„ვერ აღიქვამენ, რომ ჩემი, მოდელის გარეშე, ფოტოგრაფისა და ვიზაჟისტის გარეშე, მათი პროექტი ვერ შედგება. ჩვენ ვართ ამ ყველაფრის ნაწილი და არ ვართ პატარა ნაწილი“, - ლიკა რიგვავა, 24 წლის, მოდელი.
რატომ ახლა?
მოდელები რადიო თავისუფლებასთან ჰყვებიან, რომ პრობლემები ინდუსტრიაში - დიზაინერებთან, სააგენტოებსა და თბილისის მოდის კვირეულთან შრომით ურთიერთობებში - ყოველთვის არსებობდა, ოღონდ დახურულ კარს მიღმა.
2018 წელს მოდელები პირველად დასხდნენ, ჩამოწერეს პრობლემები, მოითხოვეს ჰონორარის გაზრდა, კვებისა თუ ტრანსპორტირების საკითხების მოგვარება. მათივე ინფორმაციით, მოდის კვირეულმა ვალდებულებების ნაწილი დიზაინერებს გადააბარა. ზოგმა გაითვალისწინა, ზოგმა - არა.
„დამწყები მოდელების გამო გადავწყვიტე ამ ყველაფერზე საუბარი. ბავშვობაში ეს ყველაფერი მეც მიმაჩნდა ნორმალურად“, - ანა გავვა, 25 წლის, მოდელი.
პირველი ნაბიჯები: არასრულწლოვნებით მანიპულაცია
ლიკა რიგვავა 13 წლიდან მოდელია. ერთ-ერთ სააგენტოსთან 7-წლიანი თანამშრომლობის შეწყვეტა როცა დააპირა, კონტრაქტში აღმოაჩინა „კაბალური პირობები, რომელსაც მოვაწერე ხელი, როდესაც ვიყავი 13 წლის. დიდად გაცნობიერებული არც მქონდა, რას ვაწერდი ხელს, უფრო ვიყავი აჟიტირებული იმ ყველაფრისგან, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა“.
მოდელები - რომელთაც რადიო თავისუფლება ესაუბრა - მსგავს გამოცდილებაზე ჰყვებიან. ირკვევა, რომ სამოდელო სააგენტოები მოზარდებთან ზოგ შემთხვევაში კაბალურ კონტრაქტებს აფორმებენ, რომელებიც მოდელ ბავშვებს ავალდებულებს, სააგენტო სამსახურიდან წასვლამდე 2 წლით ადრე გააფრთხილონ. მაშინ, როცა ეს კონტრაქტები სულ სამწლიანია. ხელშეკრულების გაწყვეტა კი უზარმაზარ - ზოგიერთ შემთხვევაში 50 000 ევრომდე - ჯარიმებს ითვალისწინებს. გარდა ამისა, მოდელი ვალდებულია, სააგენტოს შეატყობინოს გარეგნობის ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
სულ მიქმნიდნენ შთაბეჭდილებას ბავშვობაში, რომ მე ვმუშაობ სააგენტოზე- ლიკა რიგვავა
ასეთი პირობებით დადებული კონტრაქტები ხშირად არასრულწლოვანი, დამწყები მოდელების მანიპულაციის საფუძველი ხდება.
ლიკა რიგვავა იხსენებს, რომ 17 წლის იყო, როცა თავის პირველ სააგენტოს წასვლის შესახებ შეატყობინა. მოდელს ამ გადაწყვეტილების გამო - „როგორ ბედავ ამის გაკეთებასო“ - რამდენიმე აღშფოთებული ადამიანი ერთდროულად „დაესხა თავს“.
„სულ მიქმნიდნენ შთაბეჭდილებას ბავშვობაში, რომ მე ვმუშაობ სააგენტოზე. რეალურად ასე არაა. ჩვენ ვმუშაობთ ერთად. ერთმანეთისთვის და ერთად“, - ამბობს ლიკა.
Your browser doesn’t support HTML5
ანა გავვა იხსენებს, რომ პირველი ორი წელი მისი სააგენტო არაფერს აკეთებდა მისი კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის. მისივე თქმით, როდესაც სააგენტოში გადაღებები იგეგმებოდა მოდის კვირეულისთვის ან სხვა მიზეზით, მას არასდროს ატყობინებდნენ.
„მე კი თვითშეფასება დამივარდა, ვფიქრობდი, ჩემი ადგილი ამ სფეროში არ არის-მეთქი. მქონდა პერიოდი, როცა აღარ მინდოდა ამ სფეროში ყოფნა“, - ამბობს ანა და განაგრძობს: „როცა მოვიკითხე, რატომ არ ზრუნავდნენ ჩემზე, უბრალოდ პასუხს არ მცემდნენ. როცა ვუთხარი, რომ მინდოდა სააგენტოდან წასვლა, მივიღე პასუხად, როგორ გავბედე საერთოდ ამაზე საუბარი. მითხრა [სააგენტოს წარმომადგენელმა], არც სააგენტოდან გაგიშვებ და არც არაფერს გაგიკეთებო“.
