გაფრინდაშვილი ამასაც მოიგებს? – Netflix-ი დათმობას არ აპირებს

ნონა გაფრინდაშვილი ამტკიცებს, რომ ფილმ „ლაზიერის გამბიტის“ რეჟისორმა მის შესახებ სიმართლე შეცდომით კი არა, განზრახ დაამახინჯა. მოჭადრაკე Netflix-ს უჩივის და კომპენსაციას - სულ მცირე 5 მილიონ დოლარს - ითხოვს.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ კალიფორნიის შტატის სასამართლოში სარჩელი 16 სექტემბერს შეიტანა.

ისეთი შესანიშნავი პარტიები მაქვს მოგებული დიდოსტატებისთვის! ამ დროს სერიალში ამბობენ, რომ მამაკაცებთან არ მითამაშია
ნონა გაფრინდაშვილი

Netflix-ის სერიალი „ლაზიერის გამბიტი“ 2020 წელს გამოვიდა და დღემდე პოპულარულია, Imdb.com-ის რეიტინგებში ათიდან 8.6 ქულა აქვს. მხატვრულ ფილმში მოვლენები 1960-იან წლებში ვითარდება. ნიჭიერი ამერიკელი გოგონა ჭადრაკის დიდოსტატებს ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს. ფილმის ბოლო სერიაში ის ჩადის საბჭოთა კავშირში და ეთამაშება მთავარ მეტოქეს, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს, ბორგოვს, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში ერთი, კონკრეტული პროტოტიპი არ ჰყავს - ის სპასკის და კარპოვის გავლენით შექმნილი პერსონაჟია. პარტიის დასაწყისში კადრში გაიელვებს ნონა გაფრინდაშვილის პერსონაჟი. ის დარბაზში სხვა მაყურებლებს შორის ზის, ჭადრაკის კომენტატორი კი ამბობს:

ერთადერთი, რაც [ფილმის მთავარი გმირისთვის] უჩვეულოა, მისი სქესია, მაგრამ რუსეთში არც ეს არის უნიკალური, აქ არის ნონა გაფრინდაშვილი, თუმცა ის ქალთა შორის არის მსოფლიო ჩემპიონი და მამაკაცს არასდროს დაპირისპირებია“.

ეს ფრაზა შეურაცხყოფად მიიღო ნონა გაფრინდაშვილმა და ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ჯერ კიდევ მაისში თქვა.

იქ გამოგონილი ფიგურაა ცენტრში და მერე უცებ ნამდვილი ადამიანი შემოჰყავთ ჩემი სახით. ეს შეცდომაც არ იყო. მწერალი, ვისაც ეს წიგნი აქვს დაწერილი და რომლის მიხედვითაც ფილმი გადაიღეს, ყველაფერს სწორად წერს. წერს, რომ მამაკაცებს ვეთამაშებოდი. მართლა ადრეული ასაკიდან ვთამაშობდი მათთან, სანამ პირველ საერთაშორისო ტურნირში გავიდოდი, მანამდეც. პირველმა მივიღე მამაკაცთა შორის დიდოსტატის წოდება. ისეთი შესანიშნავი პარტიები მაქვს მოგებული დიდოსტატებისთვის! ამ დროს სერიალში ამბობენ, რომ მამაკაცებთან არ მითამაშია“, - თქვა ნონა გაფრინდაშვილმა და ისიც გაიხსენა, რომ კაცები ყოველთვის დიდი სერიოზულობით ეკიდებოდნენ მასთან თამაშს, რადგან ქალთან წაგება არ უნდოდათ.

ასევე ნახეთ ნონა გაფრინდაშვილი: „თუ რამე იყო მოსაგები, ყველაფერი მოგებული მაქვს“

1968 წლისთვის გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები სულ მცირე 59 კაც მოჭადრაკესთან და მათ შორის 10 დიდოსტატთან. სარჩელში წერია, რომ ფილმში გაჟღერებული ფრაზა სექსისტურია, ამასთან: „Netflix-მა თავხედურად და განზრახ იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ, იაფფასიანი და ცინიკური მიზნით, რათა ხაზი გაესვა დრამისთვის, რომ თითქოს გამოგონილმა გმირმა მიაღწია იმას, რაც არც ერთ ქალს არ მიუღწევია მანამდე, გაფრინდაშვილის ჩათვლით“.

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ მთელ სერიალში მხოლოდ გამოგონილი მოჭადრაკეები არიან, ნამდვილი სახელით და გვარით კი მხოლოდ ნონა გაფრინდაშვილი ახსენეს. მისი პიროვნება მარტო იმისთვის შემოიყვანეს ფილმში, რომ ეთქვათ, მამაკაცებთან არ უთამაშიაო.

მათ შეგნებულად დააკნინეს ნონა გაფრინდაშვილის როლი. თან მითითებულია, რომ ფილმის კონსულტანტი გარი კასპაროვი იყო. ვინ ვინ და მან უდავოდ იცოდა, რომ ნონა გაფრინდაშვილი პირველი დიდოსტატი ქალია მამაკაცთა შორის, პირველი ქალი, რომელმაც ქალთა ჭადრაკი მამაკაცთა ჭადრაკის დონეზე აიყვანა - ის თანაბრად მონაწილეობდა როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა ტურნირებზე“, - ამბობს ადვოკატი.

მეორე მხრივ, კინოინდუსტრია სავსეა რეალურ ადამიანებზე შექმნილი ფილმებით, სადაც მათი ნამდვილი ბიოგრაფია ფირზე ასახულს საერთოდ არ ემთხვევა. არცთუ იშვიათად შეცვლილია არა მხოლოდ ისტორიული ფაქტები, არამედ სქესი, კანის ფერი და ის ეპოქაც კი, რომელშიც ეს ადამიანი მოღვაწეობდა.

ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილი ამბობს, რომ მართალია, კინო, როგორც ხელოვნების ფორმა, გამოგონებისკენ არის მიდრეკილი, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა ბევრი დეტალიც უნდა გავითვალისწინოთ:

„რა თქმა უნდა, რეჟისორს აქვს ინტერპრეტაციის უფლება, მაგრამ გასათვალისწინებელია, როგორ იგება სიუჟეტის ქარგა. ფილმში, სადაც არის რეალური ატმოსფერო, ნაჩვენებია ცივი ომი, პერსონაჟები საჭადრაკო სფეროში გამოკვეთილი ლიდერების პროტოტიპებს წარმოადგენენ, ნონა გაფრინდაშვილი ძალიან კონკრეტული სახით შემოდის. სხვა ყველაფერი თითქოს რეალობას მიჰყვება, ყოველ შემთხვევაში მცდარი არაა. ამ ბრძოლაში მე მას მხოლოდ ვგულშემატკივრობ.

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ ნონა გაფრინდაშვილი იმითაც არის შეურაცხყოფილი, რომ სერიალში ის რუს მოჭადრაკედ არის გამოყვანილი, მაშინ როცა საქართველო დღემდე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის. თეო ხატიაშვილი ამბობს, რომ არათუ ახლა, არამედ საბჭოთა კავშირშიც კი ძალიან მტკივნეულად განიცდებოდა, რომ უცხოელებისთვის ყველა საბჭოთა ადამიანი რუსი იყო.

როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, Netflix-მა განაცხადა, რომ დიდ პატივს სცემს ნონა გაფრინდაშვილის კარიერულ მიღწევებს, მაგრამ დაიცავს საკუთარ პოზიციას, რადგან მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა.

ასევე ნახეთ კასპაროვი: „საბჭოთა ჭადრაკში დომინანტურ როლს ქართველი მოჭადრაკე ქალები ასრულებდნენ“