უკრაინა ადასტურებს, რომ ჩეხეთის ხელისუფლებას სთხოვა დაეკავებინათ ალექსანდრ ფრანჩეტი, რუსეთის მოქალაქე, რომელიც კიევის მხრიდან საერთაშორისო მასშტაბით ძებნილი პირია, და ახლა მის კიევში ექსტრადიციას ცდილობს.
ფრანჩეტის, რომელიც 12 სექტემბერს, პრაღის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, უკრაინა ეძებს მისი სავარაუდო როლის გამო რუსეთის მიერ 2014 წელს უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსირებაში.
"მისი დაკავება იყო შედეგი უკრაინის და ჩეხეთის სამართალდამცველების კოლექტიური ნაბიჯებისა, რათა ალექსანდრ ფრანჩეტი სასამართლოს წინაშე წარდგეს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი რამდენიმე დანაშაულისთვის, მათ შორის, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირებაში მონაწილეობისთვის", - უთხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ოლეჰ ნიკოლენკომ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს 13 სექტემბერს.
კრემლს ამ საქმეზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაკავების გამოძიების ბრძანება გასცა. პრაღაში რუსეთის საელჩოს პრესმდივანმა 13 სექტემბერს თქვა, რომ ფრანჩეტი საპატიმროში მოინახულა რუსეთის საკონსულოს ხელმძღვანელმა.
ფრანჩეტი აქტიური მონაწილე იყო ყირიმში 2014 წელს განვითარებული პროცესებისა. რუსეთის მიერ რეგიონის სამხედრო ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე, მან შექმნა გასამხედროებული დაჯგუფება სახელად "ჩრდილოეთის ქარი", რომელმაც წვლილი შეიტანა ელექტროგადამცემი ხაზების და გაზსადენების ხელში ჩაგდებაში. YouTube-ზე განთავსებულ ინტერვიუში ფრანჩეტი ამბობს, რომ მოქმედებდა ყირიმის პორტ სევასტოპოლში რუსეთის საზღვაო შტაბთან კოორდინაციით.