საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყანაში ოპოზიციის საწინააღმდეგოდ გამოკრულ ე.წ. სისხლიან ბანერებზე მოკვლევა დაიწყო. ცესკოს საჩივრების რეესტრში "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას საჩივარს სატატუსად მითითებული აქვს, რომ "განხილვაშია".
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას წარმომადგენელმა ქუჩებში გამოკრულ ბანერებთან დაკავშირებით ცესკოს საჩივრით 19 სექტემბერს მიმართა. განაცხადებში აღნიშნული იყო, რომ ამ პლაკატებით დარღვეული იყო საარჩევნო კოდექსი:
"სააგიტაციო მასალა შეიცავს ძალადობის პროპაგანდას კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მიმართ, ასევე მისი შინაარსიდან გამომდინარე ის საზოგადოებაში აღვიძებს შუღლს და დაპირისპირებას, იწვევს საზოგადოების პოლარიზებას, აგრეთვე, ცალსახაა, რომ აღნიშნული მასალის განთავსება მიზნად ისახავდა საარჩევნო სუბიექტების დისკრედიტაციას", - ეწერა საჩივარში.
სარეკლამო კომპანია "ალმას" ბილბორდებზე "სისხლიანი ბანერები" 17 სექტემბრიდან გამოჩნდა. ამ ახალ პლაკატებზე ნეგატიურ კონტექსტში, სისხლის მსგავსი შეფერილობით გამოსახული არიან ოპოზიციონერი ლიდერები და ოპოზიციური მედიის "მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია, ასევე, "TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. პლაკატებზე გამოკრული პოლიტიკოსები არიან: მიხეილ სააკაშვილი, გუბაზ სანიკიძე, ზურა ჯაფარიძე, გიგა ბოკერია. წელს, წინა წლისგან განსხვავებით, ამ ბილბორდზე მოხვდა ყოფილი პრემიერი, "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი გიორგი გახარია.
"მერია არაფერ შუაშია, არანაირი უფლება არ აქვს მერიას ბანერის ჩამოხსნის, ან დაკიდების. არაფერი რეაგირება არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში..." - აცხადებს თბილისის მერი და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, კახა კალაძე.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით კი, "როგორც ჩანს, ეს არის „მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის განმავლობაში უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა".
ასევე ნახეთ "ქართული ოცნებისთვის" სისხლიანი ბანერები გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციააბილბორდებზე გაკრულ პლაკატებს შპს "ალმაში" რამდენიმე დღის შემდეგ, 20 სექტემბერს გამოეხმაურნენ. კომპანია აცხადებს, რომ ემიჯნება იმ პლაკატების შინაარსს, რომელიც მათივე კუთვნილ ბილბორდებზეა გამოკრული.
"ხაზგასმით აღვნიშნავთ და ეს იცის ყველა ჩვენმა დამკვეთმა, რომ "ალმას" არანაირი შეხება არ აქვს სარეკლამო ბანერის შინაარსთან, დიზაინთან, ვიზუალურ ელემენტებთან, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასთან თუ სხვა. "ალმა" ახდენს მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ბილბორდებზე ანუ კონსტრუქციებზე არსებული ფართის გაყიდვას/გაქირავებას...
ამას გარდა ვაცხადებთ, რომ ჩვენ სრულიად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებთ ნებისმიერი სუბიექტის გამოხატვის თავისუფლებას და მისი უზრუნველყოფის საჭიროებას, ჩვენთვის ცალსახად მიუღებელია ხსენებული სარეკლამო ბანერების კონტენტი", - ვკითხულობთ კომპანიის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.