დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანთან ჰომინიდების (პირველყოფილი ადამიანების) გავრცელების ახალი კერა გამოვლინდა. წინასწარი ვარაუდით, აღმოჩენა 1.77-1.84 მილიონი წლით თარიღდება. ეს დროის იგივე პერიოდია, რომელსაც დმანისის უფრო ადრინდელი „გმირები“ ზეზვა და მზია მიეკუთვნებიან.
ჰომო ერექტუსი ადამიანის ერთ-ერთი წინაპარია. ის უკვე ორ ფეხზე დგას, სიმაღლეში დაახლოებით 130 სანტიმეტრს აღწევს, ტვინი პატარა აქვს, სავარაუდოდ ვერ ლაპარაკობს და არც ცეცხლის დანთება შეუძლია, მაგრამ იცის პრიმიტიული იარაღების დამზადება და გამოყენება.
აფრიკის შემდეგ ჰომინიდების ყველაზე ძველი ნაშთები დმანისშია აღმოჩენილი. „დმანისში ჰომო ერექტუსის უფრო მეტი თავის ქალაა ნაპოვნი, ვიდრე მთელ აფრიკის კონტინენტზე. ამიტომ ვფიქრობდით, რომ ეს პოპულაცია გარშემოც იქნებოდა გავრცელებული“, - ამბობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევართა გუნდის ხელმძღვანელი გიორგი ბიძინაშვილი.
ქვემო ოროზმანთან გათხრები უკვე მეოცე დღეა მიმდინარეობს. მართალია, ადამიანის ძვლები ჯერ არ უპოვიათ, მაგრამ იპოვეს ადამიანის, ამ შემთხვევაში ჰომო ერექტუსის, მიერ დამზადებული ქვის იარაღები, რაც ექსპედიციის წევრების თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ ტერიტორია ჰომინიდებით იყო დასახლებული.
ეს ადგილი გასათხრელად ჯერ კიდევ 2019 წელს შეიგულეს, როდესაც თბილისისკენ მიმავალი არქეოლოგები სოფელ ოროზმანის ფერდობთან შეჩერდნენ. „მახსოვს ის მომენტი, როდესაც პალეონტოლოგმა ნიკა ვანიშვილმა მიწიდან ხმალკბილა ვეფხვის კბილის ნაწილი გამოაძრო და ყველამ თვალები დავჭყიტეთ - ხმალკბილა ვეფხვი მილიონ-ნახევარი წლის მერე აღარ არსებობს. მეც ანატკეცი გამოვაძრე. ერთმანეთს შევხედეთ და ორივემ უკვე კარგად ვიცოდით, რასთან გვქონდა საქმე“, - ჰყვება გიორგი ბიძინაშვილი.
თენგიზ მეშველიანი, პალეოანთროპოლოგიისა და პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი: „ძალიან საინტერესოა, თუნდაც იმიტომ, რომ აქ ფაუნა ნახეს, მით უფრო, თუ ეს ქვის მასალაც დადასტურდა. აქ ყველაფერი დმანისზეა მიბმული, რადგან დმანისში აღმოჩნდა, სხვაგანაც იქნება დამადასტურებელი ნიშნები, მარტო ერთ ადგილას ხომ არ მივიდოდა“.
გათხრების შედეგად აღმოჩნდა უამრავი ცხოველის ნაშთი, აქ არის ანტილოპა, ხმალკბილა ვეფხვი, კატა და, სავარაუდოდ, ეტრუსკული მგელიც.
ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ოროზმანი ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს. დღეს უკვე რეალური ფაქტი გახდა ის, რომ დმანისი არ არის ერთადერთი ძეგლი, რომელიც ადრეული ეპოქების ნაშთებს ინახავს.
ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი ბიძინაშვილი ამბობს, რომ გათხრების გასაგრძელებლად საჭიროა ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდანაც, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ არქეოლოგიური კერა გადაიხუროს და წვიმისგან არ დაზიანდეს. ამ ეტაპზე სამუშაოები ძირითადად კერძო კომპანიების მიერ არის დაფინანსებული.