პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის „საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარით „პრაქტიკულად ხელის მოწერა მის ნარკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით“ არსებულ საკითხს. ამის შესახებ კობახიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა შესაბამისი კითხვის პასუხად და თან იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხზე ბოლოჯერ უწევს საუბარი.
„რეალურად, ძალიან მარტივი ინიციატივა წარმოადგინა კახი კალაძემ, რომელიც უკავშირდებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას არ ითვალისწინებს, მან მერობის ყველა კანდიდატს შესთავაზა ჩაებარებინათ ნარკოტესტი. ეს იყო ჯანსაღი ინიციატივა, რაზეც ძალიან დაიბნენ და გაღიზიანდნენ ვიღაცები. ამასაც აშკარად ჰქონდა თავისი მიზეზები. საინტერესოა, რომ როდესაც გახარიამ უარი თქვა, რითაც პრაქტიკულად ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ გააუქმა ნარკოტესტი ყველა მისმა სატელიტმა კანდიდატმა, მათ შორის, ნიკანორ მელიამაც. სოლიდარობა გამოუცხადეს მელიამ და სხვებმა გახარიას მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ გახარია „გაჭედილი“ იყო ამ თემაში. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არის ძალიან მკაფიო ალიანსი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის“, - განაცხადა კობახიძემ.
ასევე ნახეთ ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გიორგი გახარიას უპასუხა„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ინიციატივას ნარკოტესტირების გავლის შესახებ, გამოეხმაურა გიორგი გახარია, პარტიის „საქართველოსთვის“ კანდიდატი. როგორც მან თქვა, გეგმავს, ნარკოტესტირება ჩაიტაროს ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ამ გადაწყვეტილების მიზეზიც დაასახელა.
„ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია პირდაპირ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა „ოცნების“ ბოსების მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით“, - თქვა გახარიამ.
გიორგი გახარია ამბობს, რომ უცხოეთში ნარკოტესტირებას თმის ღერის საფუძველზე ჩაიტარებს.
ასევე ნახეთ გახარია გეგმავს, ევროპაში ჩაიტაროს ნარკოტესტირებაპარტიის „საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. ის მიიჩნევს, რომ განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს მას აქვს „უტყუარი ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დაგეგმილ პროვოკაციაზე“, ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტობრივი მოცემულობის გარეშე არის უაღრესად დამაზიანებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ და მიზნად ისახავს ბიუროს და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციას.
„ყველანაირად სუფთა ვარ“, - ეს სიტყვები თქვა კახა კალაძემ ნარკოტესტირების ჩატარების შემდეგ და კონკურენტებსაც ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდა. 11 სექტემბერს ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეს მოწოდება ხომ არ არის კომპრომატებით ბრძოლა პოლიტიკოსებს შორის, კალაძემ ასე უპასუხა: „კომპრომატი რა შუაშია? გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებული ადამიანია?“
კალაძემ ასევე თქვა, რომ არავინ გაითვალისწინა მისი მოწოდება, დედაქალაქის მერობის კანდიდატებს ჩაებარებინათ ნარკოტესტი და ამით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის შეეწყოთ ხელი. „შესაბამისად, ამ თემაზე საუბარს აღარ აპირებს“, - დაამატა მან.
საქართველოს კანონმდებლობით მერობის კანდიდატს არ აქვს ნარკოტესტირების გავლის ვალდებულება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.