პოლიტიკური პირები, განსაკუთრებით „ქართული ოცნების “ წარმომადგენლები, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად ჩანან სასულიერო პირების გვერდით - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) კვლევა გამოაქვეყნა.
საარჩევნო სუბიექტების ოფიციალურ გვერდებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ხშირად მიდიან „მოსალოცად“, ათვალიერებენ ტაძრების მშენებლობებს, კანდიდატების წარდგენაზე სასულიერო პირებს იწვევენ ან ამ კანდიდატებს პირდაპირ რომელიმე ტაძრის ეზოში წარადგენენ.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ზოგადად „ქართული ოცნება“. „ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენაში სასულიერო პირები როგორც წესი ყოველთვის მონაწილეობენ.
მაგალითად, 10 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი გერგეთის სამებას სტუმრობდა.
11 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად აწყურის კათედრალი დაათვალიერა. ამ პროექტს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.
12 სექტემბერს ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მერობის კანდიდატები პრემიერმა ვარძიაში წარადგინა და თან ისიც აღნიშნა, რომ ვარძიის რეაბილიტაცია ფონდმა „ქართუმ“ ითავა. ამავე დღეს მან აბასთუმანში მონასტერიც მოილოცა.
კვლევის თანახმად, წინასაარჩევნოდ ასევე რელიგიურ თემებს იყენებენ ბადრი ჯაფარიძე, პარტია „ლელოს” ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ახლა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია.
„კვლევა ახლა დავიწყეთ და ჯერაც გრძელდება. ამ დაკვირვებამ აჩვენა, რომ პოლიტიკური სუბიექტები ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სასულიერო პირებით მანიპულირებენ. ამის ყველაზე აქტიურად იყენებს სახელისუფლებო პარტია. ფაქტობრივად გრძელდება წინა წლების „ტრადიცია“. ძალიან ბევრი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა. წინა წელთან შედარებით წელს კიდევ უფრო მეტი პარტია ცდილობს სასულიერო პირების გამოყენებას. ეს ეწინააღმდეგება საარჩევნო პრინციპებს“, - ამბობს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი უჩა ნანუაშვილი.
ბოლო წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგი კლებულობს, მაგრამ NDI-ის 2020 წლის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 50% მაინც ენდობა ეკლესიას. შესაბამისად, ეკლესიასთან ასოცირება პოლიტიკური პარტიებისთვის მომგებიანი სვლაა.
„სასულიერო პირები, განსაკუთრებით მღვდელმთავრები ფეოდალების როლს ასრულებენ ადგილზე. ისინი ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებულები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ადგილობრივ ბიზნესთან, ადგილობრივ ავტორიტეტებთან და მათ აქვთ ძალიან დიდი გავლენა მოსახლეობაზე“, - ამბობს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.
ახლახან გამოქვეყნებული მოსმენების ჩანაწერებში, რომელიც სავარაუდოდ უშიშროების მასალებია, ბევრგან არის აღწერილი სასულიერო პირების პოლიტიკური შეხედულებები, მათი პოლიტიკური შეფასებები და კავშირები პოლიტიკოსებთან.
მაგალითად, ერთ-ერთ ჩანაწერში, როდესაც ერთ-ერთ ეპისკოპოსს ატყობინებენ, რომ მინისტრები რელიგიურ დღესასწაულს სახლში შეხვდებიან და არა ეკლესიაშიო, ის პასუხობს, რომ ამის მერე მათ ხალხის მხარდაჭერის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ.
ჩანაწერებში აღწერილია შემთხვევა, როდესაც ქადაგებისას ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელიც ქადაგებისას კრიტიკულ შეფასებებს იყენებს „ქართლი ოცნების“ მაშინდელი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მისამართით საპატრიარქოში დაიბარეს.
„ერთ-ერთი უკანასკნელი ქადაგებისას [სასულიერო პირმა] აღნიშნა, რომ წინა ქადაგების დროს „მტარვალთა" შორის მოიხსენია პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი (მოიხსენიებს ქართველ ოლიგარქად), რის გამოც იგი დაიბარეს საპატრიარქოში და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა მისცა შენიშვნა-გაფრთხილება, რათა სამომავლოდ აღარ იქადაგოს პოლიტიკური კუთხით. დეკანოზი ეთანხმება შ.მუჯირს და აცხადებს, რომ სასულიერო პირისთვის არ უნდა იყოს დამახასიათებელი ხსენებული ხასიათის ლექსიკა და ისეთი სიტყვების როგორიცაა „მტარვალი"-ს გამოყენება, თუმცა იმ მომენტში იქადაგა როგორც რიგითმა მოქალაქემ, მრევლის მეგობარმა და მოძღვარმა, რომელსაც აღელვებს სახელმწიფოში მიმდინარე პროცესები“.
კიდევ სხვაგან აღწერილია მიტროპოლიტი შიოს პოლიტიკური შეფასებები და მოყვანილია ციტატები ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ბუნების შესახებ:
„მიტროპოლიტი შიო მუჯირი [ახლობელთან] საუბრისას გამოეხმაურა პოლიტიკური პარტია ,,ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის ფაქტს და განაცხადა, რომ მისი ამგვარი ქმედება არაპროგნოზირებადს ხდის ქვეყნის სამომავლო განვითარების პროცესს. მოსაყდრის თქმით, ბ. ივანიშვილი ქვეყანაში იყო მშვიდობის გარანტი და მისი პოლიტიკიდან წასვლა ძალზე სადარდებელია. შ. მუჯირი აქვე აღნიშნავს ბ. ივანიშვილის დადებით დამოკიდებულებას ეკლესიის მიმართ. მიტროპოლიტის განმარტებით, მოქმედ ხელისუფლებას და ეკლესიას შორის გარკვეულ საკითხებზე არსებობდა აზრთასხვადასხვაობა, თუმცა ეს ყველაფერი საჭირო იყო - ,,ოცნების ხელისუფლებას და ეკლესიას შორის იყო გარკვეული უთანხმოება, მათ არ შეეძლოთ სრულად ეჩვენებინათ, რომ ჩვენთან კარგად არიან, ხომ იცი მთელი თამაშია, მაგას ბოლომდე ვერ იზამდნენ, საჭიროა გარკვეულ ძალებს დაანახო, რომ ეკლესიის მიმართ არსებობს კრიტიკა".
ბექა მინდიაშვილის თქმით, გავრცეებული მასალები მოწმობს, რომ ხელისუფლება საპატრიარქოსა და სასულიერო პირების გარკვეულ პროცესებში ჩაბმას ცდილობს. მეორე მხრივ, სასულიერო პირებსაც აქვთ თავიანთი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესები, რის გამოც, ბექა მინდიაშვილის აზრით, ბოლო პერიოდში სახელმწიფო ყველაზე მჭიდროდ თანამშრომლობს ეკლესიასთან და ეს განსაკუთრებით ცხადად ბოლო ორი არჩევნების მაგალითზე ჩანს.