უფასო და ზეგანაკვეთური გადაღებები
მოდელების მტკიცებით, ხშირად მომხდარა, რომ მათ სააგენტომ უფასო გადაღებებში მიაღებინა მონაწილეობა, განსაკუთრებით სამუშაოს დაწყების საწყის ეტაპზე. სააგენტოები მათ ეუბნებიან, რომ ეს აუცილებელია პრაქტიკის მისაღებად.
დასავლეთში ასეთ გადაღებებს Test-Shooting (სატესტო გადაღება) ეძახიან, რაც ნიშნავს, რომ გადაღებისას შექმნილი ვიზუალური მასალა სააგენტომ არ უნდა გამოიყენოს მოგების მისაღებად. საქართველოში ასე არ ხდება.
„ძალიან ბევრი წელი ვმუშაობდი მე პირადად უფასოდ, ან მიზერულ ჰონორარზე, იმიტომ, რომ იმ პერიოდში, როგორც იყო ჩამოყალიბებული, სხვა მოდელებსაც რომ ვუყურებდი, ძალიან ბუნებრივი და ნორმალური იყო“, - ამბობს ლიკა.
მოდელების თქმით, ხშირად, გადაღებებზე მონაწილეობა სიტყვიერად თანხმდება. ყოფილა შემთხვევები, როცა დიზაინერი თანხას არ იხდის, რასაც სამართლებრივად ვერავინ აიძულებს.
ისინი ითხოვენ, რომ ნებისმიერი შრომითი ურთიერთობა სამართლებრივად, ხელშეკრულებით ფორმდებოდეს - კონკრეტულად განისაზღვროს ადგილი, ანაზღაურება და სამუშაო საათები.
„მივსულვარ ჩვენებაზე და უთქვამთ, შენ ჩვენებაზე არ ხარ. როცა უკვე რეპეტიციაც გავლილი მაქვს, ტანსაცმელიც მორგებული მაქვს. ჩვენებიდან რომ ამოგიღონ, ბუნებრივია, მაგრამ ამას არ გვატყობინებენ და უნდა გაფრთხილებდნენ რამდენიმე დღით ადრე“, - ამბობს ანა და ამატებს: „არანაირ თანხას არ გიხდიან. ამდენი ადამიანის წინაშე არ იცი, რა გააკეთო, უხერხულად გრძნობ თავს“.
არასდროს ვიცი რამდენი ხანი გაგრძელდება გადაღება- თათია ახალაია
ზეპირი შეთანხმების გამო, ძირითადად, დიზაინერის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, აუნაზღაურებს თუ არა მოდელს დამატებით სამუშაოს.
„საქართველოში როცა ვმუშაობ, წინასწარ არასდროს ვიცი, რამდენი ხანი გაგრძელდება გადაღება“, - ამბობს თათია ახალაია, 25 წლის და განაგრძობს: „თავიდან რომ დავიწყე მუშაობა ამ სფეროში, შეიძლება გადაღება ყოფილიყო 12-13 საათი. მაშინ მეგონა, რომ ეს ნორმალური იყო და ზოგადად გადაღებები ასე მიმდინარეობდა“.
„შეიძლება მიხვიდე და გითხრან, რომ 12 „ლუქი“ უნდა გადავიღოთ და აღმოჩნდება, რომ 30 „ლუქია“. ძალიან ხშირად ხდებოდა ასე, პირველი სამი წელი, სანამ გამოცდილებას მივიღებდი. ახლა წინასწარ ვათანხმებ ყველაფერს“, - ამბობს ანა.
20 დღე თუ 20 წელი?
საქართველოში არ არის განსაზღვრული ვიდეო- და ფოტომასალის გამოყენების პირობები, ამბობს თათია ახალაია. მისივე განმარტებით, მოდელებს თანხას უხდიან არა იმის გამო, თუ რამდენ საათს დაუთმობენ გადაღებას, არამედ იმის მიხედვით, გამოიყენებენ თუ არა მასალას.
„მქონდა შემთხვევა, როცა ჩემი 4 წლის წინანდელი ვიდეო, რომელიც გადავიღეთ უბრალოდ სოციალური ქსელისთვის, გამოიყენეს ბილბორდზე. ამისთვის კი არაფერი გადაუხდიათ, როცა ბილბორდი მოდელისთვის არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო“, - ამბობს თათია და განაგრძობს: „ეს შემთხვევა ყველაზე უხეში დარღვევაა ჩემი უფლებების“.
თბილისის მოდის კვირეული
ზეგანაკვეთური სამუშაოს პრობლემა, მოდელების მტკიცებით, განსაკუთრებით თბილისის მოდის კვირეულზე წამოიჭრება ხოლმე.
