„ოცნება“ გამორიცხავს რუსთავში მისი წევრის მონაწილეობას ოპოზიციის მხარდამჭერზე თავდასხმაში

ნინო ლაცაბიძე

თვითმმართველობის არჩევნებში რუსთავის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ნინო ლაცაბიძე კატეგორიულად გამორიცხავს მისი საარჩევნო შტაბის, ან მხარდამჭერების მონაწილეობას გაერთიანებულ ოპოზიციასთან მიმხრობილ ივანე გველესიანზე თავდასხმაში. ლაცაბიძემ თქვა, რომ ინციდენტის შესახებ გავრცელებული ცნობების გარდა სხვა ინფორმაცია არ აქვს.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია, გამოძიება დაინტერესდება და ალბათ დაინტერესდა კიდეც. ჩვენც გვაინტერესებს მომხდარი ფაქტის მიზეზი”, -თქვა ლაცაბიძემ - „არ მესმის, რატომ უნდა ვიმართლო ამაზე თავი, ერთადერთი რაც შემიძლია, გითხრათ, როგორც ადამიანმა, ვწუხვარ და მინდა ეს ადამიანი ძალიან მალე გამოჯანმრთელდეს“.

ასევე ნახეთ მოქალაქე, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, თავდასხმას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს

რუსთავში მცხოვრები ივანე გველესიანი, რომელიც რუსთავის მერიის ააიპ რუსთავის კორპუსიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებდა, ამბობს, რომ ახლა ეჭვობს, რომ ამ მიზეზით ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას თავს 20 სექტემბერს დაესხნენ. დაშავებულის ნათესავებმა განაცხადეს, რომ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, გველესიანს დაემუქრნენ, რომ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, თუ არ შეწყვეტდა გაერთიანებული ოპოზიციის სასარგებლოდ აქტიურობას.

„ოცნება" თავდასხმაში „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ორგანიზაციამაც დაადანაშაულა. მმართველი პარტიის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ ოპოზიციის მისამართით თქვა, რომ „არასწორია საარჩევნო კამპანიის დროს ამგვარი სამწუხარო ფაქტების გადაბრალება“.