„ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი უარს ამბობს უპასუხოს იმ ბრალდებებს, რომლიც მის წინააღმდეგ ტელეკომპანია „მთავარ არხს“ აქვს.
„2014 წლიდან - მოქმედი მერი. მეტსახელი „ჩლიქოსანი“. ანზორ ჩუბინიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი. დაკავებული ბათუმში, გადმოყვანილი ქარელში. პატიმრობას იხდიდა უკრაინაში. 2000 წლამდე მუშაობდა სლოტ-კლუბისა და საუნის დაცვის უფროსად. 2008 წელს გადმოიბირა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მთავარმა სამმართველომ. დავალება - ფარული ვიდეოჩანაწერების განხორციელება მაღალჩინოსნებზე“ - ასე ახასიათებს „მთავარი არხი“ ზაზა გულიაშვილს.
„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ბექა ყორშიამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სწორედ ამ თემაზე პასუხის მისაღებად იყო ზაზა გულიაშვილთან ქარელში ჩასული, როდესაც მისი ოპერატორი, ლევან აბლოთია, მეორე სართულის კიბის უჯრედიდან გადმოაგდეს.
ასევე ნახეთ
ბექა ყორშია: „მეგონა, რომ ყველაფერი მორჩა და ვერ გადარჩება“რადიო თავისუფლება „ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატსაც ესაუბრა.
- ბატონო ზაზა, რა მოხდა მაშინ, როცა გადამღები ჯგუფი თქვენთან მოვიდა?
- როცა ჩვენს ოფისში შემოვიდნენ, არც კამერაზე, არც მიკროფონზე ლოგოები არ ჰქონდათ. უშვერი სიტყვებით შემოვარდნენ სააქტო დარბაზში, იძახდნენ „კრიმინალი სად არის?“, „ქურდი სად არის?“. ორი ჩემი თანამშრომელი კართან შეხვდა, გაუღეს და უთხრეს, გასულიყვნენ. ჟურნალისტი ხელით გასწიეს გარეთ, წელზე მოხვიეს ხელი და გაუშვეს. ოპერატორი იღებდა. დაუძახეს, შენც გადი გარეთო და რომ გავიდნენ აივანზე, მიუხურეს კარი. მე თვითონ ვუთხარი, აღარ გაჰყვეთ-მეთქი.
წინასაარჩევნო პერიოდია და შტაბში ჩემი აქტივისტები დადიან. მაშინაც ერთ-ერთი ამოვიდა. გადაღება დაუწყეს. ამან უთხრა, ნუ მიღებთო და კამერას შეეხო. ჩემი თანამშრომლები გამოვიდნენ გარეთ ხმაურზე, ნახეს ეს ყველაფერი. ეს ახალგაზრდა, რომელიც ოპერატორი იყო, სამწუხაროდ, უკან-უკან წავიდა კადრების ასაღებად და მოაჯირს მიეჯახა. სადღაც 50-60 სმ-ია კიბის მოაჯირი. დიდი კამერა ეჭირა, ამ კამერამ უკან გადასძალა და გადავარდა, მეორე-მესამე საფეხურზე დავარდა. საბედნიეროდ, არაფერი დაშავებია.
- ამ დროს აივანზე მეტი არავინ იყო?
არავინ. კარებთან იდგა ჩემი ორი თანამშრომელი. მერე მეც ვუყურებდი. ჩვეულებრივად ადგა ეს პიროვნება, შარვალი დაიბერტყა, ხელზე დაიხედა, კამერა აიღო და სადღაც წუთი-წუთნახევრის მერე ჩამოჯდა. ჟურნალისტი ეუბნებოდა, სასწრაფოში დავრეკე და დაჯექი, ახლა ცუდად უნდა იყოო.
- ბექა ყორშია თქვენთან ჩამოსული იყო სიუჟეტის მოსამზადებლად. „მთავარ არხს“ ჰქონდა კითხვები თქვენს წარსულთან დაკავშირებით.
მე ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მე ორი ვადით ვარ არჩეული და ახლა მესამე ვადით ჩემმა პარტიამ კიდევ ნდობა გამომიცხადა. როგორ ფიქრობთ, ასეთი წარსულის ადამიანს ორჯერ და სამჯერ ნდობას გამოუცხადებენ? თან პირველ არჩევნებზე 61% იყო ეს ნდობა და მეორე არჩევნებზე - 67%.
ეს [„მთავარი არხი“] პარტიული ტელევიზიაა. იციან, მათ პარტიას ქარელის რაიონში არჩევნები წაგებული აქვს. დღევანდელი ჩემი კონკურენტი წინა არჩევნებზეც ჩემი კონკურენტი იყო. მისი ხმების რაოდენობასაც შეგიძლიათ გადახედოთ და ჩემსასაც. თქვენ როგორ ფიქრობთ, მოსახლეობამ არ იცის, ვინ არის საქმის გამკეთებელი? დარწმუნებული ვარ, 2-3-ჯერ მეტ ხმას ავიღებ, ვიდრე დანარჩენი ოპოზიცია ერთად აღებული.
- ანუ ბრალდებებს უარყოფთ?
რა თქმა უნდა! ერთი სიტყვაც არ არის სიმართლე. გაკვირვებული ვარ ასეთი ზღაპრების მოყოლა საიდან შეუძლიათ. ის [იყენებს დამამცირებელ შეფასებას] ამბობს, რომ თურმე დამიჭირეს ბათუმში და უკრაინაში სასჯელი მოვიხადე… ჩემს ცხოვრებაში ასეთი არაფერი მომხდარა. რამე დოკუმენტი თუ აქვთ, დადონ.