თბილისის მოქმედი მერი და დედაქალაქის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ კახა კალაძე უარს ამბობს ოთხი ტელევიზიის შეთავაზებაზე, გაიმართოს საერთო დებატები ბოლო გამოკითხვებით ყველაზე რეიტინგული სამი კანდიდატის მონაწილეობით. კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, რომ არ აპირებს შეთავაზების ინიციატორ ტელევიზიებში მისვლას:
„ამას აქვს თავისი ახსნა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რაც ჩემთვის პირადად გულდასაწყვეტია იმიტომ, რომ მე არასდროს თქვენთვის არ მიკადრებია ისეთი რაღაცეები, რასაც აკეთებთ ჩემს წინააღმდეგ და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. შესაბამისად, არ ვთვლი, რომ უნდა მივიდე ასეთ ტელევიზიაში, რომელიც დაკავებულია ცილისწამებით, ტალახის სროლით, შეურაცხყოფით, უკვე ჩემზეც აღარ გაჩერდნენ და ჩემი ოჯახის წევრებზე არიან გადასულები“, - უთხრა კახა კალაძემ მედიას.
ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, რომ ოპონენტების შეფასებით, მას მათთან დებატების ეშინია, კახა კალაძემ განაცხადა: „კი, აი, შიშით ფეხები მიკანკალებს“. მისივე თქმით, გიორგი გახარია და ნიკა მელია სხვა კანდიდატებისგან არაფრით განსხვავდებიან, მათ შორის, რეიტინგით და, შესაბამისად, დებატებში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაიმართება არა სამი, არამედ ყველა კანდიდატის მონაწილეობით.
ტელეკომპანიებმა „ფორმულამ", „მთავარმა არხმა", „ტვ პირველმა" და „კავკასიამ" 10 სექტემბერს საჯაროდ მიიწვიეს დებატებზე თბილისის მერობის სამი კანდიდატი, რომლებიც, მათი განცხადებით, ბოლო გამოკვლევების თანახმად, მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობენ.
ეს კანდიდატები არიან: კახა კალაძე („ქართული ოცნება"), ნიკა მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ოპოზიციის ნაწილი) და გიორგი გახარია („საქართველოსთვის").
სამივე კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, დებატები გაიმართება ოთხივე არხის ერთიან ეთერში, 28 სექტემბერს, 22:00 საათზე.
გიორგი გახარიამ კახა კალაძე და ნიკა მელია დებატებში 2 სექტემბერს გამოიწვია. კახა კალაძემ საპასუხოდ მაშინაც განაცხადა, რომ მხოლოდ გახარიასა და მელიასთან დებატებზე თანახმა არ არის.
ასევე ნახეთ გიორგი გახარია კახა კალაძეს და ნიკა მელიას დებატებში იწვევს„კახა კალაძე დაუჯდება ყველას აბსოლუტურად, ამის შესაძლებლობა იქნება, შეიქმნება შესაბამისი პლატფორმა, გვექნება შესაძლებლობა, როგორც ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებშია, წარიმართოს დებატები“, - თქვა თბილისის მერმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, დედაქალაქის მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძოლებს.