მედიით ვრცელდება, თითქოს, სუს-ის მიერ სასულიერო პირებზე ფარული მიყურადების შემცველი ჩანაწერები

მედია ავრცელებს, მათი ინფორმაციით, ღია ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებულ ჩანაწერებს, რომელიც, ინკოგნიტო გამავრცელებლის მტკიცებით, შეიცავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული მიყურადების გზით მოპოვებულ ოპერატიულ მასალებს.

საუბარია სამი ათასამდე დოკუმენტზე, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეეხება.

მედია გამოთქვამს ვარაუდს, რომ ინფორმაცია სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა, ვინადან გავრცელებული დოკუმენტები შეიცავს შემდეგი შინაარსის მიმართვას:

ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს - ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით! ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის... ჩვენ არ გვადარდებს, რომ რუსეთის საშინელი სიბნელე მოდებულია ყველგან ყველაფერს საპატრიარქოში - ამას არც ვებრძვით, არც ვეწინააღმდეგებით. მხოლოდ ჩვენი ბატონების კეთილდღეობაა ჩვენი ზრუნვის საგანი, მათი კომფორტი და უსაფრთხოება!.. აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას - გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა! მე არ მეძებოთ - ვერ მიპოვნით მაინც! ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!“

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიასთან საუბარში ამბობს, რომ ეს არის ეკლესიის დისკრედიტაციის ცდელობა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული ტელევიზიების მხრიდან.

მე მითხრეს, რომ გავრცელდა ეკლესიის მადისკრედიტირებელი რაღაცა გადაცემა. ეს არის მუდმივი კამპანია. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მასთან დაკავშირებული ტელევიზიები ცდილობენ მუდმივად ეკლესიის დისკრედიტაციას. თუმცა, ეს მცდელობები არის წარუმატებლობისთვის განწირული. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე, როდესაც კონკრეტული პარტიები და ტელევიზიები ეწევიან ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე და ისინი ამისთვის მიღებენ სათანადო პასუხს საზოგადოებისგან, პირველ რიგში, ამ არჩევნებზე“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ პირადად არ გასცნობია გავრცელებულ მასალებს. თუმცა აღნიშნავს, რომ თუ ასეთი ჩანაწერები მართლაც გავრცელდა, ეს არის ადამიანის უფლებების უკიდურესად უხეში დარღვევა და ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა.

ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების სამსახურს აქვს შესაძლებლობა და არ არსებობს მასზე კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რომ დავიცათ თავი ჩვენს პირად ცხოვრებაში მათი უკანონო ჩარევისგან, ეს არის ფაქტი. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული მოსმენების დღევანდელი მექანიზმი“, - ამბობს ნინო ლომჯარია.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისთვის. პასუხს გამოვაქვეყნებთ მიღებისთანავე.