სკოლის პედაგოგების და სხვა თანამშრომლების აცრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციის თანამშრომელთა ვაქცინაციის მაჩვენებლებს შორის დაახლოებით 5-7%-იანი სხვაობაა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, ცენტრმა სკოლებში აცრის მაჩვენებლები გასულ კვირაში შეისწავლა და გაარკვია, რომ საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55% მინიმუმ ერთი დოზითაა აცრილი, ხოლო სრულად აცრილია 33%. პედაგოგების მინიმუმ ერთი აცრის საშუალო მაჩვენებელია 58%, საიდანაც სრულად აცრილია 36%.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, პედაგოგებიდან მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 64%, ხოლო სრულად 44%. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სკოლებში ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი,70% თბილისშია.

ასევე ნახეთ პირველკლასელები სწავლას, დიდი ალბათობით, 4 ოქტომბერს დაიწყებენ სკოლის შენობაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, ოქტომბრიდან სწავლა აუცილებლად საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს, ამიტომ ოქტომბრამდე დარჩენილი დრო ვაქცინაციისთვის აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული. გამყრელიძის თქმით, სასურველია, რომ სკოლების პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებში აცრის მაჩვენებელი 80% იყოს. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ბაშვების უსაფრთხოებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ პედაგოგების, არამედ ოჯახის წევრების ვაქცინაციაც.

15 სექტემბერს, საქართველოში ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყება. ეპიდსიტუაციის მიხედვით, საკლასო ოთახებში პროცესის გაგრძელება 4 ოქტომბრიდან იგეგემება.