გაეროში ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი თალიბანს მწვავედ აკრიტიკებს პირობის გატეხვისთვის

მიშელ ბაჩელეტი

გაეროში ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი, მიშელ ბაჩელეტი თალიბანს აკრიტიკებს გასულ თვეში, ხელისუფლების მოპოვების შემდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო, იმ ფონზე, როცა გაერო მასპინძლობს დონორების მაღალი დონის კონფერენციას, რომელზეც 600 მილიონი დოლარი უნდა შეგროვდეს ავღანეთში კარსმომდგარ ჰუმანიტარულ კრიზისთან გასამკლავებლად.

ავღანეთი "ახალ და სახიფათო ფაზაშია", რომელშიც ბევრი ქალი, ეთნიკური ჯგუფების და რელიგიური თემების წევრები თავიანთი უფლებების დაცვის საკითხით შეშფოთებულები არიანო, უთხრა ბაჩელეტმა ჟენევაში ადამიანის უფლებების საბჭოს, 13 სექტემბერს.

"ყურადსაღებია, რომ ქალთა უფლებების დაცვაზე თალიბანის განცხადებების მიუხედავად, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქალებს სულ უფრო მეტად რიყავენ საჯარო სფეროდან", - თქვა მან თავის გამოსვლაში.

ავღანეთსა და საერთაშორისო თანამეგობრობაში არსებული იმედისთვის - რომ თალიბანის მეორე მმართველობის პერიოდი ოცი წლის წინანდელთან შედარებით უფრო ნაკლებად შემზღუდველი იქნებოდა - დარტყმა იყო ის, რომ თალიბანმა მთავრობაში მხოლოდ კაცები დაასახელა, მათ შორის მკაცრი შეხედულებით გამორჩეული ბევრი პირი, რომლებიც შარიათის კანონებთან დაბრუნების პირობას დებენ.

ბაჩელეტმა იმედგაცრუება გამოხატა "ინკლუზიურობის ნაკლებობაზე" მთავრობაში, რომელშიც, მისი თქმით, "არ შედიან ქალები და მხოლოდ რამდენიმე არაპუშტუნია". ბაჩელეტმა მოიტანა "სარწმუნო ცნობები შურისძიების მიზნით ჩადენილი მკვლელობების" შესახებ, რისი სამიზნეც ეროვნული უსაფრთხოების ძალების ყოფილი წევრები ხდებიან და შეეხო წინა ადმინისტრაციისთვის მომუშავე პირების თვითნებური დაპატიმრების პრობლემას.

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულ დონორთა კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები, ისევე, როგორც მსოფლიოს გარშემო 40-მდე ქვეყნის მთავრობების მინისტრები.

ავღანეთი გვალვის, ადამიანთა იძულებით გადაადგილების და ჰუმანიტარული კრიზისის პრობლემების წინაშე იდგა ჯერ კიდევ მანამ, სანამ თალიბანი აგვისტოს შუა პერიოდში ქაბულში დაამხობდა დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ მთავრობას. გაეროს თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული. გაეროს სააგენტოები იუწყებიან, რომ საბაზისო სერვისები ავღანეთში კოლაფსის პირასაა, და აცხადებენ, რომ ჰუმანიტარული დახმარება შესაძლებელს გახდიდა ჯანდაცვის სფეროს, წყლის მიწოდების და სანიტარული ინფრასტრუქტურის მუშაობას.

ბევრი ქვეყანა გამოთქვამს მზაობას, ავღანეთის დასახმარებლად გაიღოს ჰუმანიტარული დახმარება, მაგრამ არსებობს შეშფოთება ასობით მილიონი დოლარის გადაცემაზე თალიბანისთვის - რადგან ქვეყანას ახლა ეს ჯგუფი მართავს. ისმის მოწოდებები, რომ გამოყოფილ დახმარებას თან უნდა დაერთოს პირობების შესრულების მკაცრი ვალდებულება.