მათივე ინფორმაციით, რეპეტიციები ტარდება კვირეულის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, თუმცა ეს დრო სამუშაო საათებად არ ითვლება და ამ დღეებში ფულს არავინ იხდის.
ჩვენება თუ არის ორ დღეში, შეიძლება რეპეტიციაზე დაგიბარონ ორი დღით ადრე, ღამის 12 საათზე და დააგვიანოს კიდევ 2 საათი.- თათია ახალაია
„ჩვენება თუ არის ორ დღეში, შეიძლება რეპეტიციაზე დაგიბარონ ორი დღით ადრე, ღამის 12 საათზე და დააგვიანოს კიდევ 2 საათი“, - ამბობს თათია ახალაია.
ტრანსპორტირება არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც მოდელები საუბრობენ. მათი თქმით, ერთი ჩვენებიდან მეორეზე სტუმრები უფრო მალე მიდიოდნენ, ვიდრე მონაწილე მოდელები.
„კომენდანტის საათის პერიოდში მოდელების ქუჩაში დატოვების ფაქტიც კი მოხდა მოდის კვირეულზე. პირველი ჩვენება, რისი ჩაწერაც ხდებოდა ამ დღეს, გაგრძელდა ძალიან დიდხანს, რამაც ავტომატურად გამოიწვია მეორე ჩვენების დროის გადაწევა და მოყვნენ მოდელები „კომენდანტის საათში“. აღმოჩნდა, რომ არავის უფიქრია იმაზე, ვის უნდა მოეხდინა მოდელების ტრანსპორტირება. კვირეულის პასუხი იყო, რომ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს დიზაინერი. დიზაინერის პასუხი იყო, რომ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კვირეული. ანუ ყოველთვის მიდის ისრების გადახრა ერთმანეთზე. დაზარალებული კი, საბოლოო ჯამში, ჩვენ [მოდელები] გამოვდივართ და მაინც არავინ აგვარებს ჩვენს პრობლემას“, - ამბობს ლიკა რიგვავა.
თათია ახალაიას თქმით, მოდელების აღშფოთებას და კრიტიკულ შენიშვნას ბულინგსა და დამცირებას უპირისპირებენ. კომენდანტის საათის ინციდენტზე პრეტენზიის გამო, „ხელმძღვანელმა მოდელი ჩვენებებიდან ამოაღებინა დიზაინერებს და უზრდელი უწოდა“.
პირადი სივრცე
მოდელების თქმით, „ბექსთეიჯში“ (კულისები, სადაც მოდელები ტანსაცმელს იცვლიან) არ არსებობს მათთვის გამოყოფილი ინდივიდუალური სივრცე. მათ უწევთ ძირს ჯდომა, საკუთარი ტანსაცმლის ძირს დაყრა. ყველაზე პრობლემური კი ისაა, რომ უამრავი უცნობი ადამიანი შედის იქ, სადაც მოდელები შიშვლები ან ნახევრად შიშვლები შეიძლება იყვნენ.
ტელევიზიით გასულა დიზაინერი ლაპარაკობს და უკან შიშველი ადამიანები დგანან- თათია ახალაია
„ძალიან ბევრი ადამიანი შემოდის, დაცვიდან დაწყებული, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უყუროს შიშველ მოდელებს, ძირითადად, არასრულწლოვნებს. პირდაპირი დარღვევაა მათი უფლებების და ამაზე პრეტენზიის გამოთქმაც თითქოს ცუდი ტონია, იმიტომ, რომ მოდელი თუ ხარ, თავისთავად ეგეც არ უნდა იყოს შენთვის პრობლემა“, - ამბობს თათია ახალაია და ამატებს: „ყოფილა შემთხვევები, რომ ტელევიზიით გასულა, დიზაინერი ლაპარაკობს და უკან შიშველი ადამიანები დგანან. ადამიანებს აღიქვამენ როგორც ნივთებს, არავის უფიქრია, რომ უკან მყოფ ადამიანს შეიძლება ამაზე პრობლემა ჰქონდეს“.
რადიო თავისუფლებამ კომენტარი სთხოვა თბილისის მოდის კვირეულის ხელმძღვანელს. სოფო ჭყონიამ მოგვწერა, რომ საქართველოში არაა და ამ თემაზე კომენტარს აღარ აკეთებს. სხვადასხვა დროს, ამ საკითხზე მან განაცხადა, რომ პრობლემები, რომლებსაც მოდელები ახმოვანებენ, კვირეულის ორგანიზატორებს არ ეხება და მათი მოგვარება დიზაინერების ვალდებულებაა.
„რაც შეეხება კვირეულს, ფორმატი იცვლება და იმედი მაქვს, გაზაფხულზე ისევ ჩავატარებთ, თუ შევძლებ საქართველოში მოდის სფეროში მუშაობის გაგრძელებას, რადგან საზღვარგარეთ დავიწყე მუშაობა და თანამშრომლობა. წარმატება მინდა ვუსურვო ქართველ მოდელებს და დიზაინერებს“, - მოგვწერა მან.