შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს იმ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, გალის რაიონის სკოლებში მოსწავლეებს ქართულ ენაზე განათლების მიღება მე-11 კლასის ჩათვლით აეკრძალათ:
„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად, გრძელდება ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებს და პრინციპებს. მსგავსი უკანონო ქმედებები წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მრავალი წლის მანძილზე წარმოებული ეთნიკური დისკრიმინაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის განადგურებას და მოსახლეობის სრულ ასიმილაციას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების შემდგომ შეზღუდვასთან დაკავშირებით კომუნიკაცია მიმდინარეობს ყველა შესაბამის საერთაშორისო პარტნიორთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აღნიშნავს, რომ საკითხი მთელი სიმწვავით იქნება განხილული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდზე, რომელიც 12-13 ოქტომბერს გაიმართება.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გალის რაიონის სკოლებში, ქართული სწავლება მე-11 კლასის ჩათვლით აიკრძალა. არსებული ინფორმაციით, რუსულ ენაზე სწავლება გალის რაიონში ეტაპობრივად დაინერგა და დარჩენილი იყო მხოლოდ მე-11 კლასი, რომელსაც სწავლა ქართულად უნდა დაესრულებინა. მედიის თანახმად, ქართული ენა და ლიტერატურა გალის რაიონის სკოლებში უცხო ენად იქნება წარმოდგენილი.