„მთავარი არხის" ცნობით, მათი ოპერატორი „ოცნების" ქარელის ოფისის მე-2 სართულიდან გადმოაგდეს

„ქართული ოცნების" ქარელის ოფისის მეორე სართულიდან „მთავარი არხის" ოპერატორის ლევან აბლოთიას გადმოგდების შესახებ იუწყება ტელეკომპანია. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შიდა ქართლში „მთავარი არხის" კორესპონდენტს გიორგი ახალკაცს, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიის თბილისის ჯგუფი 15 სექტემბერს ქარელში იმყოფებოდა გადასაღებად. მისი თქმით, ინციდენტი მოხდა პარტია „ქართული ოცნების" ოფისში და ოპერატორი მეორე სართულის აივნიდან გადააგდეს. თავად ახალკაცი ახლა მიემგზავრება შემთხვევის ადგილზე და ადგილზე დეტალებს გაარკვევს. ახალკაცის თქმით, ტელეკომპანიის ოპერატორს ფეხი აქვს დაზიანებული.

ლევან აბლოთია

„მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს, რომ ოპერატორი გადაჰყავთ ქარელის საავადმყოფოში.

„მივდივარ ქარელში. ჩემი ჯგუფი გადაღებაზე იყო ქარელში (ბექა ყორშია და ლევან აბლოთია). „ქართული ოცნების" შტაბის მეორე სართულიდან, „ოცნების" წევრებმა გადმოაგდეს ჩვენი ოპერატორი, რომელიც ახლა გადაჰყავს ქარელის საავადმყოფოში სასწრაფოს", - წერს „ფეისბუკზე" ნიკა გვარამია.

ქარელის მერობის კანდიდატის („ქართული ოცნებიდან") ზაზა გულიაშვილის მტკიცებით, „მთავარი არხის" ოპერატორი არავის გადაუგდია ოფისის მეორე სართულის აივნიდან.

გულიაშვილი რადიო თავისუფლება ელაპარაკა პარტიის ოფისში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რა დროსაც ოპერატორი დაშავდა.

კანდიდატი განსხვავებულ ვერისას ჰყვება. მან გვითხრა, რომ ოპერატორი კი არ გადააგდეს, არამედ თავად გადავარდა კიბის მოაჯირიდან და არა აივნიდან.

ასევე ნახეთ „ოცნების" ქარელის მერობის კანდიდატის თქმით, „მთავარი არხის" ოპერატორი თავად გადავარდა

შემთხვევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით არკვევენ ინფორმაციას.