ავსტრიაში ნარკოტესტირების ჩატარების მიუხედავად, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კვლავ კოკაინის მომხმარებელს უწოდებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს გახარია კოკაინს არ მოიხმარდა.
„ეს პრობლემა მას არ ჰქონია, მაშინ, იმ დროისათვის [„ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს]. ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. შეგვიძლია, გავიხსენოთ ძალიან მარტივი გამონათქვამი: „ხარი ხართან დააბი და ა.შ.“
როდესაც ის თავისი საქმიანობით და ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ძალიან მჭიდრო შეხება კონკრეტულად კოკაინთან, არა მარტო ნარკოტიკებთან.
კონკრეტულმა ადამიანებმა მიუტანეს მას ეს ნარკოტიკული საშუალება და ეს ადამიანები ძალიან საეჭვო კავშირებთან არიან მხილებულები. როდესაც ნიკა მელიას გამო გადადგები, ამის შემდეგ არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ასევე ნახეთ პარტია „საქართველოსთვის": გახარიას ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაუდასტურდაგიორგი გახარიას, „საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ინფორმაცია პარტიამ 18 სექტემბერს გაავრცელა.
მისი ინფორმაციით, მას ექსპერტიზა ჩაუტარდა ქალაქ ვენის წამყვან ჰოსპიტალში „RUDOLFINERHAUS“ 2021 წლის 14 სექტემბერს.
„ექპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ გაიარა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ნებაყოფლობითი შემოწმება სისხლისა და შარდის ანალიზებით. გამოკვლევა ჩატარდა ავსტრიაში დადგენილი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად.
დეტალური კვლევების შედეგებით, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დასტურდება.
დოკუმენტის გაცემის თარიღია - 2021 წლის 16 სექტემბერი", - იუწყება პარტია „საქართველოსთვის.
თავად გიორგი გახარიამ „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ თმის ნიმუშის კვლევის პასუხამდეც რამდენიმე დღე დარჩა.
17 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას „კოკაინშიკი" უწოდა. „ყველანაირად სუფთა ვარ“, - ეს სიტყვები თქვა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ნარკოტესტირების ჩატარების შემდეგ და კონკურენტებსაც ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდა. 11 სექტემბერს ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეს მოწოდება ხომ არ არის კომპრომატებით ბრძოლა პოლიტიკოსებს შორის, კალაძემ ასე უპასუხა: „კომპრომატი რა შუაშია? გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებული ადამიანია?“
კალაძემ ასევე თქვა, რომ არავინ გაითვალისწინა მისი მოწოდება, დედაქალაქის მერობის კანდიდატებს ჩაებარებინათ ნარკოტესტი და ამით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის შეეწყოთ ხელი. „შესაბამისად, ამ თემაზე საუბარს აღარ აპირებს“, - დაამატა მან.
გახარიამ კი საპასუხოდ აღნიშნა, რომ მისთვის ეს საკითხი არ იყო ამოწურული.
საქართველოს კანონმდებლობით მერობის კანდიდატს არ აქვს ნარკოტესტირების გავლის ვალდებულება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.