სააკაშვილი: ივანიშვილს აღიზიანებდა ყოველთვის ქართული ეკლესია და იყო პატრიარქის პირადი მტერი

მიხეილ სააკაშვილი

სასულიერო პირებთან დაკავშირებული ფაილების გავრცელებას გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი აზრით, გავრცელებულ მასალებზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს.

„ივანიშვილის ამოცანა არის განადგურება ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის. მან პრაქტიკულად გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში და გადმოიტანა იქიდან. მან მთლიანად მოსპო ადგილობრივი თვითმმართველობა, ის შეეცადა ქართული მედიის განადგურებას, არ გამოუვიდა ჯერჯერობით. მას ძალიან აღიზიანებდა ყოველთვის, მე ვარ ამის მოწმე, ქართული ეკლესია და ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი. მე ვარ ამის მოწმე არაერთხელ. ზუსტად ვიცი რაზე ვსაუბრობ.

აქედან წამოვიდა ის პროვოკაცია, ჭორები, სიბინძურე, სისხლის სამართლის საქმეები. ახლა კომპრომატების შეგროვება პირად ცხოვრებაზე და ათასგვარი უბედურება. იმ ხალხს, ვინც იძახის, რომ ივანიშვილი აგრძელებს იმას, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა, ან უფრო რბილად - ამბობენ, ისინი ["ნაციონალური მოძრაობა"] იმიტომ გავაგდეთ, რომ ამას აკეთებდნენ და ამათაც იგივე უნდა ეკეთებინათ?! მე მინდა შეგახსენოთ, ვისაც სკლეროზი არ გაწუხებთ, ერთი შემთხვევა მაინც გამახსენეთ, როდესაც ჩემს დროს გამოსულიყო ვინმეს პირადი ცხოვრების შემცველი მასალები. თუ ვინმე ცალკე რაღაცას აკეთებდა, მე არ ვიცი, ნამდვილად დასასჯელი იყო, თუ რამეს აკეთებდა, აუცილებლად დავსჯიდი, რომ გამეგო. ვინმეს გაუგია, რომ მასობრივად რამის შეგროვება ხდებოდა?! ეს იყო ჭორები და ახლა არის რეალობა“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ივანიშვილს სურს, რომ მთელი ქვეყანა აქციოს ჭაობად. ის გამოსავალზეც ლაპარაკობს: „ერთადერთი გზა არის, რომ ერიც და ბერიც დადგეს ერთად, ერთად შეცვალოს სიტუაცია და გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა საქართველო, ქართული ფასეულობები, გადაარჩინოს ჩვენი ეკლესია, ჩვენი ბავშვების მომავალი. წამმზომი ჩართულია, ჩვენ ვართ გადარჩენის რეჟიმში. ამ გადარჩენაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა“.

ასევე ნახეთ ყველაფერი სასულიერო პირების ცხოვრებაზე - რა ირკვევა ათასობით პირატული ჩანაწერიდან

12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული - ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები სასულიერო პირებს ეხება.

ესაა სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაწერებზე: ეს არის ბინძური პროვოკაცია სახელმწიფოს, ეკლესიის წინააღმდეგ

პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. პროკურატურის თანახმად, გამოძიება დაიწყო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. რაც გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.

ასევე ნახეთ პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

ფაილების ავთენტურობა ამ დროისათვის დადასტურებული არ არის. ამ თემაზე კომენტარი არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გაუკეთებია. ოფიციალური გამოხმაურება არც საპატრიარქოს გაუვრცელებია. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამგვარი ჩანაწერების გავრცელება ადამიანის უფლებების უკიდურესად უხეში დარღვევა და ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევაა.