აზერბაიჯანი უმასპინძლებს სამხედრო წვრთნას, რომელშიც თურქი და პაკისტანელი სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბაქო 12 სექტემბრიდან უმასპინძლებს ერთობლივ სამხედრო წვრთნას, რომელშიც მასპინძელი სახელმწიფოს გარდა, თურქეთისა და პაკისტანის სამხედრო ქვედანაყოფებიც მიიღებენ მონაწილეობას.

აზერბაიჯანის სამხედრო უწყების თანახმად, წვრთნა, სახელწოდებით „სამი ძმა 2021“, მიზნად ისახავს როგორც „მშვიდობიან, ისე საომარ დროს საბრძოლო ოპერაციების განხორციელების მიზნით“ სამი ქვეყნის სპეცდანიშნულების ძალების ურთიერთავსებადობის გაძლიერებას.

წლის დასაწყისში ბაქოში აზერბაიჯან-თურქეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნა გაიმართა.

გასულ წელს თურქეთმა ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო ეთნიკური სომხური ძალების წინააღმდეგ მიმართული საბრძოლო მოქმედებების დროს.