხარჯებს?
ყველა ხარჯს, დაკავშირებულს მულტისისტემური ანთების სინდრომთან, ფარავს ჯანდაცვის სამინისტრო, მათ შორის [ფარავს] იმუნოგლობულინის გამოყენების ხარჯებსაც.
რამდენად ხელმისაწვდომია ეს პრეპარატი?
პირდაპირ ვიტყვი, რომ კლინიკების უმეტესობას არ აქვს იმუნოგლობულინი, რადგან სპეციფიკური შემთხვევებისთვის არის ის, პრაქტიკაში 2-3 კლინიკა თუ იყენებს, როცა მძიმე ნევროლოგიური პაციენტია, ფიქსირდება MIS სინდრომი და ა.შ. შეიძლება ითქვა, რომ მულტისისტემური ანთებითი სინდრომის მკურნალობა თბილისის ერთეულ კლინიკებშია შესაძლებელი.
მულტიპროფილური კლინიკები რეგიონში მხოლოდ რამდენიმეა და სოფლებში საერთოდ არ არსებობს, თბილისამდე ჩამოსვლას კი დრო სჭირდება, ხომ არ გამოიწვევს ეს პაციენტის მდგომარეობის დამძიმებას და ლეტალურ შედეგს?
ლეტალობის მაჩვენებელი ბევრად მეტია, ვიდრე კორონავირუსის მწვავე ფაზის დროს, ამიტომ მნიშვნელოვანია, არ დააგვიანონ დიაგნოსტიკა, შეიძლება რეგიონში, სოფლებში ხელმისაწვდომი არ არის მულტიპროფილურ კლინიკებში მკურნალობა, მაგრამ მინიმუმ ექიმმა დროულად უნდა გადაამისამართოს პაციენტი, რომ დრო არ დაიკარგოს სხვა დაავადების ძიებაში.
რაც არ უნდა იყოს, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან თბილისში ჩამოსვლას უნდა 5-6 საათი, ეს სურათს არ შეცვლის, მაგრამ 2-3 დღის დაგვიანება მნიშვნელოვნად იმოქმედებს.
საბედნიეროდ, საქართველოში MIS-ით გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
არის თუ არა პრევენციის საშუალება, რომ მშობლებმა თავიდან აიცილონ სინდრომის განვითარება?
პრევენციულად არაფრის გაკეთება არ შეიძლება, ერთია, რომ მშობლებმა უნდა ჩაიტარონ ვაქცინაცია და ნუ დააყენებენ ბავშვებს რისკის ქვეშ.
არა მარტო კორონავირუსის მწვავე პერიოდია საშიში, არამედ ეს შემდგომი გართულებებიც გასათვალისწინებელია, რომელიც რამდენჯერმე უფრო მეტად საშიშია ლეტალობის მხრივ, ვიდრე კორონავირუსი.
ასევე ნახეთ MIS-C სინდრომი - COVID-ის გართულებით საქართველოში ათეულობით ბავშვი მკურნალობს